14:19 11.05.2021
ნიკა მელიამ საკუთარი პოლიტიკური სახე შექმნა და ამ გაგებით, სააკაშვილს პრობლემა შეუქმნა - გია ხუხაშვილი

პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის განცხადებით, მელიას მოქმედებებმა პოლიტიკური შედეგები გამოიღო და შეთანხმების მიღწევაც მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება

 

"მოდი, ობიექტურები ვიყოთ, მისმა მოქმედებებმა გარკვეული შედეგი გამოიღო. საბოლოო ჯამში, ის შეთანხმება მის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა მოიტანა. ესაა რიგგარეშე არჩევნები 43%-იანი დათქმით. გარდა ამისა, პოლიტიკური საქმეებით ვაჭრობის ფორმაც რაღაცნაირად დაასუსტა. ასე, რომ მელიამ, პრინციპში, პოლიტიკურად შედეგი მიიღო,"- აცხადებს ხუხაშვილი „ჯორჯიან თაიმსთან საუბარში“.

 

ხუხაშვილის შეფასებით, ნიკა მელია ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოს ორი კვირით ადრე რომ დათანხმებოდა, დღეს პოლიტიკურად უფრო წინ იქნებოდა.

 

ხოლო, მოსაზრებას, რომ მელია ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის "პირადი პატიმარია" და "მის მახეში გაება",- ხუხაშვილი არ ეთანხმება და აცხადებს, რომ მსგავსი განცხადებები პროპაგანდისტული უფროა. ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" ნიკა მელიამ სააკაშვილის ფაქტორი დაასუსტა.

 

"მელიას ნურც გმირს დავარქმევთ და ნურც მის დემონიზაციას მოვახდენთ. ჯერ ერთი, მე არ მგონია, რომ ის სააკაშვილზე მუშაობდეს. პირიქით, მან პარტიაში სააკაშვილის მონოპოლია დაარღვია. მელიამ საკუთარი პოლიტიკური სახე შექმნა და ამ გაგებით, სააკაშვილს პრობლემა შეუქმნა. აზრთა სხვადასხვაობას კი, რომელიც არსებობს, უფრო პროპაგანდისტული მოქმედებები ჰქვია. ხელისუფლებას ეტყობა, რომ მას მელიასთან დაკავშირებით უხერხულობა და პრობლემები აქვს. მათ განცხადებებში კი იგრძნობა, რომ რაღაც შიშები აქვთ; დანარჩენს პროცესები გვაჩვენებს. მე წინასწარ არც ზედმეტად ოპტიმისტი ვიქნებოდი და არც - ზედმეტად პესიმისტი,"- აცხადებს ხუხაშვილი.




ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge