15:30 12.05.2021
ოპოზიციურ ფლანგზე "ნაციონალების" დრო მთავრდება - გიორგი ცუცქირიძე

ბოლო თვეების პოლიტიკური გაურკვევლობა, საერთაშორისო აქტიორების ძალისხმევით, რაც საბოლოოდ ფასილიტაციიდან მედიაციით გაგრძელდა, ფაქტობრივად დასრულდა. ახლა, ნაციონალებიც შელაგდებიან პარლამენტში, მიუხედავად მათი ნაწილის უარისა და ეს 6 თვიანი საბოტაჟირებული ბოიკოტიც, უფრო სწორად 18 თვიანი "პოლიტიკური ჩიხიც", იმედია ისტორიის არც თუ სასიამოვნო ბოლო ფურცელი გახდება, - ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი თქმით, ამ პროცესმა გასული 30 წლიანი ქართული პოლიტიკური არქიტექტურის ყველა ის მანკიერი მხარე ამოწია, რაც ხელს უშლის ქვეყნის ნორმალურ განვითარებას.

 

"მთავარი მაინც არის სახელმწიფოებრივი აზროვნების სრული დევალვაცია, პიროვნული და პარტიული ეგოცენტრიზმის მაქსიმით, როდესაც ევროპელებს უკვირდათ, რატომ არის ასე პრობლემური საერთო ეროვნული კონსენსუსის მიღწევა, ყველა სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან საკითხზე, სწორედ ამ დევალვირებულ ღირებულებებშია საძიებელი. ეს პრობლემა, რაც სახელმწიფოს ოდენ "ძიძის როლად" გადაქცევაში, ნეო ლიბერალურმა პარადიგმამ მოიტანა, დასავლეთის ქვეყნებშიც მეტად აქტუალურია, თუმცა აქ გადმომღერებული კიდევ უფრო დიდ გაუგებრობაშია "გაჭედილი".

 

ამ ფაქტობრივ მდგომარეობას ყველაზე ნათლად "გირჩის" დეკლასიფიცირებული და დესახელმწიფოებრივი შეხედულებები ასახავს, თუმცა მთავარი შემოქმედი ნაციონალური მოძრაობა იყო, რომლის ორგანული ნაწილიც დღესაც არის გირჩი, მიუხედავად გამოყოფისა.

 

ნიშანდობლივია, რომ ოპოზიციის ხელისუფლებასთან დაპირისპირებას არ ჰქონდა წმინდა იდეოლოგიური ხასიათი, რადგან რეალურად იყო პარტიკულარიზმის კრიზისი, რასაც კრიზისულ ფონად პარტიული ტელევიზიები აფორმებდენ, განსაკუთრებით ეს ე.წ კრიტიკულ მედიაზე ითქმის.

 

მთელი ამ ხნის მანძილზე, რომლის ფინალური აკორდიც მელიას გამოსვლა-არგამოსვლის საკითხი გახდა, საერთოდ არ ყოფილა დისკურსი, არც სახელმწიფოს მოწყობის საკითხებზე, არც ეკონომიკურ სტრატეგიებზე და არც უსაფრთხოების თუ საგარეო პოლიტიკის გამოწვევებზე.

 

ეს, რომ არ იყო იდეოლოგიურ-კონცეპტუალური საფუძვლებით გამოწვეული კრიზისი, რასაც ევროპის ქვეყნებში ვხედავთ ან რისი მაგალითიც ამერიკის შეერთებული შტატებია იმითაც ჩანს, რომ ჩვენ ვერ ვნახეთ ამ ტიპის კრიზისების წამყვანი ფაქტორი - თავად ხალხის პროტესტი.

 

ამ ქრესტომათიური ისტორიიდან კი გარკვეული დასკვნების გამოტანაც შეიძლება.

 

ახალი პოლიტიკური აქტიორების პოლიტიკაში შემოსვლაც დრომ მოიტანა. ლევან ვასაძეს, რომ მკვეთრი კონსერვატორული ხედვა აქვს, ეს ადრეც არაერთხელ დაუფიქსირებია. არა მგონია, გახარიას პოლიტიკური ფილოსოფიაც ოცნების იდენტური იყოს, ის უფრო მემარჯვენე ცენტრისტულ პლათფორმაზე იქნება ორიენტირებული და თუ მისი მხარდამჭერი ფეისების ნაწილის წარსულსაც გადავხედავთ, არც კონსერვატიზმის სიმბიოზზე იტყვის უარს.

 

ქვეყანას კი ნამდვილად სჭირდება პოლიტიკური პალიტრის მრავალფეროვნება, სადაც დისკურსი არა ლიბერალურ ფლანგებზე, არამედ მემარჯვენე, მემარცხენე და ცენტრისტულ შეხედულებების ირგვლივ გაიმართება.

 

ახალი პოლიტიკური დღის წესრიგიც განსხვავებული იქნება, ორპოლუსიანი მოცულობისაგან, რასაც აქამდე თვალს ვადევნებდით, ეს რეალობა მედია სივრცესაც გახსნის, და ნაცვლად ფეიკების და ურთიერთბრალდებების მომაბეზრებელი და არაფრისმომცემი დებატისა, თემატური პოზიციონირების მომსწრენი უკვე უახლოეს პერიოდში გავხდებით.

 

ისიც არანაკლებ დამაინტრიგებელია თავად ქართული ოცნება პოზიციონირების რამდენად ეფექტურ სტრატეგიას აირჩევს. ცხადია, ნაციონალებთან ერთ პრიზმაში, ვერც გახარიასთან და ვერც ვასაძესთან ოპონირება არა თუ წამგებიანი, არამედ კონტრპროდუქტიულიც იქნება.

 

ოპოზიციურ ფლანგზე კი ნაციონალების დრო მთავრდება. ამ შემთხვევაში ალბათ უნდა დავეთანხმოთ, ქალბატონ სამადაშვილს, რომ "ინტელექტისგან დაცლილი პარტია, რაც არ უნდა გულმხურვალე მომხრეები ჰყავდეს, ვერ განვითარდება და ვერც მომავალს შექმნის".

 

გილოცავთ ღვთისმშობლის წილხვედრობის დღესასწაულს და წმ. ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს!" - წერს გიორგი ცუცქირიძე.




ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge