17:08 13.05.2021
საჭირო რომ გახდეს, მეც ავიღებ იარაღს და ვიომებ - რას ჰყვებიან ისრაელში მცხოვრები ქართველები "ჯორჯიან თაიმსთან"

ისრაელის შეიარაღებულ ძალებსა და პალესტინელ სამხედროებს შორის ორმხრივი ცეცხლი არ წყდება. შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა ისრაელის ქალაქების მიმართულებით ასობით რაკეტა გაუშვეს. ისრაელის ავიადარტყმების შედეგად ღაზაში 70-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. 


პროცესების პარალელურად, ისრაელში მცხოვრები არაბები ქვეყნის რიგ ქალაქებში საპროტესტო აქციებს მართავენ. დემონსტრაციები სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიზარდა.


"ჯორჯიან თაიმსი" ისრაელში მცხოვრებ ქართველებს დაუკავშირდა, რომლებიც ჰყვებიან, თუ რა ხდება ცხელ წერტილებში, როგორ აგრძელებენ ყოველდღიურ ცხოვრებას და როგორ იცავენ თავს საომარი მოქმედებების დროს.


ქართველი მომღერალი ფიქრია მეგრელაძე, რომელიც ისრაელის ქალაქ აშდოდში,  უკვე 5 წელია ცხოვრობს, შექმნილ ვითარებას საგანგაშოს უწოდებს და ამბობს, რომ ქვეყანაში უკვე ომია.  ემიგრანტის თქმით, გარკვეული დაპირისპირება ყოველ წელს ხდება, თუმცა, დღეს რა ვითარებაცაა, მსგავსი ბოლო 40-50 წლის განმავლობაში ადგილობრივებსაც არ უნახავთ.


"ჩემი ქალაქი ღაზას სექტორიდან 40 კილომეტრში მდებარეობს. აქ საშინელი ვითარებაა, რაკეტების წვიმა მოდის. ფაქტობრივად, ორი დღეა ბუნკერში ვცხოვრობ და სახლიდან არ გავდივარ. ყველაზე შემზარავი ის მომენტია, როცა მოლოდინში ხარ, რომ აი, ახლა ჩაირთვება სირენა. ეს ფსიქოლოგიურად და ემოციურად არის იმდენად ძნელი, ამის გადმოცემა არ შეიძლება. სტრესისა და შიშის ქვეშ ვცხოვრობ. ნახევარ საათიანი პაუზაა და უკვე მოლოდინში ხარ. ფაქტობრივად ომია, ამას ომი ჰქვია. საშინელი სიტუაციაა... განადგურებული ვარ..."- ამბობს მეგრელაძე.


მისი თქმით, ყველაფერი, რაც მის საქმიანობასთან დაკავშირებით ჰქონდა დაგეგმილი - კონცერტები და იუბილე,- შექმნილი ვითარების გამო გადაედო. მეგრელაძე ამბობს, ერთადერთი, რაც ამშვიდებს ისაა, რომ შვილები საქართველოში არიან და მათ საფრთხე არ ემუქრებათ. 


"ერთი მხრივ მშვიდად ვარ, შვილები რომ აქ არ მყავს და საქართველოში არიან. მაგრამ, ყოველ წამს ჩართულები არიან და ჩემთან ერთად უყურებენ ამ ყველაფერს. წუხელ მთელი ღამე გვბომბავდნენ და ფაქტობრივად, ჩემმა შვილებმა ჩემთან ერთად გაიარეს ეს ყველაფერი. ვთხოვდი, რომ გაეთიშათ ტელეფონი, მაგრამ არ ქნეს, ასეთ დღეში ხარ და როგორ შეგვიძლია, შენთან ერთად მორალურად არ  ვიყოთო. ვიმედოვნებ, რომ ეს მარაზმი დასრულდება,"- აღნიშნავს  ქართველი ემიგრანტი და დასძენს, რომ საჭიროების შემთხვევაში მზადაა, ისრაელის დასაცავად იარაღით ომშიც კი ჩაერთოს. 


საჭირო რომ გახდეს, მეც ავიღებ იარაღს და დავიცავ ისრაელს იმ პატარა გოგო-ბიჭებთან, რომლებიც ისრაელის სადარაჯოზე დგანან. ეს 20-22 წლის ბავშვები ჩემთვის გმირები არიან. იმათ გვერდზე მეც დავდგები და მეც ვიომებ, იმიტომ, რომ ეს უნდა დასრულდეს. ჩემთვის ისრაელი მეორე სამშობლოა და როგორც საქართველო, ისე მიყვარს."


 

მეგრელაძე ყველა ქართველ ემიგრანტს მოუწოდებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე და დაიცვან კანონები.  


ქალაქ აშდოდში მცხოვრები ია გაგუა კი გვიყვება, როგორ იცავს თავს სირენების ჩართვის შემდეგ, რაც იმის მანიშნებელია, რომ სარაკეტო იერიში იწყება.


"ეს ორი დღე სირენები ჩაირთო, რაც გაფრთხილების ნიშანია. ისრაელმა წარმატებით მოიგერია რაკეტები და ზღვაში ჩაყარა. აქ ყველაფერი ადაპტირებულია სიტუაციის შესაბამისად, საგანგაშო სიგნალის დროს, მოქალაქეები სპეციალურ ოთახებში შედიან. ახალ ბინებს თავდაცვის ოთახები აქვთ, ძველ სახლებს კი, პირველ სართულზე აქვთ განთავსებული. როცა სირენები ჩაირთვება, უნდა შეხვიდე და ძირს დაწვე. საომარი სიტუაციისთვის ქვეყანა მუდმივად ადაპტირებულია და მზადყოფნაშია. აქ პატარა ბავშვმაც კი იცის, როგორ მოიქცეს. 


ისრაელში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მოზომილები ვიყოთ და ჩვენი ემოციები ახლობლებს არ გადავდოთ. ქალაქის ცენტრალურ უბნებში ჩართულია მუსიკა და ასე ამხნევებენ ერთმანეთს მოქალაქეები ერთმანეთს,"- ამბობს ია გაგუა.

 

ცხელი ზონაა ისრაელის ქალაქ ბათ იამში, სადაც, საომარ მოქმედებებთან ერთად არაბებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის სამოქალაქო დაპირისპირებაცაა. ბათ იამში მცხოვრები ცნობილი ქართველი ებრაელი, არაერთი სიმღერისა და ლექსის ავტორი იმედო ჯანაშვილი "ჯორჯიან თაიმსთან" ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე ჰყვება და ყველას სიმშვიდისკენ მოუწოდებს. 


"დღეს სიმშვიდეა, სტაბილური ვითარებაა. გვიან ღამით, დაახლოებით პირველ საათზე იყო განგაშის სიგნალი. დღეს კი თითქმის ყველაფერი შეწყდა, ყველაფერი მუშაობს. რაც შეეხება გასულ ღამეებს, ნამდვილად მძიმე იყო. იყო ძლიერი რაკეტული თავდასხმა მთელი ღამის განმავლობაში, ბევრია დაღუპული და დაშავებული. "ღაზას სექტორიდან" 1000-ზე მეტი რაკეტა იყო გამოშვებული. ხშირია ასეთი ფაქტები, მაგრამ, 25 წელია აქ ვცხოვრობ და ასეთი მასშტაბით პირველად არის. ყველას სიმშვიდისკენ მოვუწოდებ, ყველა ის ზომები დაიცვან, რაზეც სახელმწიფო მიგვითითებს და რაც მთავარია, არ აყვნენ პანიკას, დანარჩენი, ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები,"- ამბობს ქართველი ემიგრანტი.


გვსურდა, უფრო მეტი დეტალი გაგვეგო ჯანაშვილიდან, თუმცა, საუბრის დროს საგანგაშო სირენები ჩაირთო და მასთან ინტერვიუს შეწყვეტა მოგვიწია.

"აი, ამ წამს ჩაირთო სირენები, რაც ნიშნავს, რომ ისევ ვიბომბებით."


"ჯორჯიან თაიმსი" ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობას სოლიდარობას უცხადებს და მათ ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესახებ, მომავალშიც ოპერატიულად გაცნობებთ.

 

/თათია შაიშმელაშვილი/

 

 




ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge