დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

რას მოგვიტანს 26 მაისის მთვარის დაბნელება 24.05.2021 17:35

ასტროლოგი ხათუნა ნოელი მოსალოდნელი სიურპრიზების შესახებ გვაფრთხილებს და უფრო ლაღ ზაფხულს გვიწინასწარმეტყველებს.

 

მის შესახებ ინფორმაცია ერთ-ერთი მეგობრის პოსტში ამოვიკითხე. ეკონომიკის დოქტორი და საქართველოს პოლიტიკურ ისტებლიშმენტში  კარგად გარკვეული ახალგაზრდა ქალბატონი, ასტროლოგ ხათუნა ნოელის, იგივე ღვინიაშვილის შესახებ წერდა. ის არ ადგენს პირად ჰოროსკოპებს. „რაში გჭირდებათ, გაიგოთ, როგორი ხასიათი გაქვთ. ეს ხომ თქვენ ჩემზე კარგად იცით?“, - ამბობს ხათუნა ნოელი. ის ასტროლოგიაში მეცნიერებიდან მოსული კადრია.

 

პირადი გამოცდილებით შემიძლია, გითხრათ, რომ ის არც არაფერს ალამაზებს და არ გხიბლავთ, მაგრამ, პატიოსნად გაძლევთ იმ საჭირო რჩევებს, რაც საკუთარი ცხოვრების უკეთ დაგეგმვასა და წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ.

 

"ჯორჯიან თაიმსი" ხათუნა ნოელს მიმდინარე პერიოდზე სასაუბროდ დაუკავშირდა.

 

ალბათ, ყველა ატყობთ, რომ  ძალიან  რთულ, მაგრამ ამავდროულად  საინტერესო პერიოდში მოგვიწია ცხოვრება. ასტროლოგიის ცოდნა იძლევა საშუალებას,   გამოვიცნოთ, თუ ამ ჭადრაკის დაფაზე,  რასაც  ცხოვრება ჰქვია, რა შეიძლება იყოს მომდევნო სვლა და უფრო მეტად მობილიზებულები და მომზადებულები შევხვდეთ მომავალს.

 

რის საფუძველზე იძლევა ასტროლოგია პროგნოზებს?  არც მეტი და არც ნაკლები, -  ეს ხდება სტატისტიკური ფაქტების ანალიზზე დაყრდნობით. ისტორიკოსები და უბრალოდ ისტორიის კარგად მცოდნეები დამეთანხმებიან, რომ   მსოფლიო განვითარების ევოლუციურ გზაზე ყოველთვის შეინიშნებოდა  ციკლური განვითარება. ანუ, როგორც უბრალო ადამიანები ვიტყვით ხოლმე - ‘’ისტორია ხშირად მეორდება’’, რა თქმა უნდა, განსხვავებული დეტალებით, მაგრამ, არსობრივად სპირალისებური- ციკლური განვითარება ისტორიის ერთ-ერთი მახასიათებელი ფაქტორია. ციკლურობა არის მახასიათებელი პლანეტათა და მნათობთა გადაადგილებისთვისაც.  სწორედ ამ ორი ფაქტორის - ისტორიული მოვლენებისა და პლანეტარული ციკლების ურთიერთ ზეგავლენის შესწავლის საფუძველზე ვაკეთებთ ასტროლოგები პროგნოზებს.  ასეთი ციკლურობის ერთ-ერთი მაგალითი გვაქვს მაისის თვეში სატურნისა და ურანის ურთიერთ დაძაბული ასპექტი, რომელიც, უახლოეს წარსულში  წლის დასაწყისში- იანვარ- თებერვლის თვეებში იკვრებოდა ცის კაბადონზე. ეს ასპექტი თავის განმეორებით პიკს  15 ივნისს მიაღწევს.

 

მაისის თვე, შეიძლება ითქვას, რომ   ძალიან მნიშვნელოვანი  ასტრონომიული მოვლენებით გახლავთ გამორჩეული. გარდა იმისა, რომ 26 მაისს, ამ წლის რიგით  პირველი მთვარის  დაბნელება გვექნება,  მაისშივე    (14 მაისს) პლანეტა იუპიტერმა, რომელიც  სოციალურ პროცესებზე ახდენს ზეგავლენას,  თევზების ზოდიაქოში გადაინაცვლა. ხოლო მეორე ‘’სოციალური ‘’ პლანეტა სატურნი,  უკუსვლითი გახდა.  30 მაისიდან 3 კვირით უკუსვლითი (რეტროგრადული) გახდება  მერკურიც. ივნისის 10 რიცხვში კიდევ ერთი, ამჯერად მზის დაბნელების მომსწრენი გავხდებით ...

 

მაგრამ  მოდით, მივუყვეთ და განვიხილოთ, ზემოთ ჩამოთვლილი მოვლენებიდან  უშუალოდ რა რისი მომცემია. დავიწყოთ სატურნისა და ურანის ასპექტით.

 

სატურნი ძველი სქემებია, ჩვევები,  წესები.   ცვლილებების მმართველი ურანი  კი  ამ მოძველებულ ჩარჩოებს ებრძვის. უნდა ითქვას, რომ  სატურნი ახლა ურანის  მმართველობის ტერიტორიაზე მოძრაობს და უნდა-არ უნდა, მისი წესებით მოუწევს თამაში. ამ წინააღმდეგობამ პრობლემები შეიძლება შეიქმნას როგორც საზღვრებთან  დაკავშირებულ თემებზე, ისე სახელისუფლებო ვერტიკალშიც -ეს ორივე სატურნია. თუმცა, კუროს ზოდიაქო, სადაც  ახლა  ურანი იმყოფება, არც ურანისთვის არის დიდად სახარბიელო. ამიტომ ფინანსები, სტაბილურობის შეგრძნება და ენერგო- ბალანსიც.

 

ეს ის დროა, როდესაც  ძალიან ბევრგან შეიცვლებიან სახელისუფლო ვერტიკალში მყოფი პირები, რისი დასაწყისიც უკვე იანვარშიც შეიმჩნეოდა.  პრობლემები შეეხება სავალუტო- საფინანსო სისტემასაც - ამის ნიშნებსაც,  კრიპტო-ვალუტების სერიოზული კრიზისის სახით გამოხატულს- უკვე ვხედავთ.

 

 

რომ არ იფიქროთ, რომ ასტროლოგია მხოლოდ ნეგატივზეა ორიენტირებული და ადამიანების დაპანიკებას ემსახურება, მინდა, ამ ასპექტის დადებით მხარეზეც გესაუბროთ.

 

ცხოვრება მუდმივ პროგრესს უნდა ემსახურებოდეს, რაც ახლისკენ სწრაფვით გამოიხატება, ამიტომ,  აუცილებელია ვისწავლოთ დრომოჭმულის გაშვება და ახალთან ადაპტაცია. სატურნისა და ურანის დაძაბული ასპექტი მხოლოდ იმ ადამიანების კატეგორიისათვის შეიძლება აღმოჩნდეს რთული, ვინც სიახლეებს გაურბის და რეფორმების ეშინია. აქედან გამომდინარე, მაისი- ივნისის თვეები სწორედ ძალიან შესაფერისი პერიოდია იმისათვის, რომ შევიცვალოთ, განვახლდეთ და სამყაროს ახალ რიტმებს ავეწყოთ. ასეთ შემთხვევაში წარმატება ნამდვილად ჩვენს მხარეს იქნება.

 

რაც შეეხება დაბნელებებს: მათ შორის  ორკვირიანი  ე. წ. დერეფანი ზოგადად რთული ენერგეტიკით გამოირჩევა ხოლმე. განსაკუთრებით  დაძაბული შეიძლება იყოს,  რა თქმა უნდა, უშუალოდ დაბნელების დღეები - ანუ 26 მაისი და 10 ივნისი. ამ დღეებში, პლიუს მინუს 2-3 დღიანი ინტერვალით არ გირჩევთ არანაირი ახალი  და მნიშვნელოვანი საქმის წამოწყებას. მაქსიმალურად უნდა ეცადოთ, რომ სიმშვიდე და ბალანსი შეინარჩუნოთ. არ აჰყვეთ სხვადასხვა უსიამოვნო გარემოებებს და არც თავად შექმნათ კონფლიქტური სიტუაციები.   ამ პერიოდში ჯობს უკვე დაწყებული საქმეების ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანაზე იზრუნოთ. ან უბრალოდ ყოველდღიურ რუტინას მიჰყვეთ. ასეთ შემთხვევაში, როგორც წესი, დაბნელებების დღეებიც სრულიად უმტკივნეულოდ ჩაივლის ხოლმე, - ყოველგვარი ზედმეტი გართულებების გარეშე. 

 

კიდევ ერთი გაფრთხილება, თუ რჩევა - ნუ შეეცდებით დაბნელების პროცესზე დაკვირვებას. ამ დროს კოსმოსიდან  მაღალი  ნეგატიური ენერგეტიკა მოდის და ნამდვილად არასასურველია ჩვენი ორგანიზმის  სწორი ბალანსის შენარჩუნებისათვის.

 

დაბნელებების დერეფანის გარდა,  თითქმის იგივე პერიოდი ხელს არ უწყობს წამოწყებების კეთილად და  შედეგიანად  დასრულებას  მერკურის მიმართულების შეცვლის გამოც.  ეს  პლანეტა პასუხისმგებელია ჩვენს კომუნიკაციაზე, საქმიან მოლაპარაკებებზე, დოკუმენტების გაფორმებაზე, ისეთ შენაძენებზე, როგორიცაა თანამედროვე გაჯეტები( მობილურები, ტაბლეტები, კომპიუტერები და სხვა ელ. ტექნიკა). შესაბამისად, ეს ყველაფერი სამი კვირით ჯობს გადაიდოს. უფრო ზუსტად კი,  29 მაისიდან - 23 ივნისამდე. გამონაკლისი შეიძლება დაიშვას იმ ადამიანებისათვის, ვინც დანამდვილებით იცის, რომ პირად რუკაში მათი მერკურიც უკუსვლითი, ანუ რეტროგრადულია. ასეთ შემთხვევაში პლანეტას გვერდით ლათინური R  უწერია ხოლმე. თუ თქვენ რეტრო მერკურის მფლობელი ხართ, მაშინ, პირიქით, თქვენი აქტიურობის პერიოდი დამდგარა და თამამად შეგიძლიათ, რომ ზემოთ ჩამოთვლილი საქმეების განხორციელებაზე იზრუნოთ. თუმცა, რა თქმა უნდა, უშუალოდ დაბნელებების დღეებს ნურც თქვენ დაამთხვევთ.

 

არ შეიძლება არ შევეხოთ იუპიტერის თევზების ზოდიაქოში ტრანზიტს.  ამ პლანეტას ასტროლოგები ‘’დიდი ბედნიერების’’ პლანეტას ვეძახით. ის გახლავთ ჩვენი ერთ-ერთი სოციალური ორიენტირი და როდესაც ასეთი მნიშვნელობის ციური სხეული განლაგებას იცვლის, ეს ყოველთვის ძალიან  საინტერესოდ აისახება ხოლმე საზოგადოებრივ ცხოვრებაზე.

 

ზევით ჩვენ ციკლებზე გვქონდა საუბარი და უნდა მოგახსენოთ, რომ იუპიტერი დაახლოებით 12 წელიწადში ერთხელ  ხვდება ხოლმე ერთსა და იმავე ზოდიაქოს ნიშანებში. თევზებს ის ბოლოს 2010 წელში გადიოდა. უფრო ადრე აქ 1998-ში იყო...  ეს ზოდიაქო იუპიტერისათვის ერთ-ერთ ძლიერ მდებარეობად მიიჩნევა, შესაბამისად,  ის ორთვე ნახევარი, რომელსაც ის ამ ნიშანში გაატარებს, ძალიან გამორჩეული და დადებითი პერიოდი უნდა იყოს. სერიოზული პრობლემებიც კი, როგორც წესი, ამ დროს მინელდებიან ხოლმე.  მხატვრული შედარება რომ ვიხმაროთ, ცეცხლოვანი ბუნების მქონე იუპიტერი  ღრმად ყვინთავს ოკეანის ტალღებში და ზედმეტ ნაპერწყლებს ახშობს. თუმცა, რა თქმა უნდა, ცეცხლისა და წყლის ერთმანეთთან პირველი შეხება დუღილსაც იწვევს და გარკვეული მომენტები პოლიტიკური თუ სოციალური ცხოვრებისა საკმაოდ ‘’ მცხუნვარენიც ‘’ კი ხდებიან. მაგრამ, ეს დროებით, ხანმოკლე ხნით, რადგან საბოლოოდ წყლის სტიქია ცეცხლს მაინც აქრობს და ყველაფერი წყნარდება. ზოგიერთი თემა პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით, ფსკერისკენ მიდის, ზოგი კი, უბრალოდ თვალს მოფარებით, კულისებიდან გვარდება. ამავე დროს შეიძლება პირიქით, სწორედ ფსკერიდან წამოტივტივდეს ისეთი ამბები, რაც იქამდე დაფარული იყო. შესაძლოა ეს ეხებოდეს ზოგიერთ პოლიტიკურ გარიგებას, მსხვილ აფიორას, თუმცა ასევე შეიძლება ბუნების საიდუმლოებებს აეხადოს ფარდა და  ძალზე მნიშვნელოვანი  მეცნიერული აღმოჩენებიც კი გაკეთდეს. გამოკვეთილად გაიზრდება ეკლესიის და რწმენის როლი ჩვენს ცხოვრებაში. მოკლედ, მეტად საინტერესო თემები შეიძლება დაიძრას.  თუმცა ეს შეიძლება ითქვას, მხოლოდ ერთგვარი რეპეტიცია იქნება , ვინაიდან 28 ივლისს ბედნიერების პლანეტა კვლავ მერწყულის ნიშანს დაუბრუნდება და თევზებში ხელახლა მხოლოდ წლის ბოლოს გადავა.

 

და ბოლოს, არ შემიძლია არ შევეხო ივნისის თვის კიდევ რამოდენიმე მნიშვნელოვან ასტროლოგირ  მოვლენას. 2 ივნისს  ვენერა გადადის კირჩხიბის ნიშანში, სადაც 27 ივნისამდე გაჩერდება,  11-ში კი მარსი იცვლის ზოდიაქოს და ლომის ტერიტორიაზე გადაინაცვლებს. ის აქ ივლისის ბოლომდე დაჰყოფს. ეს მდებარეობები ორივე პლანეტისათვის საკმაოდ კეთილისმყოფელია, ისინი აქ დადებით ენერგეტიკას ასხივებენ და ჩვენც მათი ზეგავლენით ბევრად უფრო მზრუნველები და ემოციურები  ვხდებით. მარსის ტრანზიტის პერიოდი ძალზე მნიშვნელოვანი იქნება იმ ხალხისათვის, ვისაც პირად რუკაში მზე ან მარსი ლომის ნიშანში ჰყავთ, აგრეთვე მათთვისაც, ვინც ხელოვნების სფეროში მოღვაწეობს.

 

განსაკუთრებით კი მსახიობების, მხატვრების და მწერლებისათვის. ვინაიდან ამ პერიოდის მთავარი მოტივაცია იქნება, ვიყოთ სხვებისთვის შესამჩნევები, რაც შესაძლოა შემოქმედებითი იმპულსების გაღვივებითაც გამოიხატოს. შესაძლოა, ითქვას, რომ პროდუქტიული შემოქმედებითი წვის პერიოდი დგება.

 

ადამიანები გახდებიან უფრო მეტად ენერგიულები, პოზიტიურები, თვითდამკვიდრების მეთოდებიც შესაბამისად შეიცვლება და მართალია, ოდნავ მეტი თეატრალურობა და პომპეზურობა იქნება შესამჩნევი, მაგრამ მოიმატებს სითბოს, სიყვარულის გაცემის სურვილიც.

 

ვენერას კირჩხიბში ტრანზიტის დროს ადამიანებს სიყვარულის, ოჯახის შექმნის მოთხოვნილება უჩნდებათ. ძალზე კარგი პერიოდია ოჯახის წევრებთან, ნათესავებთან ან უბრალოდ ახლობელ ადამიანებთან კონტაქტებისათვის, გულთბილი და გულახდილი საუბრებისათვის. ასევე, მშვენიერი  პერიოდია ოჯახისათვის შენაძენების გასაკეთებლად, ან ახალი ბინის შესაძენად.

 

რომ შევაჯამოთ ყველაფერი, რაზეც ვისაუბრეთ,  მივხვდებით, რომ მაისის ბოლო და ივნისის დასაწყისი შესაძლოა ცოტა უფრო რთული იყოს, ზაფხულის ძალაში შესვლასთან ერთად კი სილაღე და პოზიტივი მოიმატებს. მეც ყოველივე კარგს და პოზიტიურს გისურვებთ. დაე, კოსმოსი და პლანეტების კეთილგანწყობა გქონოდეთ მუდამ.

 

/ლიკა ამირანაშვილი/

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ