დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

უცნაური მეთოდები, რომლებსაც მსოფლიოს ქვეყნები პანდემიის ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში იყენებენ 07.05.2021 15:16

შვეიცარიული გამოცემის „თრეველ ნიუს“-ის Travel News») მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „უცნაური მეთოდები, რომლებსაც მსოფლიოს ქვეყნები პანდემიის ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში იყენებენ“, მიმოხილულია მსოფლიოს ტურიზმის სფეროში არსებული კრიზისული განწყობა.


როგორც მასალაშია აღნიშნული, რიგი ქვეყნები, პანამიდან დაწყებული თურქმენეთამდე, „კოვიდ-19“-თან ბრძოლაში საკმაოდ არატრადიციული მეთოდებით სარგებლობენ და პირბადესთან, ჯარიმებთან და კომენდანტის საათთან ერთად გარკვეული ახალი, თავისებური შეზღუდვებსაც მიმართავენ.


ტაილანდსა და პანამაში თამბაქოს მოწევა აკრძალეს, ქუჩაშიც კი, სუფთა ჰაერზე. როგორც მეცნიერებმა დაადასტურეს, სიგარეტის კვამლით ვირუსით დაავადების რისკი მატულობს.


არაბთა გაერთიანებულ საემიროებში უპილოტო საფრენი აპარატებით (დრონებით) ავტომაგისტრალების დეზინფექციას ახდენენ, თუმცა ბოლო მონაცემებით, შედეგები მაინცდამაინც დამაიმედებელი არ არის.


თურქმენეთის ავტორიტარულ ხელისუფლებას არ სურს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის არსებობა აღიაროს და ამიტომ მოსახლეობას პირბადეების გაკეთებას მხოლოდ იმიტომ ურჩევს, რომ ჰაერში მომატებული მტვერია და თავს გაუფრთხილდითო. საინტერესოა, რომ დღემდე თურქმენეთში ოფიციალურად კორონავირუსით არცერთი დაავადებული არ არის რეგისტრირებული.


ტანზანიის ხელისუფლებამ ახალი დაავადებულების რეგიტრირება ჯერ კიდევ შარშან აპრილში შეწყვიტა. სხვათა შორის, პრეზიდენტმა ჯონ მაგუფულმა იმდენჯერ განაცხადა, რომ ღმერთის წყალობით ქვეყანაში კორონავირუსი არ არისო, რომ ბოლოს „კოვიდ-19“-ს თვითონ ემსხვერპლა. ასევე მოუვიდა ტანზანიის ახლოს, ინდოეტის ოკეანეში მდებარე ზანზიბარის ვიცე-პრეზიდენტ სეიფ ჰამადისაც.


ბოლივიაში მოსახლეობისათვის გრაფიკი დააწესეს - ვის როდის შეეძლო მაღაზიაში წასვლა, პასპორტისა და პირადობის მოწმობების ნომრების მიხედვით. რადგანაც ამ მეთოდმა შედეგი არ გამოიღო, შეზღუდვა ახლახან გაუქმდა.


პანამის ხელისუფლებამ პანდემიის დასაწყისშივე მიიღო ერთი შეხედვით უბრალო, მაგრამ მაინც განსაკუთრებული გადაწყვეტილება გენდერული თვალსაზრისით: ქალებისა და მამაკაცებისათვის სახლებიდან ქუჩაში გასვლა სხვადასხვა დროს დააწესა. ალბათ, იმიტომ, რომ ორი სხვადასხვა სქესის ადამიანებში კონტაქტი არ მომხდარიყო.


უზბეკეთი: რადგანაც პანდემიის გამო ტურისტების მიზიდვა რთული ხდება, ტაშკენტმა ამ საკითხის გადასაწყვეტად უჩვეულო მეთოდით ისარგებლა: ყოველი ტურისტი, რომელიც ქვეყანაში ჩავიდოდა და „კოვიდ-19“-ით დაავადდებოდა, ხელისუფლება 3 ათას დოლარს გადაუხდიდა და მისი მკურნალობა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე მოხდებოდა. ანუ ამით უზბეკეთის მთავრობა გარანტიას იძლეოდა, რომ ანტივირუსული სიტუაცია ქვეყანაში ნორმალურია. სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ ეს გადაწყვეტილება მასმედიაში ფართოდ იქნა რეკლამირებული, ტურისტთა მიზიდვის ამ ხერხმა არ გაამართლა: გასული წლის მონაცემებით, ტურისტთა ნაკადი უზბეკეთში 77%-ით შემცირდა.


საქართველომაც შემოქმედებითი მიდგომა გამოავლინა ვირუსთან ბრძოლაში: სამხრეთკავკასიურ სახელმწიფოში ქუჩების დასუფთავება, თანამედროვე ტექნოლოგიების ნაცვლად, ტრადიციული ცოცხებით განახორციელეს, რის შედეგადაც ქვეყნის დედაქალაქი, შეიძლება ითქვას, გაბრწყინდა და უფრო მიმზიდველი გახდა: მუნიციპალური სამსახურის თანამშრომლების ძალისხმევით მრავალმილიონიანი თბილისი ისე დასუფთავდა, როგორც არასდროს.

 


წყარო: https://www.travelnews.ch/destinationen/18859-mit-diesen-skurrilen-methoden-versuchten-die-laender-das-virus-fernzuhalten.html

 

მოამზადა - სიმონ კილაძემ

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ