როცა ხალხი გამოთქვამს უკმაყოფილებას ნამოხვანჰესთან დაკავშირებით, პროექტისადმი ზედმეტად ლოიალურად განწყობილი მინისტრი მათ ამშვიდებდა, ინვესტორი მიწას ზურგზე არ მოიკიდებსო. ვნახოთ, რა შეიძლება დაემართოს თუნდაც იმ 15 კილომეტრიან მონაკვეთს, რომელიც ცნობილია ტვიშის მიკროზონად და რომელსაც, მთავრობის აზრით, ზურგზე არავინ იკიდებს,- ამის შესახებ, სამოქალაქო აქტივისტი დავით სიმონია სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ნამოხვანჰესის აშენების შემთხვევაში, ამ მიკროზონას ორივე მხრიდან შეუდგება წყალი, რაც გაზრდის ნესტს. მოიმატებს ვენახის დაავადებათა რისკი და შემცირდება ყურძნის გამძლეობა.
"ტვიშის მიკროზონა ვრცელდება ტვიშიდან ალპანამდე. ამ ადგილებში მოყვანილი ყურძენი განსაკუთრებულად ფასობს და მისგან მზადდება მსოფლიო მასშტაბით უნიკალური ღვინო. ყურძნის განსაკუთრებულობას განაპირობებს ნიადაგის სიჭრელე, ქარის ინტენსივობა, ჰაერის ზომიერი ტენიანობა და მზისგან გამთბარი ხვამლის ფერდობი, რომელიც 5-6 საათით ადრე ცივდება. ეს ყველაფერი ყურძენს უნარჩუნებს ბუნებრივ სიტკბოს, რომელიც ღვინოში ფოიერვერკივით ფეთქდება და სომელიეებს გაზაფხულის ზეიმს აგონებს.
ნამოხვანჰესის აშენების შემთხვევაში, ამ მიკროზონას ორივე მხრიდან შეუდგება წყალი, რაც გაზრდის ნესტს. მოიმატებს ვენახის დაავადებათა რისკი, შემცირდება ყურძნის გამძლეობა, სიუხვე და თუკი საერთოდ, შესაძლებელი იქნება ვენახის გაშენება, მოსავალი არათუ ძველებურად ღირებული, არამედ გამოუსადეგარი გახდება. ცხადია, ადგილობრივები ვეღარ შეძლებენ დაკავდნენ მევენახეობით, რაც გამოიწვევს სოფლის დაცლას, საბოლოოდ კი - ნგრევას.
როცა ხალხი გამოთქვამს უკმაყოფილებას ნამოხვანჰესთან დაკავშირებით, არავის ჰგონია, რომ მიწას ზურგზე მოიკიდებენ, თუმცა ყველამ კარგად იცის, რა ფატალური შედეგებით დასრულდება მრავალგზის დაწუნებული, ნაფტალინის სუნით აქოთებული პროექტი. ლეჩხუმის ბურჯი - მევენახეობა მოიშლება, ნანგრევებში კი მოყვება მრავალსაუკუნოვანი კუთხის მშვენიერება და მისი უზარმაზარი პოტენციალი. როგორ ფიქრობთ, ამ მიწის ზურგზე მოკიდება უფრო დრამატული იქნება თუ მისი პოტენციალის სრული განადგურება? ადგილობრივებისთვის ეს ერთი და იგივეა.
#არანამოხვანჰესს" - წერს დათო სიმონია.
ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge