22:47 16.05.2021
ქალაქ დმანისში ახალგაზრდები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

დმანისის მერის გიორგი ტატუაშვილის ინფორმაციით, ქალაქ დმანისში ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა.

დმანისის მერის ინფორმაციით, საქმეში ჩართულია პოლიცია. მისივე განცხადებით, სავარაუდოდ, არიან დაშავებულები, თუმცა ზუსტი ინფორმაცია არ ვრცელდება.

გიორგი ტატუაშვილის თქმით, ამ დროისთვის ქალაქში სიმშვიდეა. ინციდენტი კი დაახლოებით 17:00 საათზე მოხდა.

"დაპირისპირების კადრები ვნახე. პოლიცია არის ჩართული და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. დაპირისპირების შემდეგ, კადრებშიც ჩანს, რომ ხალხო დაიშალა, მას შემდეგ არავინ ყოფილა. სავარაუდოდ, დაშავებულები იქნებიან, მაგრამ ჯერ ინფორმაცია არ ვრცელდება. ახალგაზრდებს შორის მოხდა კონფლიქტი, ვიღაცას ეტყობა აწყობს, რომ სპეკულაცია გააკეთოს ეთნიკურ, ან კუთხურ ნიადაგზე. ეს არასწორი ინტერპრეტაციაა. ახალგაზრდებს შორის მოხდა დაპირისპირება. სამართალდამცველები მიხედავენ. ამ დროისთვის ქალაქში სიმშვიდეა",- აღნიშნავს დმანისის მერი.

ცნობისთვის, ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ მოქალაქეები ერთმანეთს ფიზიკურად ჯოხების და სხვადასხვა ნივთების გამოყენებით უპირისპირდებიან.

"ინტერპრესნიუსი" დამატებით დეტალებს შსს-ში არკვევს.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge