დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

გახანგრძლივდება თუ არა უქმე დღეები და ტრანსპორტის შეზღუდვა 05.05.2021 13:17

“საზოგადოებრივი განწყობისა და პროტესტის ფონზე, მთავრობამ შეზღუდვები ირიბად, თუმცა მაინც შემოიღო. დაწესებულმა უქმე დღეებმა გაუარესებული ეპიდმდგომარეობა უნდა გამოასწოროს და ინფიცირების მაჩვენებელი შეამციროს. თუ მდგომარეობა გაუარესდება, შესაძლებელია, შეზღუდვები კიდევ გაგრძელდეს, რის შედეგადაც არა მხოლოდ მოსახლეობა, არამედ ეკონომიკაც ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება, ამიტომ საინტერესოა, საკმარისია თუ არა ერთკვირიანი უქმეები ეპიდმდგომარეობის დასტაბილურებისთვის?”- წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით გახანგრძლივდება თუ არა უქმე დღეები და ტრანსპორტის შეზღუდვა? - ეპიდემიოლოგებში ეს სცენარიც განიხილება / ერთ კვირაში ეპიდსიტუაციის გამოსწორება შეუძლებელია, შესაძლებელია მხოლოდ, თავიდან ავიცილოთ ინფიცირების მკვეთრი ზრდა.

 

“ეპიდემიოლოგები კარგა ხნის წინ ამბობდნენ, რომ თუ დადებითობის მაჩვენებელი 4-4,5%-ს გადასცდებოდა, შეზღუდვების დაწესება გარდაუვალი იქნებოდა. ბოლო პერიოდში ეს მაჩვენებელი დასახელებულ ზღვარს აღემატება, გუშინ კი ნიშნულმა 8%-ს გადააჭარბა. იმ შემთხვევაში, თუ ირიბად შემოტანილი აკრძალვებით მდგომარეობა არ გამოსწორდება, შესაძლებელია, რეგულაციები გახანგრძლივდეს. ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე ადასტურებს, რომ ეპიდმდგომარეობა გაუარესებულია, რაც უქმე დღეებმა უნდა გამოასწოროს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობა რეგულაციებს არ დაიცავს, შესაძლოა, შეზღუდვების გაგრძელება ისევ დადგეს დღის წესრიგში. “ფაქტია, რაღაც უნდა გაკეთებულიყო, რადგან მომატებულია ინფიცირების შემთხვევები. ეს არ არის დღევანდელი და გუშინდელი შედეგი, ეს არის წინა დღეების “ვალი”. ეს იმიტომ მოხდა, რომ ადამიანები ნაკლებად იცავდნენ დისტანციას. ყველაზე მნიშვნელოვანი ტრანსპორტია, სწორედ იქ ხდება ხშირად ადამიანების დაინფიცირება, ამიტომ ძალიან კარგია, რომ ცოტა ხნით შეიზღუდა. უქმე დღეების შედეგი მოგვიანებით გამოჩნდება, როცა შეზღუდვები მოიხსნება”, - თვლის ხმალაძე, რომლის თქმით, “მატება თუ ისევ გაგრძელდება, შესაძლოა, ახალი რეგულაციები დაწესდეს ან გახანგრძლივდეს კიდეც“, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“პირბადის ტარება, დისტანცირება, თავშეყრა - ეს ის რეგულაციებია, რომლებიც მოსახლეობამ უნდა დაიცვას, თუმცა ასე სულ უფრო ნაკლებად ხდება, რის გამოც საგრძნობლად მოიმატა ინფიცირების შემთხვევებმა. ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა დაუფარავად ამბობს, რომ ერთკვირიანი უქმეებით ეპიდსიტუაციის ბოლომდე დასტაბილურებას ვერ შევძლებთ, თუმცა აუცილებელია, მოსახლეობამ მკაცრად დაიცვას რეგულაციები. “რთული სათქმელია, რამდენად საკმარისი იქნება ერთკვირიანი უქმე დღეები, რომ მობილობა შემცირდეს და ეპიდმდგომარეობა გაუმჯობესდეს. ჩემი აზრით, გარკვეული შედეგი უნდა გამოიღოს, მაგრამ თუ რეკომენდაციები არ შესრულდება, შესაძლებელია, კიდევ გაუარესდეს მდგომარეობა. საერთოდ, ერთ კვირაში ეპიდსიტუაციის სტაბილიზაცია რთულია, უბრალოდ შესაძლებელია, თავიდან ავიცილოთ ინფიცირების მკვეთრი ზრდა, ამბობს გოგინავა, რომლის აზრით, “უქმე დღეების გაგრძელება სხვა პრობლემებთან არის დაკავშირებული”, - განაგრძობს გამოცემა.

 

“საზოგადოებრივი ტრანსპორტი ადამიანებისთვის მნიშვნელოვანი გადაადგილების საშუალებაა და ამიტომ ვფიქრობ, შეზღუდვა ვერ გაგრძელდება, რადგან დიდი პროტესტი მოჰყვება ამას მოსახლეობის მხრიდან. უფრო კარგი იქნება, თუ მოწესრიგდება მუნიციპალური ტრანსპორტი, გაკონტროლდება პირბადის ტარება და დისტანციის დაცვის წესი. რადიკალურად სასიკეთოდ შეცვლა ამ ერთ კვირაში წარმოუდგენელია. მობილობა ნამდვილად შემცირდება, მაგრამ ეპიდმდგომარეობაზე ეს გავლენას ვერ მოახდენს, თუ ამის შემდეგაც მოსახლეობა არ დაიცავს რეკომენდაციებს“, - მიიჩნევს გოგინავა. ბიზნესისა და ეკონომიკისთვის ბოლო დროს ყველაზე დიდ პრობლემად პანდემია მიიჩნევა. ჯერ უცნობია, მთავრობა მესამე “ლოკდაუნისკენ” პირველ ნაბიჯებს გადადგამს თუ არა, მაგრამ ფაქტია, რომ ეკონომიკური პრობლემის დაძლევას შეზღუდვებით ვერ მივაღწევთ. მაშინ, როცა ეკონომიკას გამოცოცხლება უნდა დაეწყო, ქვეყანაში უქმე დღეები გამოცხადდა. ბიზნესების უმეტესობა გადასარჩენად იბრძვის, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გახანგრძილვდება რეგულაციები, ბიზნესი ახალი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდება. აფბა-ს პრეზიდენტის, გიორგი კაპანაძის აზრით, ყველაზე დიდი პრობლემა “ლოკდაუნი” და ჩაკეტვაა, რაც, საბედნიეროდ, ქვეყანაში ახლა აღარ არის. მისივე აზრით, შეზღუდვები აღარ გაგრძელდება, რაც ეკონომიკას გამოცოცხლების საშუალებას მისცემს”, - დასძენს გამოცემა.

 

“ვფიქრობ, ერთკვირიანი უქმე დღეები აღარ გაგრძელდება, რადგან, შეზღუდვების კიდევ გადაწევა რომ იგეგემებოდეს, აქამდე იტყოდნენ. თანაც, ისვენებს მხოლოდ საჯარო სექტორი, კერძო სექტორის უმეტესობა კი ჩვეულებრივად მაინც აგრძელებს მუშაობას. უქმეები დადებითად ვერ აისახება ეკონომიკაზე, თუმცა არც განსაკუთრებული უარყოფითი ეფექტი ექნება, რადგან არ არის “ლოკდაუნი” და ჩაკეტვა, რაც ყველაზე მეტად აზარალებს ეკონომიკას. იმედია, უფრო მეტად არ გამკაცრდება შეზღუდვები, მიუხედავად იმისა, რომ შედარებით გაუარესდა ეპიდმდგომარეობა. უნდა მოვახერხოთ, რომ ეკონომიკამ კვლავ გააგრძელოს მუშაობა, რათა ის ნახტომისებური მატება, რომელიც მარტში დაფიქსირდა, შემდეგ თვეებშიც გაგრძელდეს”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი კაპანაძე.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ