დღე: 24

ღამე: 11

USD 2.6699

EUR 2.845

რა შანსები აქვს ნიკა მელიას ციხიდან გამოსვლის შემდეგ და დაუშვა თუ არა მან შეცდომები - "ჯორჯიან თაიმსი" გია ხუხაშვილს ესაუბრა 10.05.2021 16:18

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა 40 000-ლარიანი გირაოთი შეიცვალა.


ნიკა მელიას გირაოს თანხა ევროკავშირმა მას შემდეგ გადაიხადა, რაც მელიამ განცხადება გაავრცელა, რომ ის "20 ივნისის მოვლენების გადაწერას არ დაუშვებდა" და საპატიმროს, ამნისტიის ფარგლებში არ დატოვებდა. 

 

რადგან მელიამ საპატიმროს გირაოთი დატოვა, ხელისუფლებას ბერკეტი აღარ რჩება, რომ 20 ივნისის საქმეებზე ამნისტია გამოაცხადოს. ამნისტიის პუნქტი შარლ მიშელის დოკუმენტში კი ჩაიდო, მაგრამ, მის მიღებას შეთანხმების შესრულებით ვერ გაამართლებს, ვინაიდან, ამნისტია მხოლოდ ნიკა მელიას გათავისუფლების მექანიზმად ჩაიწერა.


საპარლამენტო ოპოზიცია ერთხმად თანხმდება, რომ ნიკა მელია პოლიტპატიმარი იყო, ხოლო ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდას უპრეცედენტო ფაქტს უწოდებს. ოპოზიცია მელიას ციხიდან გამოყვანას შეთანხმების წარმატებად მიიჩნევს. თავად "ნაციონალურ მოძრაობა" კი, პარლამენტში შესულ ოპოზიციონერებს აკრიტიკებს და პირობას დებს, რომ შეთანხმებას არც მომავალში შეუერთდება. 


შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერის გარდა, ოპოზიციაში დაპირისპირება მოახლოებულმა არჩევნებმაც გაამწვავა. საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი "ნაციონალურ მოძრაობას" ემიჯნება და მერობის არჩევნებზე მის კანდიდატს მხარს არ უჭერს. ოპოზიციაში მესამე ცენტრის შექმნაზე საუბრობენ, მაგრამ, "ნაციონალური მოძრაობის" გარეშე. თუმცა, "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე მზადაა, თბილისის მერობის კანდიდატად ნიკა მელიას მხარი იმ შემთხვევაში დაუჭიროს, თუ ის "ნაცმოძრაობას" დატოვებს. 


რა პოლიტიკური შანსები აქვს ნიკა მელიას ციხიდან გამოსვლის შემდეგ, დაუშვა თუ არა შეცდომები ენმ-ის ლიდერმა მის მოქმედებებში და რა გამოწვევები არსებობს ოპოზიციისა და ხელისუფლების წინაშე- ამ საკითხებზე "ჯორჯიან თაიმსს" ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ვრცლად ესაუბრა. 


გია ხუხაშვილის განცხადებით, მელიას მოქმედებებმა პოლიტიკური შედეგები გამოიღო და შეთანხმების მიღწევაც მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება. 


"მოდი, ობიექტურები ვიყოთ, მისმა მოქმედებებმა გარკვეული შედეგი გამოიღო. საბოლოო ჯამში, ის შეთანხმება მის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა მოიტანა. ესაა რიგგარეშე არჩევნები 43%-იანი დათქმით. გარდა ამისა, პოლიტიკური საქმეებით ვაჭრობის ფორმაც რაღაცნაირად დაასუსტა. ასე, რომ მელიამ, პრინციპში, პოლიტიკურად შედეგი მიიღო,"- აცხადებს ხუხაშვილი. 


ხუხაშვილის შეფასებით, ნიკა მელია ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოს ორი კვირით ადრე რომ დათანხმებოდა, დღეს პოლიტიკურად უფრო წინ იქნებოდა.


ხოლო, მოსაზრებას, რომ მელია ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის "პირადი პატიმარია" და "მის მახეში გაება",- ხუხაშვილი არ ეთანხმება და აცხადებს, რომ მსგავსი განცხადებები პროპაგანდისტული უფროა. ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" ნიკა მელიამ სააკაშვილის ფაქტორი დაასუსტა.


"მელიას ნურც გმირს დავარქმევთ და ნურც მის დემონიზაციას მოვახდენთ. ჯერ ერთი, მე არ მგონია, რომ ის სააკაშვილზე მუშაობდეს. პირიქით, მან პარტიაში სააკაშვილის მონოპოლია დაარღვია. მელიამ საკუთარი პოლიტიკური სახე შექმნა და ამ გაგებით, სააკაშვილს პრობლემა შეუქმნა. აზრთა სხვადასხვაობას კი, რომელიც არსებობს, უფრო პროპაგანდისტული მოქმედებები ჰქვია. ხელისუფლებას ეტყობა, რომ მას მელიასთან დაკავშირებით უხერხულობა და პრობლემები აქვს. მათ განცხადებებში კი იგრძნობა, რომ რაღაც შიშები აქვთ; დანარჩენს პროცესები გვაჩვენებს. მე წინასწარ არც ზედმეტად ოპტიმისტი ვიქნებოდი და არც - ზედმეტად პესიმისტი,"- აცხადებს ხუხაშვილი.


ჩვენს შეკითხვაზე, რომ მას შემდეგ, რაც შეთანხმების მიღწევის საფუძველზე მელია გათავისუფლდა, ენმ უნდა შეუერთდეს თუ არა შეთანხმების დოკუმენტს, რომელსაც ამ დრომდე აკრიტიკებდა, - ანალიტიკოსი ამბობს, რომ მთავარია, ისინი პარლამენტში შევიდნენ, თუნდაც შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის გარეშე.


"რა თქმა უნდა, შეთანხმებას უნდა შეუერთდეს. მაგრამ, შეთანხმების შეერთებაზე არაა აქ საუბარი, ის პარლამენტში უნდა შევიდეს. შეუძლია, შეთანხმებას არც შეუერთდეს და პარლამენტში ისე შევიდეს. პარლამენტში შესასვლელად შეთანხმებისთვის შეერთება არაა აუცილებელი პირობა. ბევრი ვარიანტია... როგორ მოიქცევიან, მე არ ვარ "ნაციონალური მოძრაობის" მრჩეველი, რომ ახლა მაგაზე ვიჭყლიტო ტვინი,"- აღნიშნავს ანალიტიკოსი. 


კითხვაზე, მელიამ გირაოზე თანხმობით საბოლოოდ მოუჭრა თუ არა გზა "ქართულ ოცნებას", რომ 20 ივნისის საქმეზე ამნისტია გამოაცხადოს,- ხუხაშვილი პასუხობს, რომ ხელისუფლება მელიას პოლიტიკური ნაბიჯით უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. მისი ანალიზით, თუ "ოცნებამ" ამნისტიის კანონი მაინც მიიღო, მოუწევს აღიარება, რომ ეს პირადი მიზნებისთვის გააკეთა. 


"მელიამ გირაოზე თანხმობით ხელისუფლებას უხერხულობა შეუქმნა. თუ ხელისუფლება ამის შემდეგ ამნისტიის შესახებ კანონს მიიღებს, მიიღებს სტერილურად, ანუ მარტო თვითონ, ხელების გადაგრეხით, იმ რედაქციით, რა რედაქციითაც აქვთ დაგეგმილი. მას აღარ ექნება იმის არგუმენტი, რომ ამას მელიას გამო აკეთებს. შესაბამისად, მან უნდა აღიაროს, რომ ამას საკუთარი ცოდვების საპატიებლად აკეთებს, რაც პოლიტიკურად არაკომფორტულია. ასე, რომ ახლა ხელისუფლებას აქვს საფიქრალი, როგორ მოიქცეს ამნისტიასთან დაკავშირებით,"- დასძენს ანალიტიკოსი.


ხუხაშვილმა "ჯორჯიან თაიმსთან" ციხიდან გამოსვლის შემდეგ ნიკა მელიას პოლიტიკურ შანსებზეც ისაუბრა. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის ნაწილი ენმ-ის კანდიდატურას მხარს არ უჭერს, ხუხაშვილი ამბობს, რომ მელიას აქვს რესურსი, გამაერთიანებლის როლი შეასრულოს. 


"მელიას აქვს რესურსი, რომ რაღაც გამაერთიანებლის როლი ითამაშოს და არ იყოს კონფრონტაციული, მათ შორის, ხელმომწერ ოპოზიციასთან. მას ამის გაკეთება შეუძლია, რომ შეინარჩუნოს ის თემატური თანამშრომლობა. გარდა ამისა, მე ვფიქრობ, მელიამ საკმაო წონა უკვე შეიძინა. ერთადერთი, ახლა მთავარი ინტრიგაა "ნაციონალურ მოძრაობაში." ფაქტობრივად, სააკაშვილს მელიას სახით კონკურენტი გაუჩნდა. გასაგებია, რომ სააკაშვილის პოლიტიკის ხაზს და მელიას ხაზს შორის განსხვავებაა. ახლა მთავარი ინტრიგაა, ვინ აიღებს კონტროლს პარტიებზე, როგორ მოახერხებენ ისინი ერთმანეთთან თანამშრომლობას,"- აცხადებს ხუხაშვილი.


ამასთან, ანალიტიკოსი მელიასთან დაკავშირებით არაადეკვატურს უწოდებს ოპოზიციის ნაწილის კრიტიკულ განცხადებებს და აცხადებს, რომ ისინი მელიას პოლიტიკურ გეგმებს წინ უსწრებენ.


"ოპოზიცია მელიას მხარს დაუჭერს თუ არა, ეს მათი გადასაწყვეტია. საერთოდ, ზოგიერთი ოპოზიციონერის მხრიდან მელიასთან დაკავშირებით არაადეკვატური გაცხარება და ისტერიკა მესმის, რაც უბრალოდ გაუგებარია, რაში სჭირდებათ. გარდა ამისა, დიდი ბოდიში, მაგრამ მელია საერთოდ აპირებს კენჭის ყრას? ეგეც არ იცით, აპირებს?! გადაწყვეტილი აქვს?! ადამიანს განაცხადი არ გაუკეთებია და უკვე ვიღაცები იწყებენ საუბარს, რომ მხარს არ დაუჭერენ. ეს აბსურდია... ადამიანი იჯდა ციხეში და მის ბედზე გარეთ ვიღაცები ბჭობდნენ, ისე რომ ამ ადამიანს არც კი ეკითხებოდნენ. ეგ არის უცნაური და გაუგებარი,"- აცხადებს გია ხუხაშვილი.


ხუხაშვილის თქმით, "მელიას პოლიტიკური პოტენციალი გაუჩნდა და ძნელი სათქმელია, ამას როგორ გამოიყენებს." მისივე თქმით, მელიას მომავალი ნაბიჯები უფრო მეტ სიცხადეს შემოიტანს და პროცესები გამოაჩენს, რა სახის პოლიტიკურ ფიგურად ჩამოყალიბდება.

 

/თათია შაიშმელაშვილი/

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ