14:04 27.05.2021
რა, ჩერნობილი აღარ გვეყო? - ლუკაშენკოს პირველი კომენტარი "RyanAir-ის სკანდალის" შემდეგ

ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ RyanAir-ის თვითმფრინავთან დაკავშირებით, ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებეზე პირველი კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ის მოქმედებდა კანონის ფარგლებში და ხვალაც ასე გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "დოჟდი" ავრცელებს.



"ჩვენ ვმოქმედებდით მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ადეკვატურად. სხვათა შორის, შეტყობინება თვითმფრინავის დანაღმვასთან დაკავშირებით წამოვიდა უცხოეთიდან, კერძოდ შევეიცარიიდან. ამასთან, ინფორმაცია შევიდა ვილნიუსში, ათენსა და მინსკში ერთდროულად" - განაცხადა ლუკაშნკომ.



მისი თქმით, თვითმფრინავის ფრენის არეალში განთავსებული იყო ბელორუსის ატომური სადგური და ზუსტად ამ სადგურთან ახლოს მოხდა თვითმფრინავის კურსის შეცვლა.



"რა, ჩერნობილი აღარ გვეყო? კითხვა მაქვს, ასეთ შემთხვევაში როგორ რეაგირებას მოახდენდა შეერთებული შტატები?" - განაცხადა ლუკაშენკომ.



ბელორუსის პრეზიდენტის ინფორმაციით, მის ხელშია ყველა სამხედრო ბერკეტი, რომელსაც გამოიყენებს ნებისმიერ დროს, თუკი ქვეყანას საფრთხე დაემუქრება.



"შეჩერდით..." - ასეთი იყო ლუკაშნკოს განწყობა დეპუტატებთან და პოლიტოლოგებთან შეხვედრისას.



აღსანიშნავია, რომ ლუკაშნკოს გამოსვლის პარალელურად, ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მზადდება შესაბამისი დოკუმენტაცია, რომლითაც ბელორუსის პრეზიდენტი მალე ჰააგას სასამართლოს წინაშე წარსდგება.



ცნობისათვის: რამდენიმე დღის წინ, 
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ გასცა ბრძანება, საბერძნეთიდან ლიეტუვაში მიმავალი თვითმფრინავი დედაქალაქ მინსკში დაშვებულიყო, რადგან ბორტზე ბელარუსი ოპოზიციონერი აქტივისტი/ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი იმყოფებოდა. კერძოდ, თვითმფრინავმა, რომელიც ათენიდან ვილნიუსში მიფრინავდა და თითქმის ლიეტუვის საჰაერო ტერიტორიაზე იმყოფებოდა, მიმართულება შეიცვალა და მინსკში გაფრინდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც თვითმფრინავის ეკიპაჟს უთხრეს, რომ ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული. ამის შემდეგ, ალექსანდრ ლუკაშენკოს პირადი ბრძანებით, Ryanair-ის თვითმფრინავს მიმართულება იძულებით, საბრძოლო თვითმფრინავის დახმარებით შეაცვლევინეს. თვითმფრინავის მინსკში დაშვების შემდეგ, ბელარუსმა სამართალდამცველებმა 26 წლის რომან პროტასევიჩი დააკავეს. ის ბელარუსში ძებნილად მას შემდეგ გამოაცხადეს, რაც აქტივისტ/ჟურნალისტი ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ გამართულ აქციებში იღებდა მონაწილეობას. 



აღსანიშნავია, რომ მომხდარის შემდეგ, დასავლეთის ქვეყნების ლიდერებმა დაგმეს მომხდარი ფაქტი და ლუკაშენკოს მოუწოდეს, სასწრაფოდ გაათავისუფლოს დაკავებული ჟურნალისტი. აშშ-ს პრეზიდენტი ბელორუსის წინაღმდეგ ახალი სანქციები დაწესებაზე ალაპარაკდა. განცხადება გაავრცელა საქართველოს საგარეო უწყებამ და საქართველოს პრეზიდენტმა.



მოგვიანებით, ასევე გავრცელდა სპეცსამსახურების მიერ გაშიფრული ინფორმაცია, სადაც დაფიქსირებულია პილოტისა და დისპეტჩერის საუბრის ჩანაწერი.




ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge