დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

ბელგიელმა ფერმერმა, ტრაქტორის გასავლელად, საფრანგეთთან საზღვარი შეცვალა - ბი-ბი-სი 05.05.2021 14:33

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია „ბი-ბი-სი“-ს რუსული სამსახურის («BBC russian») მიერ გამოქვეყნებულ მასალაში სათაურით „ბელგიელმა ფერმერმა, ტრაქტორის გასავლელად, საფრანგეთთან საზღვარი შეცვალა“, გადმოცემულია საკმაოდ სახალისო ინციდენტი, რომელიც ბელგია-საფრანგეთის საზღვარზე ამ დღეებში მოხდა.


„ბელგიაში სასოფლო-სამეურნეო მიწის მფლობელმა ფერმერმა გადაადგილა ერთ-ერთი ქვა, რომლითაც ორი მეზობელი სახელმწიფოს - საფრანგეთისა და ბელგიის სახელმწიფო საზღვრები იყო დემარკირებული (გამიჯნული). ერთ-ერთი ვერსიით, ქვა თურმე ტრაქტორს უშლიდა გავლას.


სასაზღვრო ატრიბუტი ფერმერმა საფრანგეთის ტერიტორიის სიღრმეში მხოლოდ 2,3 მეტრით გადაადგილა. დარღვეული საზღვარი კი ერთ-ერთმა ისტორიის მოყვარულმა შენიშნა, რომელიც იქვე ახლოს ტყეში სეირნობდა.


სულ მალე საზღვრის გადაწევის ფაქტი ყველასთვის ცნობილი გახდა, თუმცა საერთაშორისო სკანდალი არ მომხდარა - ორივე ქვეყნის პოლიტიკოსებმა ინციდენტს ღიმილით შეხედეს: „ჩვენმა ფერმერმა ბელგიის ტერიტორია გაადიდა და საფრანგეთის შეამცირა. ეს კარგი იდეაა“, - იხუმრა საფრანგეთთან მოსაზღვრე ბელგიის ერლეკინის კომუნის მერმა დევიდ ლავომ და დაამატა, რომ ადრე მსგავსი ინციდენტები მემამულეებს შორის დავასაც იწვევდა ხოლმე, რომ არაფერი ვთქვათ სახელმწიფოებზე.


საფრანგეთსა და ბელგიას შორის საზღვარი 620 კილომეტრის სიგრძისაა და ოფიციალურად არის განმტკიცებული 1820 წელს ხელმოწერილი შეთანხმებით - ვატერლოოს ბრძოლაში ნაპოლეონ ბონაპარტის დამარცხებიდან ხუთი წლის შემდეგ. თვითონ ქვა კი დაიდგა 1819 წელს, როცა საზღვრის დემარკაცია პირველად მოხდა.


„მიხარია, რომ ჩვენი კომუნა ერლეკინი უფრო დიდი გახდა, მაგრამ ჩვენი მეზობელი ფრანგი კოლეგა არ მეთანხმება“, - ხუმრობას აგრძელებს დევიდ ლავო.


„ვფიქრობ, რომ ჩვენ ომს თავიდან ავიცილებთ“, - ამბობს თავის მხრივ ორელი ველონეკი, ფრანგული ქალაქის ბუსინე სიურ-როკის მერი.


ბელგიის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ფერმერს სთხოვეს, რომ ქვა, რომელიც საფრანგეთის სიღრმეში გადასწია, ისევ ძველ ადგილზე დააბრუნოს. თუ ასე არ გააკეთებს, მაშინ ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო იძულებული გახდება ფრანგულ-ბელგიური სადემარკაციო კომისია მოიწვიოს, რომლის სხდომა... 1930 წლის შემდეგ არ გამართულა.


თუ ფერმერი გაჯიუტდება და უარს იტყვის ქვის გადაწევაზე, მაშინ მის წინააღმდეგ შეიძლება სისხლის სამართლის საქმე აღიძრას. „ვფიქრობ, იგი ნებაყოფლობით დააბრუნებს ქვას თავის ძველ ადგილზე და ყველაფერი კარგად იქნება“, - განაცხადა ერლეკინის კომუნის მერმა ადგილობრივი მასმედიიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას.


წყარო: https://www.bbc.com/russian/news-56978983


მოამზადა - სიმონ კილაძემ

 

 

 

 

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ