20:20 19.05.2021
ყველაზე მოთხოვნადი უბნები თბილისში - ახალი ტენდენციები უძრავი ქონების ბაზარზე

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 21 მარტის მდგომარეობით ქირავნობის სარგებელი თბილისში თებერვალთან შედარებით შემცირდა და 6.6% შეადგინა. COVID-19-ის პანდემიის გამო თბილისში ბინების გაქირავება გართულდა, ხოლო მოსახლეობის ნეგატიური მოლოდინები და არასტაბილურობის განცდა უძრავ ქონების გაყიდვებზე აისახა. სექტორის მხარდასაჭერად 2020 წლის ბოლომდე ახალაშენებული ბინის შეძენის შემთხვევაში იპოთეკური სესხის 4%-ს სახელმწიფო ასუბსიდირებდა. ვაქცინაციის პროცესის დაწყებასთან ერთად, გაჩნდა მოლოდინი, რომ ტურისტული სექტორი აღდგენას დაიწყებს, რასაც უძრავ ქონებაზე მოთხოვნის ზრდა მოჰყვება.

უძრავი ქონების პლატფორმა SS.ge-ის ხელმძღვანელის ნიკოლოზ ჯაფარიძის შეფასებით, უძრავი ქონების ქირის ინდექსმა შემცირება 2020 წლის დასაწყისიდან დაიწყო.

„უძრავი ქონების ქირის ინდექსი აშშ დოლარში 18%-ით შემცირდა 2020 წლის დასაწყისიდან, მაშინ როცა ფასების ინდექსი აშშ დოლარში შედარებით სტაბილურია და წლის დასაწყისიდან მხოლოდ 6%-ით შემცირდა. ქირების შემცირება შეიძლება აიხსნას ტურიზმის შეჩერებითა და სტუდენტების მხრიდან შემცირებული მოთხოვნით, რაც უნივერსიტეტებში ონლაინ სწავლების შედეგია“, - განმარტა მან.

საინტერესოა, ახლანდელი მდგომარეობით, რომელი უბანია ყველაზე მოთხოვნადი ბინის გაქირავების კუთხით და როგორია ახლანდელი ფასები?

SS.ge-ს წარმომადგენელი განგვიმარტავს, რომ დღეის მონაცემებით, გასაქირავებლად თბილისის მოთხოვნადი უბნებია ჩუღურეთი, ავლაბარი, მთაწმინდა. შესაბამისად, მოთხოვნად უფრო მცირე ფართობისა და სტუდიოს ტიპის ბინებზეა.

სამივე უბანში ხორციელდება სამშენებლო პროექტები, რომელთა ფასებიც ახალაშენებული და მშენებარე მხოლოდ უძრავი ქონების პლატფორმა House.ge-ის თანახმად, ასეთია:

  • ჩუღურეთი - კვ.მ-ის ფასი იწყება 2 750 ლარიდან;
  • ავლაბარი - კვ.მ-ის ფასი იწყება 2 710 ლარიდან;
  • მთაწმინდა - კვ.მ-ის ფასი იწყება 3540 ლარიდან.

აღსანიშნავია, რომ უძრავი ქონების ფასი იზრდება მდგომარეობისა და მდებარეობის მიხედვით. House.ge-ზე არსებული ტენდენციის მიხედვით, უძრავ ქონებაზე მოთხოვნა ნელ-ნელა იზრდება. 




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge