14:57 13.05.2021
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა „ფაიზერის“ ვაქცინის 12-15 წლის ასაკის ბავშვებში გამოყენებას მხარი დაუჭირა

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა (CDC) მხარი დაუჭირა გეგმას „ფაიზერ“/“ბიოტექის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 12-15 წლის მოზარდებში გამოყენების შესახებ.

 

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორის, როშელ ვალენსკის განცხადებით, უწყება ვაქცინის გამოყენების ოფიციალურ რეკომენდაციას იძლევა. მისი თქმით, გადაწყვეტილება ვაქცინაციის საშუალებას დაახლოებით 17 მილიონამდე მოზარდს მისცემს.

 

იმუნიზაციის პრაქტიკის მრჩეველთა კომიტეტმა, რომელიც დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრს რეკომენდაციებს აძლევს, „ფაიზერ“/“ბიოტექის“ ვაქცინის 12-15 წლის მოზარდებში გამოყენებას მხარი 14 ხმით არცერთის წინააღმდეგ დაუჭირა. კომიტეტმა განიხილა კლინიკური ცდის შედეგები, რომელმაც აჩვენა, რომ ამ ასაკის ვაქცინირებულ მოზარდებში კორონავირუსით ინფიცირების არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა.

 

აშშ -ის ზოგიერთმა შტატმა, მათ შორის ჯორჯიამ, დელავერმა და არკანზასმა, ვაქცინის 12 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებისთვის შეთავაზება უკვე დაიწყეს მას შემდეგ რაც ორშაბათს აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) ვაქცინის გამოყენების უფლება გასცა.




ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge