13:48 06.05.2021
ცხრა მიზეზი, რომელიც საქართველოს შეგაყვარებთ - Travel Awaits

ამერიკული ტურისტული გამოცემა «Travel Awaits» აქვეყნებს სტატიას სათაურით „ცხრა მიზეზი, რომლებიც საქართველოს შეგაყვარებთ“ (ავტორი - ინკა ინკა პიეგსა ქვიშოტე), რომელშიც მიმზიდველადაა გადმოცემული საქართველოს ბუნება, ქართველი ხალხის დადებითი თვისებები, ქვეყნის კულტურულ-ისტორიული ღირსშესანიშნაობები...

 

„საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და დასავლეთ აზიის გზების გადაკვეთაზე მდებარეობს, რომელიც ჯერ კიდევ ბრინჯაოს ეპოქიდან არის დასახლებული. ათასწლოვანი ისტორიის განმავლობაში აქ კვალი მრავალმა ცივილიზაციამ დატოვა, რის გამოც საქართველო ისტორიის უცხოელი მოყვარულებისათვის საინტერესო ქვეყანას წარმოადგენს. ეს ქვეყანა უკმაყოფილოს არ დატოვებს იმ მოგზაურებსაც, რომლებსაც ბუნება უყვართ, ზღვაში ცურვა და მთებში სიარული მოსწონთ.

 

საქართველოში, რომლის ფართობი 27 ათასი კვ. მილია და რომელიც სამხრეთ კაროლინის შტატზე პატარაა, ყველაფერია: თბილი სუბტროპიკული ზღვის პლაჟები, თოვლიანი მწვერვალები, მყინვარები, ტყეები, ბარები, უდაბნოები და ჭაობები. ქართული სტუმართმოყვარეობა ლეგენდარულია და ის ქართველი ხალხის ტრადიციებს ასახავს“, - ნათქვამია სტატიის დასაწყისში, შემდეგ კი ავტორი იმ მიზეზებს ასახელებს, რომლის გამოც უცხოელს საქართველო შეუყვარდება:

 

გემრიელი საჭმელები და მშვენიერი ღვინოები (მიმოხილულია საქართველოს მევენახეობის რეგიონები, ქართული ღვინოები, ქართული სამზარეულოს კერძები)

 

სტუმართმოყვარეობა, რომელიც გულს ათბობს (საუბარია ქართველი ხალხის ტრადიციებზე, სუფრაზე, პატივისცემაზე);

 

სვანეთით მოხიბლული დარჩებით („კავკასიის მთებში სვანეთს თავისი ჯადოსნური მიზიდულობა აქვს. შუა საუკუნეებში ეს მხარე საქართველოსთვის სტრატეგიულ როლს ასრულებდა. აქაური კოშკები მოსახლეობას დამპყრობლებისაგან იცავდა. დაათვალიერეთ სოფლები უშგული და დაბა მესტია. ასევე ენგურის თაღოვანი კაშხალი“, - წერს ავტორი).

 

აჭარის სასიამოვნო პლაჟები (განხილულია აჭარის ღირსშესანიშნაობები, შავი ზღვის პლაჟები, ადგილობრივი ტრადიციები).

 

დავით გარეჯის მონასტერი („კახეთში, აზერბაიჯანის საზღვართან მდებარეობს დავით გარეჯის მონასტერი, რომელიც მეექვსე საუკუნეშია დაარსებული. დიდი კომპლექსი მოიცავს ასობით კლდეში გამოკვეთილ ბერების საცხოვრებელს. დრეს დიდი დისკუსია მიმდინარეობს იმაზე, თუ რომელ სახელმწიფოს ეკუთვნის ეს ლამაზი მონასტერი თავისი დიდებული ხელოვნებით, მაგრამ თქვენთვის ეს არ იქნება ხელშემშლელი დაათვალიეროთ ჯერ კიდევ შემონახული ფრესკები და ბერების კელიები. ეს კომპლექსი რელიგიისა და კულტურის ცენტრს წარმოადგენდა და მას დიდი მნიშვნელობა აქვს ქართველი ხალხისათვის. გაოცებული დარჩებით მონასტრის სიდიადით“, - ნათქვამია სტატიაში).

 

მღვიმური უფლისციხე (საუბარია გორთან ახლოს მდებარე  კლდეში გამოკვეთილ უფლისციხეზე, მის ისტორიაზე ქრისტიანობამდე და ქრისტიანობის დროს. „ჩინგიზ ხანის დროს მონღოლებმა უფლისციხე გაანადგურეს, მე-19 საუკუნეში კი მეცნიერები ამ ძეგლით დაინტერესდნენ“).

 

და ბოლოს, საქართველოს კარსტული მღვიმეები და დედაქალაქის - თბილისის ღირსშესანიშნაობები.

 

წყარო: Https://www.travelawaits.com/2658432/best-things-to-do-in-georgia-country/

 

მოამზადა სიმონ კილაძემ.




ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge