17:02 14.05.2021
როგორია თურქეთ-ისრაელის თანამედროვე ურთიერთობები - სიმონ კილაძის ანალიტიკური მიმოხილვა

პოლიტიკური მიმომხილველი სიმონ კილაძე სოციალურ ქსელში თურქეთ-ისრაელის თანამედროვე ურთიერთობების ანალიტიკურ მიმოხილვას გვთავაზობს:

 

ალბათ, საინტერესოა ვიცოდეთ ჩვენი პარტნიორი ქვეყნის - თურქეთის დამოკიდებულება, ასევე, ჩვენს პარტნიორ ქვეყანასთან - ისრაელთან.

ეს ის დიპლომატიაა, რომელიც უნდა ვიცოდეთ.

-------------

ა) თურქეთ-ისრაელის თანამედროვე ურთიერთობების ანალიტიკური მიმოხილვა;

ბ) თურქული პრესის კომენტარები ისრაელ-პალესტინას შორის მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით.

------------

მიუხედავად იმისა, რომ ისრაელის დღევანდელი ტერიტორია სულ რაღაც 100 წლის წინათ თურქეთის (ოსმალეთის იმპერიიის) შემადგენლობაში შედიოდა, 1948 წელს თურქეთი იყო ერთ-ერთი ის პირველი სახელმწიფო, რომელმაც ისრაელის სახელმწიფოს დამოუკიდებლობა აღიარა და თელ-ავივში თავისი დიპლომატიური მისია გაგზავნა. დიდი ხნის განმავლობაში თურქეთი და ისრაელი მჭიდრო ეკონომიკურ და სამხედრო პარტნიორობას ინარჩუნებდნენ, კერძოდ, ორივე ქვეყნის მთავრობებმა ხელი მოაწერეს მრავალმილიარდიანი პროექტის რეალიზებას - ხელშეკრულებას ნავთობ- და გაზსადენების მშენებლობის თაობაზე.

 

მაგრამ ნაყოფიერი ურთიერთობის პერიოდი ძირითადად ლაიცისტურ თურქეთთან დამოკიდებულებით გამოიხატება, როცა თურქეთის ხელისუფლებაში საერო პოლიტიკოსები იყვნენ და თურქული არმიაც მუსტაფა ქემალის მიერ შექმნილი სახელმწიფოს საერო პრინციპებს იცავდა. ასე გრძელდებოდა 21-ე საუკუნის დასაწყისამდე.

 

2002 წელს საპარლამენტო არჩევნებში სამართლიანობისა და განვითარების [ისლამურმა] პარტიამ გაიმარჯვა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ჯერ აბდულა გიული, შემდეგ კი რეჯეფ ერდოღანი გახდა. სწორედ მისი პრემიერობის დროს დაიწყო თურქეთის სწრაფი ისლამიზაცია და პარალელურად ანტიისრაელური რიტორიკის გაფართოება. თურქეთმა ისრაელთან დისტანცირებაც მოახდინა. მართალია, 2005 წელს რეჯეფ ერდოღანი ისრაელში ვიზიტით იმყოფებოდა, მაგრამ მოლაპარაკების შედეგები მაინცდამაინც საიმედო ვერ გამოდგა. ურთიერთობის გაუარესების მნიშვნელოვანი ეტაპი გახდა ანტიტერორისტული სამხედრო ოპერაცია „ჩამოსხმული ტყვია“, რომელიც ისრაელმა განახორციელა ღაზის სექტორში, 2008 წლის დეკემბრის ბოლოს, ჰამასის მიერ ისრაელის ტერიტორიის სარაკეტო თავდასხმების აღსაკვეთად. ამ დროს ისრაელის სამხედრო-საზღვაო ძალებმა ხელთ იგდეს თურქული გემი „მავი მარმარა“, რომელიც ისრაელის მიერ გამოცხადებული ღაზის სექტორის ბლოკადის გარღვევას ცდილობდა. ინციდენტის დროს 10 პალესტინელი აქტივისტი დაიღუპა.

 

თურქეთის საგარეო პოლიტიკაში სულ უფრო აქტიურდება ისრაელის წინააღმდეგ მიმართული [ანტისემიტური] პროპაგანდა, თანდათანობით მცირდება სავაჭრო-ეკონომიკური კავშირებიც. 2009 წლის იანვარში კი, დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე თურქეთის პრემიერი რეჯეფ ერდოღანი და ისრაელის პრეზიდენტი შიმონ პერესი ყველას წინაშე საჯაროდ წაკინკლავდნენ - ისევ ისრაელის მიერ ჰამასის წინააღმდეგ განხორციელებული ოპერაციის თაობაზე. ფორუმის ფარგლებში გამართული ერთ-ერთი დისკუსიის დროს რეჯეფ ერდოღანმა ისრაელი პალესტინელთა უსამართლო მიდგომაში დაადანაშაულა, 85 წლის შიმონ პერესმა კი თავისი საპასუხო გამოსვლა თითქმის ყვირილით დაასრულა: „აბა, თქვენ რას იზამდით, თუ სტამბოლი ყოველწლიურად ათასობით თვითნაკეთი რაკეტით დაიბომბებოდაო“. დარბაზმა ისრაელის პრეზიდენტს ოვაცია მოუწყო.

 

რეჯეფ ერდოღანი გამწარდა და მიკროფონს მოდერატორის უნებართვოდ სწვდა: „თქვენ, პრეზიდენტო პერეს, ჩემზე უფროსი ხართ ასაკით. შეიძლება დანაშაულს გრძნობთ და ამიტომ ჩემს მიმართ ხმას იმაღლებთ. თქვენ ადამიანები დახოცეთ... მახსოვს ბავშვები, პლაჟზე დაღუპულნი...“. თურქი პრემიერი ისრაელს 10 წუთის განმავლობაში აკრიტიკებდა.

 

დისკუსიის მოდერატორმა, „ვაშინგტონ პოსტის“ ჟურნალისტმა დევიდ იგნატიუსმა თურქეთის პრემიერ-მინისტრის გაჩერება სცადა, ხელი მოჰკიდა და ექაჩებოდა. რეჯეფ ერდოღანი მიუბრუნდა დევიდ იგნატიუსს ეუბნება: „არ გინდა, ხომ, ჩემი მოსმენა? შიმონ პერესი 25 წუთი ალაპარაკე, მე კი მხოლოდ 12. არასწორად იქცევი. მორჩა, ჩემი ფეხი აქ აღარ იქნება, მე წავედი“. პრემიერმა ფურცლები აიღო და დარბაზიდან გავიდა.

 

წყარო: https://lenta.ru/articles/2009/01/30/row/

 

თურქები დავოსიდან დაბრუნებულ პრემიერს ისე დახვდნენ აეროპორტში, როგორც გმირს შეშვენის. ამ ინციდენტის შემდეგ ისრაელმა დაიწყო სწრაფი დაახლოება თურქეთის „არაკეთილმოსურნეებთან“ - საბერძნეთთან და კვიპროსთან.

 

მომდევნო წლებში თურქეთ-ისრაელის ურთიერთობაში აშკარად შეიმჩნეოდა წინააღმდეგობრივი მომენტები - „დათბობას“ მკვეთრი „აცივება“ ცვლიდა: მაგალითად, 2013 წელს ისრაელმა ბოდიში მოიხადა თურქეთის წინაშე 2008 წლის საზღვაო ინციდენტთან დაკავშირებით, მაგრამ 2018 წელს თურქეთის აღშფოთება გამოიწვია იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების საკითხმა. რეჯებ ერდოღანმა განაცხადა, რომ იერუსალიმი სულ რაღაც 90 წლის წინ თურქული ქალაქი იყო, ოსმალეთის იმპერიაში შედიოდა და ებრაელებს მასზე უსაფუძვლო პრეტენზიები აქვს. „ისრაელი ტერორისტული სახელმწიფოა, ჩვენ მას გავანადგურებთ, თელ-ავივში 48 საათის განმავლობაში დავიკავებთ... ჩვენ არაბები არ ვართ, რომლებიც ებრაელებთან ომში მარცხდებოდნენ“, - აცხადებდა რეჯეფ ერდოღანი (წყარო: https://eadaily.com/.../turciya-za-48-chasov-voydyot-v...

 

მოკლედ, ახლო აღმოსავლეთის მთავარ გეოპოლიტიკურ მოთამაშეებს - თურქეთს და ისრაელს ერთმანეთში, შეიძლება ითქვას, პერმანენტული დაპირისპირება აქვთ, რაც ნეგატიურ გავლენას ახდენს რეგიონის სტაბილურობაზე.

 

ბუნებრივია, თურქული პრესა დიდ ყურადღებას უთმობს ისრაელ-პალესტინის დაპირისპირების ამჟამინდელ გამწვავებას. პრესაში ყოველდღიურად ქვეყნდება სტატიები, ინტერვიუები, კომენტარები ბოლო დღეებში მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებით.

 

გავეცნოთ ზოგიერთ პუბლიკაციას თურქული პრესიდან:

 

------------

თურქული გაზეთის „ჯუმჰურიეთ“-ის («Cumhuriyet») მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში კორესპონდენტი ჰუსეინ ჰაიათსევერი ექსპერტებს ესაუბრება, რომლებიც აზრს გამოთქვამენ თურქეთისა და ისრაელის პოზიციების შესახებ.

 

თურქეთის ყოფილი ელჩი ისრაელში ოღუზ ჩელიკოლი ამბობს, რომ ისრაელმა, თავისი ძალადობრივი მოქმედებით, უკვე დიდი ხანია უარი თქვა კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების თაობაზე (ორი სახელმწიფოს არსებობის პრინციპით) და ცდილობს მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ებრაული დასახლებები გააფართოვოს. „ამ საკითხს მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს ვაშინგტონმა, რომელსაც ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს შეჩერება შეუძლია.

 

თურქეთის ახლო აღმოსავლეთის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის პროფესორი ჰუსეინ ბაღჯი ყურადღებას ამახვილებს არაბული ქვეყნების [არაკეთილსინდისიერ] პოზიციაზე პალესტინელთა მიმართ: „არაბებმა პასუხისმგებლობა და ვალდებულება ჩვენ, თურქებს გადმოგვაბარეს. რა თქმა უნდა, ჩვენი პოზიცია სამართლიანია და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, მაგრამ პალესტინის საკითხი ყველამ ერთად უნდა გადაჭრას, თურქეთს ამის შესაძლებლობა არ აქვს“.

 

თურქეთის გენშტაბის სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი უფროსი, გადამდგარი გენერალი ისმაილ ჰაკი კომენტარს უკეთებს იმ ლოზუნგებს, რომლებიც თურქეთში გამართულ საპროტესტო აქციებზე გაისმის ისრაელის მოქმედების წინააღმდეგ - „გავწყვიტოთ ისრაელთან სამხედრო თანამშრომლობა“, „გავგზავნოთ ჩვენი არმია პალესტინელების დასახმარებლად’ და ა.შ. „ამ მოწოდებებს არავითარი საფუძველი არ აქვთ, განსაკუთრებით არმიის თაობაზე. თურქეთის არმიის პალესტინაში გადასროლაზე, თუნდაც სამშვიდობო მიზნით, ლაპარაკიც კი არ შეიძლება, რადგან გაეროს რეზოლუციის გარეშე არავითარი სამხედრო კონტინგენტის გაგზავნა არ შეიძლება. ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც კი არაბულმა და ისლამურმა ქვეყნებმა შეიძლება ერთობლივად გააკეთონ, ეს იქნება ისრაელის წინააღმდეგ მიმართული სანქციების დაწესება... მაგრამ, სამწუხაროდ, არაბულ ქვეყნებს ასეთი ნაბიჯის გადადგმა არ შეუძლიათ...“.

წყარო: https://www.cumhuriyet.com.tr/.../isgal-altindaki-dogu...

--------------

 

გაზეთი „საბაჰი“ («Sabah») სტატიაში „ჩვენ მხარს ვუჭერდით ებრაელებს ჰიტლერის წინააღმდეგ, ახლა კი პალესტინელების მხარეზე ვართ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ“ (ავტორი - მეჰმეთ ბარლასი) ყურადღებას ამახვილებს, რომ ისრაელის ადმინისტრაციამ პალესტინელების ჩაგვრა ურაზა-ბაირამის ზეიმის დღეებშიც კი გააგრძელა.

 

„ჩვენ, თურქები, ებრაელების მტრები არ ვართ. არსებობენ ფაქტები, რომლებიც ებრაელებმა უნდა იცოდნენ: როცა ესპანეთის მეფე ფერდინანდმა და დედოფალმა იზაბელამ ებრაელები ესპანეთიდან გააძევეს (1492 წელს ესპანეთში ებრაელებს ულტიმატუმი წაუყენეს - ან გაქრისტიანება, ან ქვეყნიდან გაძევება - ს.კ.), ჩვენ ისინი ხელგაშლით მივიღეთ. იმ დროს, როცა ევროპულ ქვეყნებში ანტისემიტიზმს და ებრაელებისადმი სიძულვილს აღვივებდნენ, ოსმალეთის მიწებზე ებრაელებს უფლებები არ შეზღუდვიათ, მათ ყველასთან თანაბარი უფლებები ჰქონდათ. როცა ადოლფ ჰიტლერმა ებრაელებს გენოციდი მოუწყო, თურქეთმა ებრაელი მეცნიერები გულთბილად მიიღო... 1948 წელს, როცა გაერომ გადაწყვეტილება მიიღო ისრაელისა და პალესტინის სახელმწიფოების შექმნის თაობაზე, თურქეთმა პირველმა აღიარა ისრაელის დამოუკიდებლობა.

 

ასე რომ, უგუნურმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ, სანამ ვთქვათ და თურქეთზე თავდასხმას გადაწყვეტს, მან პირი და ტვინი უნდა გამოირეცხოს, რომ სამართლიანად ილაპარაკოს. თურქეთი და მისი პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი გმობს იმ ფაქტს, რომ ისრაელი ნეთანიაჰუს აგრესიული პოლიტიკის მძევალია. მისი მთავრობა პალესტინელებს ჰიტლერული გერმანიის მსგავსად ექცევა და ჩაგრავს. როცა იცხაკ რაბინმა (ისრაელის პრემიერმა) და იასირ არაფატმა (პალესტინის ლიდერმა) 1993 წელს ოსლოში ხელი სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერეს, თურქეთმა მათ მხარი დაუჭირა, როცა 1995 წელს ებრაელმა ფანატიკოსმა იცხაკ რაბინი მოკლა, ჩვენ დავგმეთ მკვლელობის ფაქტი. ანუ თურქეთს ყოველთვის ნეგატიური დამოკიდებულება ჰქონდა უსამართლობაზე, ვის წინააღმდეგაც არ უნდა ყოფილიყო ის მიმართული - ებრაელების თუ პალსეტინელების.

 

მსოფლიოში ბევრი რამ ხდება როგორც სწორად და სამართლიანად, ასევე მცდარად და უსამართლოდ. ყურადღება მივაქციოთ დიდ ბრიტანეთს: ლონდონის მერად მეორე ვადით ირჩევენ მუსლიმან სადიკ ხანს. მაგრამ იმავდროულად საფრანგეთში პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ოპოზიციონერი მარი ლე პენი ფანატიკური ისლამოფობები არიან. ასევე თვით ისრაელშიც იაირ ლაპიდი ძალიან განსხვავდება ბენიამინ ნეთანიაჰუსაგან. ჩვენ, თურქები, უკანონობის, ძალადობის, ჩაგვრის, ფანატიკური დისკრიმინაციის მოწინააღმდეგეები ვართ. როცა ებრაელებს ჩაგრავდნენ, ჩვენ მათ მხარეზე ვიყავით, ახლა როცა პალესტინელები ბენიამინ ნეთანიაჰუს ტირანიას განიცდიან, ჩვენ პალესტინის მხარეზე ვართ“.

წყარო: https://www.sabah.com.tr/.../hitler-karsisinda-yahudileri...




ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge