00:19 26.05.2021
იუსტიციის სამინისტროს ყველა სავალდებულო შენიშვნა ხელშეკრულების საბოლოო ვერსიაში გათვალისწინებულია - გიორგი ჩიქოვანი

 

„დღეს მედია საშუალებებში გავრცელდა მორიგი ბრალდება ნამახვანი ჰესის პროექტის საწინააღმდეგოდ და გამოქვეყნდა იუსტიციის სამინისტროს დასკვნა ნამახვან ჰესის მშენებლობა, ფლობისა და ოპერირების ხელშეკრულების შესახებ. პირველ რიგში, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ის რეკომედაციები, რომელიც იუსტიციის სამინისტროს დასკვნაშია მოცემული, ასევე ასახულია ნამახვანის ხელშეკრულებაში და შესაბამისად, ყველა ის ბრალდება, რომელიც დღეს გავრცელდა, არის საფუძველს მოკლებული და მიზნად იასახავს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას. იუსტიციის სამინისტროს თანხმობის გარეშე ამ ხელშეკრულების გაფორმება ვერ მოხდებოდა," - ასე გამოეხმაურა საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი ჩიქოვანი ზოგიერთ მედია საშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომელშიც არასწორად იყო ინტერპრეტირებული იუსტიციის სამინისტროს დასკვნა ნამახვანი ჰესის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის სახელით, დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა განცხადება, რომლის თანახმადაც „ისეთი კონტრაქტის მომზადება და გაფორმება, როგორიცაა BOO (მშენებლობის, ოპერირებისა და ფლობის) ხელშეკრულების პროექტი არაერთ ეტაპს მოიცავს.  არამართებულია დღეს გავრცელებული დოკუმენტების სპეკულატიურად, სათანადო კონტექსტის გარეშე აღქმა. იუსტიციის სამინისტრომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართვის საფუძველზე მოამზადა ხელშეკრულების იურიდიულ ასპექტთან დაკავშირებული შენიშვნები, რომელიც არ ეხებოდა პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ ნაწილს.  შენიშვნებთან დაკავშირებით  მომზადდა მეორე დოკუმენტი - "შეთანხმების ფურცელი", რომელიც განიხილა მთავრობამ და რომელსაც დაეთანხმა იუსტიციის სამინისტროც. იუსტიციის სამინისტროს საბოლოო თანხმობის და ვიზირების გარეშე მთავრობა ვერ გააფორმებდა საბოლოო ხელშეკრულებას."

ფონდის განცხადების მიხედვით, ნამახვანჰესის ხელშეკრულება პასუხობს ყველა აუცილებელ სტანდარტს და კანონის მოთხოვნას. „ნამახვანჰესის საწინააღმდეგო კამპანიაში ჩართულ მხარეებს მოვუწოდებთ გავრცელებული დოკუმენტების გამოყენებით და სპეკულაციით ნუ გააჩენენ საზოგადოებაში მცდარ განცდებს, თითქოსდა რაიმე საიდუმლოსთან ან მხილებასთან გვაქვს საქმე. იუსტიციის სამინისტროს დოკუმენტში შემავალი ყველა სავალდებულო შენიშვნა დადებული ხელშეკრულების საბოლოო ვერსიაში გათვალისწინებულ იქნა, ხოლო არასავალდებულო შენიშვნებთან დაკავშირებით სხვადასხვა დასაბუთებაზე მიღებული გადაწყვეტილება დადგა, რაც ასახულია შენიშვნების ფურცელში," - აღნიშნულია საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





ავტორ(ებ)ი : geotimes.ge