21:34 20.05.2021
ცისფერ გალერეას ის ხალხი აქირავებდა, ვისაც მისი დაცვა ევალებოდა - სამუზეუმო სკანდალი კულტურის სამინისტროში

კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „ქრონიკაში“ მუზეუმებიდან კულტურის სამინისტროში გატანილი იმ ექსპონატებზე ისაუბრა, რომლებიც მუზეუმებს დაუბრუნდა. მისივე განმარტებით, 12-ის ნაცვლად უნდა ყოფილიყო 19 ნამუშევარი, მაგრამ დანარჩენი ნამუშევრები კულტურის სამინისტროში არ აღმოჩნდა.

 

„გვაქვს ფაქტებით გამყარებული ვარაუდი, რომ ამ 7 ნაკლული ნამუშევრიდან 4 ჩეხეთში, ჩვენს საელჩოშია და საგარეო საქმეთა სამინისტრო გვიწევს ქმედით დახმარებას, რომ მომდევნო კვირებში 4 ტილო დაბრუნდეს და მათ აეროპორტიდანვე იმ მუზეუებში დააბრუნებენ, რომელთაც ეკუთვნით. არის ასევე 3 ტილო, რომელიც დოკუმენტურად უნდა ყოფილიყო სამინისტროში, მაგრამ ისინი აქ არ არის. ეროვნული მუზეუმი გვეუბნება, რომ ეს 3 ტილო არის მათთან. შესაბამისად უნდა ვივარაუდოთ, რომ ისინი ისე დაბრუნდა, რომ მიღება-ჩაბარება არ გაფორმებულა. მიუხედავად ამისა, უნდა ჩატარდეს ახალი და თანამედროვე ქართული ფერწერის ფონდის აღწერა-შეჯერება იმისთვის, რომ ჩამოვყალიბდეთ და ვიცოდეთ, ხომ არ არის კიდევ რომელიმე ტილო სხვა პერიოდებში გატანილი. მაგალითად, დღეს დამიკავშირდნენ და უნდა იყოს რომელიღაც ერთი ნახატი იუნესკოში გატანილი. ჩვენ ამ საკითხითაც დავინტერესდებით და თუ სიმართლე აღმოჩნდა, ამ ნახატსაც დავაბრუნებთ საქართველოში“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, ეს მანკიერი ტრადიცია, რომ უწყებამ წამოიღოს მუზეუმებიდან ნახატები და საკუთარი კაბინეტები მორთონ ჩინოსნებმა, დღეს დასრულდა.

 

geotimes.ge-სთვის ცნობილი გახდა, რომ ცისფერი გალერეას, რომელიც ასევე მინისტრის გადაწყვეტილებით მხატვრებს დაუბრუნდა, ბოლო დრომდე კერძო პირები იყენებდნენ მერკანტილური მიზნებით. გალერეის ცენტრალური შესასვლელი რუსთაველის პროსპექტიდან, დიდხანს იყო დაკეტილი. შესვლა მხოლოდ ალექსანდრეს ბაღის მხრიდან იყო შესაძლებელი და არც თუ შემთხვევით. ცისფერ გალერეას აქირავებდნენ, იქ ეწყობოდა ხალხმრავალი ქეიფები და მსგავსი ღონისძიებები. როგორც ხელოვნებათმცოდნეები გვეუბნებიან, ამ საქმეს ხელს უწყობდა ის ხალხი, ვისაც სამუზეუმო საქმიანობის დაცვა ევალებოდა. პროფესიონალებს იმედი აქვთ, რომ კონკრეტული პერსონების დანაშაული საზოგადოებისთვის მალე გახდება ცნობილი და ისინი პასუხს აგებენ კანონის წინაშე.  




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge