28 მაისს, თბილისში დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ონლაინ ფორუმი - „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“ გაიხსნა. ღონისძიებაში მონაწილეობენ ქვეყნის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები, საზღვარგარეთ მოქმედი დიასპორული ორგანიზაციების, საკვირაო სკოლებისა და შემოქმედებითი კოლექტივების ხელმძღვანელები, უცხოეთში სხვადასხვა სფეროში მოღვაწე თანამემამულეები, საქართველოს მთავრობის წევრები, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური კორპუსის, აკადემიური წრეების, ბიზნესის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ფორუმის ოფიციალური გახსნითი ნაწილის დასრულების შემდეგ გაიმართა ორი თემატური შეხვედრა: „ეკონომიკა და ბიზნესი – ქართული დიასპორა ქვეყნის განვითარებისათვის“ და „განათლება და კულტურა“. თემატურ პანელზე „განათლება და კულტურა“ მომხსენებლებმა ისაუბრეს კულტურულ დიპლომატიაში ქართული დიასპორის განსაკუთრებული როლის შესახებ, აგრეთვე, ქვეყნის მდიდარი შემოქმედებითი პოტენციალის საერთაშორისო აღიარების, ცნობადობის გაზრდის და განათლების ინტერნაციონალიზაციის პროცესში საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების წვლილზე, მიმოიხილეს საგანმანათლებლო პროგრამები და სამეცნიერო ინიციატივები, რომლებიც ხელს უწყობს საზღვარგარეთ ქართული ენის ცოდნის ამაღლებას და მხარს უჭერს საქართველოს მეცნიერთა ინტეგრაციას საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში. თემატური პანელის მუშაობაში მონაწილეობდნენ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ჯაბა სამუშია, ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილე ერეკლე ასტახიშვილი.
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ჯაბა სამუშიამ ისაუბრა რუსთაველის ფონდის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების და მიზნების შესახებ, აღნიშნა, რომ რუსთაველის სამეცნიერო ფონდისთვის უცხოეთის წამყვან უნივერსიტეტებში მოღვაწე ქართველი მეცნიერების, ამ დიდი და უმნიშვნელოვანესი ინტელექტუალური რესურსის გამოყენება საქართველოს მეცნიერების განვითარებაში ერთ-ერთი პრიორიტეტია, საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ მეცნიერებს შესაძლებლობა ეძლევათ, ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურსებში ჩაერთონ ძირითადი პერსონალის ან კონსულტანტის სტატუსით; მან ყურადღება გაამახვილა უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებისთვის შესაბამისი პროგრამების საჭიროებაზე, რომელიც ხელს შეუწყობს საერთო ნაციონალური თვითშეგნების შენარჩნუნებას ეროვნული აღორძინების საერთო პოლიტიკაში. დიასპორის დღე, ტრადიციულად, ყოველ წელს თბილისში, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ერთად, დიასპორის ფორუმის თუ სხვა კულტურულ-საზოგადოებრივი ღონისძიებების სახით, 27-28 მაისს იმართება და საუკეთესო საშუალებაა უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებთან თანამშრომლობის გაღრმავების, მათი სახელმწიფო ინსტიტუტებთან დაკავშირების, დიასპორული ორგანიზაციების წინაშე არსებულ გამოწვევებსა და დიასპორის მიმართ განხორციელებული სახელმწიფო პოლიტიკის მნიშვნელოვან მიღწევებზე მსჯელობისათვის.
ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge