დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

კოვიდსტატისტიკა - რა ვითარებაა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 10.05.2021 15:03

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 160 მილიონს მიაღწია, ყოველდღიურად კი კოვიდ-19-ით 800 000 ადამიანი ავადდება. სტატისტიკის მიხედვით დაინფიცირებულთა ნახევარზე მეტი ინდოეთზე მოდის, სადაც უმძიმესი ვითარებაა. 

 

ვირუსის გავრცელების შეჩერება, მხოლოდ ვაქცინაციითა შესაძლებელი და მას უკვე შეზღუდვების გამკაცრება და ლოქდაუნებიც აღარ შველის, რადგან ყოველი „ტალღის“ შემდეგ ახალი იწყება და უამრავი ადამიანი იღუპება.

 

სამწუხაროდ, ვაქცინის წარმოების ერთიან სამუშაო გეგმაზე ევროპის ქვეყნებმა და აშშ-მ შეთანხმებას ამ დრომდე ვერ მიაღწიეს.

 

„ჯორჯიან თაიმსი“ გთავაზობთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ ვითარებას.

 

ინდოეთი

ინდოეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 366 000-ზე მეტი  შემთხვევა გამოვლინდა. დღევანდელი მონაცემებით, ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი შემცირდა, თუმცა ბოლო სამი დღის განმავლობაში ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელი 400 000-იან ნიშნულს აჭარბებდა. ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში „კოვიდ 19“-ს 3 754 ადამიანი ემსხვერპლა.

პანდემიის დაწყების შემდეგ, ინდოეთში კორონავირუსი 22.66 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, 246 116 კი გარდაიცვალა.

შემზღუდველი ზომები 17 მაისამდე დელიში, უტარ პრადეშში და ჰარიანაში იმოქმედებს. ტამილ ნადუში, რაჯასტანში და პუდუჩერიში ორკვირიანი შეზღუდვები გამოცხადდა. ეს ნიშნავს, რომ 10 მაისიდან, ინდოეთის დიდ ნაწილში მკაცრი შეზღუდვები ან ჩაკეტვის მსგავსი შეზღუდვები იმოქმედებს.

 

რუსეთი

კოვიდინფიცირებული პაციენტების რაოდენობის მიხედვით, ჩვენი მეზობელი ქვეყანა, აშშ-ის, ინდოეთის, ბრაზილიის, საფრანგეთისა და თურქეთის შემდეგ მსოფლიოში მე-6 ადგილზეა. ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსეთშ კოვიდ 19-ის 8 465 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 4 888 727-ს მიაღწია. 321 პაციენტი კი დაიღუპა და გარდაცვლილთა რიცხვი 113 647-მდე გაიზარდა. რუსეთში, ვირუსისგან დღემდე 4 502 906 ადამიანი განიკურნა.

 

გერმანია

ევროპის ქვეყნების ნაწილი შეზღუდვების შემსუბუქებას განაგრძობს.გერმანიაში, კორონავირუსის ვაქცინით სრულად აცრილთათვის და იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სრულად გამოჯანმრთელდნენ შეზღუდვები სრულად გაუქმდა, - ამის შესახებ „დოიჩე ველე“ იუწყება.

 

ვაქცინით აცრილებსა და გამოჯანმრთელებულებს შეუძლიათ შეხვდნენ სხვა ადამიანებს, მათთვის არ მოქმედებს "კომენდანტის საათის" შეზღუდვები. მათვე აღარ მოუწევთ კარანტინის გავლა უცხოეთში გამგზავრებამდე. ვაქცინის ორივე დოზით აცრილებს აღარ ექნებათ ვალდებულება, წარადგინონ უარყოფითი პასუხის მქონე ტესტები კორონავირუსზე მაღაზიებისა და სილამაზის სალონებში ვიზიტისას. თუმცა, ამ პირებს ისევ ექნებათ ვალდებულება ატარონ პირბადე.გერმანიაში სრულად ვაქცინირებულია 7.6 მილიონამდე ადამიანი, რაც 9.1 %-ს შეადგენს.

 

იტალია

იტალია გეგმავს, მაისის შუა რიცხვებიდან საკარანტინე შეზღუდვები გააუქმოს იმ მოგზაურებისთვის, რომლებიც ევროპის ქვეყნებიდან, ასევე დიდი ბრიტანეთიდან და ისრაელიდან ჩავლენ.

„ვმუშაობთ მინი-კარანტინის მოხსნაზე იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ჩამოდიან ევროპული ქვეყნებიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ისრაელიდან, თუკი მათ ექნებათ უარყოფითი პასუხი ტესტზე, ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთი ან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდნენ ბოლო 6 თვის განმავლობაში. ასევეა აშშ-ის შემთხვევაშიც“, - განაცხადა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მარიომ.

 

ესპანეთი

მასობრივი ვაქცინაციის პარალელურად, ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტრომ დასაშვებად მიიჩნია კომენდანტის საათის გაუქმება. მოსახლეობა მთავრობის გადაწყვეტილებას მთელი ღამის განმავლობაში ზეიმობდა.

 

ისრაელი

ისრაელში 2020 წლის მარტის შემდეგ პირველად, „კოვიდ-19“-ის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 1 000-ს ჩამოსცდა.

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში მხოლოდ 17 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამჟამად ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით 985 პაციენტი მკურნალობს.

პანდემიის დაწყების შემდეგ, საერთო ჯამში ისრაელში „კოვიდ-19“ 838 887 ადამიანს დაუდასტურდა, რომელთაგან 6 376 გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, რომ ისრაელში ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს. ქვეყანა გაიხსნა და ღია სივრცეში პირბადის ტარებაც სავალდებულო აღარაა.

 

ვაქცინაცია

ბლუმბერგის მონაცემებით, ამჟამად მსოფლიოში კოვიდვაქცინის მილიარდ 280 მილიონი დოზაა გამოყენებული, რაც მსოფლიო მოსახლეობის მხოლოდ 8.4 პროცენტისთვისაა საკმარისი. არსებული ინფორმაციით, ვაქცინა მსოფლიოს 29 უღარიბეს ქვეყანას 1%-ზე ნაკლები გადაეცა. მდიდარი ქვეყნები კი ვაქცინაციის კამპანიას აჩქარებენ. დიდ ბრიტანეთში, პირველი დოზა მოსახლეობის 67% -მა მიიღო, აშშ-ში კი - 56%-მა. ყველაზე სწრაფად ვაქცინაცია აშშ-ში მიმდინარეობს.

 

საქართველო

ბოლო 24 საათში, საქართველოში  ვირუსით ინფიცირების 549 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 322 468-ს.

ვირუსისგან 1 439 პირი გამოჯანმრთელდა, საერთო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 302 428-მდე.

ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვალების 24 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 305 პირი ემსხვერპლა.

 

ქვეყანა ვირუსით ინფიცირების "მესამე ტალღას" ებრძვის, თუმცა ამის პარალელურად აქტიურად მიმდინარეობს ვაქცინაცია. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით სულ - 62 447 ადამიანია აცრილი, დღიურად აცრილია - 1089.

 

აღნიშნული ციფრებიდან გამომდინარე საქართველოში არცთუ სახარბიელო მდგომარეობაა, ქვეყანაში ისევ მოქმედებს გარკვეული შეზღუდვები, მათ შორის კომენდანტის საათი. ასევე,  სავალდებულოა ღია სივრცეში პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა.

 

The Economist-ის კვლევითი ცენტრის ანალიტიკოსების ვარაუდით, საქართველო მოსახლეობის დიდი ნაწილის [60-70%] COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრას 2023 წლამდე ვერ შეძლებს.


იანვარში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საქართველო მოსახლეობის დიდი ნაწილის აცრას 2022 წლის ბოლოსთვის მოახერხებდა, თუმცა მარტში პროგნოზი გაუარესდა და მოლოდინმა 2023 წლამდე გადაიწია.


მსოფლიოს ქვეყნების ფონზე, საქართველოს პროგნოზი არ გაუმჯობესებულა და ამჟამად ის ბოლო, ყველაზე ცუდ კატეგორიაში იმყოფება

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ