დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

ინციდენტი „ქეშიქჩიდაღის“ ირგვლივ: ბაქო და თბილისი მზად უნდა იყვნენ მოსკოვის ახალი პროვოკაციებისთვის 07.05.2021 13:42

 

აზერბაიჯანის მასმედიაში გამოხმაურება ჰპოვა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში (აზერბ. - „ქეშიქჩიდაღი“) 4 მაისს მომხდარმა ინციდენტმა, რომელიც ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტებს და ე.წ. „კარტოგრაფების საქმის“ ერთ-ერთ ფიგურანტს შეემთხვათ. ასე, მაგალითად, ბაქოს რუსულენოვან გამოცემა „ზერკალო“-ში («Зеркало») გამოქვეყნდა სტატია სათაურით „ინციდენტი „ქეშიქჩიდაღის“ ირგვლივ: ბაქო და თბილისი მზად უნდა იყვნენ მოსკოვის ახალი პროვოკაციებისთვის“ (ავტორი - რაუფ ორუჯევი).


პუბლიკაციაში მიმოხილულია მომხდარი ინციდენტი: მოკლედ არის გადმოცემული საკითხის ისტორია (ე.წ. „კარტოგრაფების საქმე“), შინაგან საქმეთა მინისტრის ვ.გომელაურის კომენტარები მომხდარი ფაქტის გამოძიების შესახებ და ა.შ.


„მაგრამ უნებლიედ იბადება კითხვა - იქნებ ეს ინციდენტი სპეციალურად იყო ინიცირებული ივერი მელაშვილის მიერ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბაქოში ვიზიტის წინ? ვინ დგას ამის უკან? იქნებ კრემლი, რომელსაც უამრავი აგენტი ჰყავს თბილისში?


სხვათა შორის, „ქეშიქჩიდაღის“ ირგვლივ შექმნილი სიტუაცია საქართველოს პრემიერის აზერბაიჯანში ვიზიტის დროს გამართული შეხვედრა-მოლაპარაკებების ერთ-ერთ თემას წარმოადგენდა: ირაკლი ღარიბაშვილმა ორი ქვეყნის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხი პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრისას განიხილა. მან ეს თვითონ განაცხადა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე, თუმცა დამატებით კითხვებს არარ უპასუხა.


„ქეშიქჩიდაღის“ სამონასტრო კომპლექსის საკითხი თბილისსა და ბაქოს მეგობრულ ურთიერთობაში, შეიძლება ითქვას, ერთადერთ პრობლემას წარმოადგენს. ეს ისტორიული ძეგლი კლდეში გამოკვეთილი კელიებისაგან შედგება, რომელიც რამდენიმე კილომეტრზეა გაფენილი აზერბაიჯან-საქართველოს საზღვრის გასწვრივ. „ქეშიქჩიდაღზე“ დავა მიდის: კომპლექსის მნიშვნელობაზე საკუთარი კულტურულ-რელიგიური ისტორიისათვის ორივე მხარე ლაპარაკობს, რაც დროდადრო აზერბაიჯან-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას ჩრდილს აყენებს.


ცნობილი თბილისელი პოლიტოლოგები კომენტარს უკეთებენ 4 მაისს მომხდარ ინციდენტს.


გელა ვასაძე, სტრატეგიული ანალიზის ცენტრის წამყვანი ექსპერტი:


„უეჭველია, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი ოპერაცია. ასეთი დამთხვევები თავისტავად არ ხდება. შესაძლოა ეს პროვოკაცია უშუალოდ მოსკოვში არ დაგეგმილა, რადგან იმ დაჯგუფებებს, რომლებიც რუსეთიდან კონტროლდება, ავტონომიურობის საკმაო დონე აქვთ და სავსებით შეუძლიათ იმპროვიზირება. აშკარაა, რომ ეს ყველაფერი რუსეთის ინტერესების კალაპოტში ჯდება. დღეს მოსკოვი აქტიურ ძალისხმევას მიმართავს, რომ აზერბაიჯანზე თავისი გავლენა შეინარჩუნოს. სრულიად გასაგებია, რომ [კრემლში] დაინტერესებულნი არიან აზერბაიჯანის ურთიერთობის გაუარესებით მის ყველა მეზობელთან, განსაკუთრებით კი საქართველოსთან. გეოგრაფია ჯერ არავის არ გაუუქმებია... ცხადია, ეს ბოლო პროვოკაცია არ არის და ამიტომ სამომავლოდ მოსალოდნელი მსგავსი ფაქტებისათვის ყველა მომზადებული უნდა იყოს - ხელისუფლებაც, მასმედიაც, ქართველი და აზერბაიჯანელი ექსპერტებიც...“.


ამირან ხევცურიანი, კონფლიქტოლოგი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი:


„თქვენს კითხვაზე - იყო თუ არა მომხდარი ინციდენტი ვიზიტთან დროში დამთხვევა - გიპასუხებთ, რომ მე არ შემიძლია არცერთი ჰიპოთეზის გამორიცხვა, თუმცა კატეგორიულად ვგმოვ ყოველგვარ ძალადობას, განსაკუთრებით ჟურნალისტების მიმართ.


რასაკვირველია, ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაურესებით გარეშე ძალები ნამდვილად არიან დაინტერესებულნი, პირველ რიგში კი რუსეთი. მოსკოვი არასდროს არ მალავდა იმას, რომ სამხრეთი კავკასია მისთვის განსაკუთრებული გეოპოლიტიკური მნიშვნელობის ზონას წარმოადგენს. ამიტომაც კრემლისათვის კომფორტულია, როცა რეგიონის სამივე რესპუბლიკას ერთმანეთთან ურთიერთობა დაძაბული აქვთ.


რაც შეეხება დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსს: ეს საკითხი ჩვენთვის ძალიან ემოციურია. ეს ჩვენთვის არამარტო ტერიტორიაა, არამედ სულიერი სიწმენდეც არის და ასეთად დარჩება ათასი წლის მანძილზეც. ამასტან მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ იმისა, რომ ამ საკითხმა ორი მოძმე სახელმწიფოს შორის ურთიერთობის გაურესება გამოიწვიოს. ცვენ ამისთვის არც მორალური და არც ისტორიული უფლება არ გვაქვს.. ჩვენ მეზობლები ვართ, სტრატეგიული პარტნიორები და ეს სემთხვევითი არ არის. ჩვენ ერთობლივი მრავალმხრივი ეკონომიკური ინტერესები გვაქვს, ჩვენთან მრავალრიცხოვანი აზერბაიჯანული დიასპორა ცხოვრობს. დავით გარეჯის პრობლემა ნამდვილად არსებობს, რომელიც ჯერ-ჯერობით მოუგვარებელია და მას თავს ვერ ავარიდებთ, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ პრობლემა ჩვენს თაობას არ შეუქმნია, მემკვიდრეობა ჩვენ ბოლშევიკური წარსულიდან გადმოგვეცა.


უნდა ვთქვა ისიც, რომ გასულ საუკუნეში [1920-იანი წლების დასაწყისში დავით გარეჯის კუთვნილების] საკითხი უსამართლოდ იქნა გადაჭრილი. ახლა ჩვენ უნდა გვეყოს სიბრძნე იმისთვის, რომ პრობლემა კონსტრუქციულად და სამართლიანად მოვაგვაროთ.


დღეს ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მხარეები ამ საკითხის ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრისათვის ჯერ მზად არ არიან, ამიტომაც აუცილებელია ყველაფერი ღია და გამჭვირვალე იყოს, რომ ჩვენი ურთიერთობები არ დაზარალდეს. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ მოქალაქეებს უნდა მიეცეთ თავისუფლად მისვლის უფლება რელიგიურ-კულტურულ სიწმინდესთან. ჩემი აზრით, ეს არის საკითხის გადაწყვეტის ყველაზე რეალური და ნაკლებად მტკივნეული გზა ამ ეტაპზე. ვფიქრობ, აზერბაიჯანის ხელისუფლება ამას გაითვალისწინებს“.


წყარო: https://zerkalo.az/poslednij-intsident-vokrug-keshikchidag-v-baku-i-tbilisi-vse-dolzhny-byt-gotovy-k-novym-provokatsiyam-moskvy/

 

მოამზადა - სიმონ კილაძემ

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ