დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

იუსტიციის სამინისტროს "გადამალულ" შენიშვნებთან დაკავშირებით - ამირან სალუქვაძე 29.05.2021 16:51

ამირან სალუქვაძის პოსტი:
მთავარმა არხმა დაწერა "იუსტიციის სამინისტროს დამალული დასკვნა", სათაურში, რაც მხოლოდ ემოციებზეა გათვლილი, ხოლო ტექსტში განმარტა, " დოკუმენტი უკვე ორი წელია გადამალული აქვს იუსტიციის სამინისტროს და მისი არსებობის შესახებ სავარაუდოდ, იცოდა ირაკლი ღარიბაშვილმაცო".
ახლა გავარჩიოთ ეს თემა.
პირველ რიგში ნათლად ჩანს, რომ ესაა "ემოციებით მართვის" გაგრძელება. ვინაა ამ ფრაზის - "ემოციებით მართვის" ავტორი, გაიხსენეთ. მიკვირს ერთ სტრატეგიას რომ ახორციელებთ.
არხის სტატიაში ორი სიტყვაა საკვანძო: "სავარაუდოდ" და "გადამალული".
"სავარაუდოდ" ცნობილი ხრიკია, პასუხისმგებლობას იხსნიან. დანამდვილებითო ხომ არ წერენ? ვარაუდია, თუმცა მთელი სტატია ემოციებს იწვევს.
ამ არხის უფროსი იუსტიციის ყოფილი მინისტრია და ძალიან კარგად იცის, რომ თუ დამოუკიდებლობის 30-წლიან ისტორიაში, მთავრობას, პრემიერს, ან რომელიმე სამინისტროს, რაიმე ხელშეკრულება გაუფორმებია, ან განკარგულება გამოუცია, ყველა მათგანზე არსებობს იუსტიციის სამინისტროს ოფიციალური დასკვნა.
ეს დასკვნები "გადამალული" კი არა, კანონის შესაბამისად, დადგენილი წესით, ინახება ზოგი არქივში, ზოგიც სამინისტროს კანცელარიაში. ნებისმიერი განკარგულების, ხელშეკრულების ასეთი დასკვნა შესაძლებელია გამოწვეული იქნას, კანონის შესაბამისად. თუ არავინ მოითხოვს, სადაც ინახება, იქ იქნება "გადამალული".
თუ განათლების, ეკონომიკის ან სხვა სამინიატრო აფორმებს ხელშეკრულებას, სხვა მინისტრმა, მაგალითად თავდაცვის ან სხვამ, შეიძლება იცოდეს ამ ხელშეკრულების არსებობის შესახებ, თუ განხილული იქნა მთავრობის სხდომაზე, მაგრამ როგორც წესი არ ექნება წაკითხული უწყებების მიმოწერა, შენიშვნები, იმ მინისტრებს, რომლებსაც არ ეხებათ ეს ხელშეკრულება ან განკარგულება.
ღარიბაშვილი 2 წლის წინ იყო თავდაცვის მინისტრი, შესაძლოა არც მინისტრი იყო. თარიღი უნდა ინახოს. ზოგადად, მან იცის რა წესებია, როგორ ფორმდება მსგავსი საბუთები შესაბამისად ეცოდინებოდა, რომ იუსტიციის სამინისტროს დასკვნის გარეშე ვერ გაფორმდებოდა. ჩემთვისაც რომ ეკითხა ვინმეს, მეც ვიტყოდი, რომ დასკვნა იარსებებდა.
ნებისმიერი კომპანია, საწარმო, ბანკი, ორგანიზაცია რაიმე ხელშეკრულებას რომ აფორმებს, იქაც ჰყავთ იურისტები და მათი ხელმოწერის, დასკვნის გარეშე, არავინ გააფორმებს.
ანა-ბანას ვხსნი.
სააგენტოებმა გაავრცელეს იუსტიციის სამინისტროს დასკვნის 22 შენიშვნა. როგორც წესი, რაც ჩემს პრაქტიკაში ყოფილა, ყველა განკარგულების თუ ხელშეკრულების პროექტის შეფასებისას, ყოველთვის არის იურიდიული შენიშვნები, რომლებიც შემდეგ სწორდება.
რატომღაც არავინ გაისარჯა და არ შეადარა 2019 წელს გაფორმებული 200-გვერდიანი ხელშეკრულება იმ შენიშვნებს, რომლებიც ჰქონდა იუსტიციის სამინისტროს. რატომ, უცოდინარობაა, თუ "ემოციებით მართვა?!"
სხვათაშორის, დახარჯეთ დრო, ვინც პოსტებს ან კომენტარებს წერთ, წაიკითხეთ შენიშვნებიც და ეს 200-გვერდიანი ხელშეკრულებაც. აბა ისე როგორ წერთ?!
ამ 22 შენიშვნაში არცერთია ისეთი, რომელსაც დღეს აპროტესტებენ. მაგალითად ინვესტორი ქვეყანა, ან ე.წ. 15 წელი, თუ გარანტირებული შესყიდვის საკითხი, ტარიფები, აღნაგობის ვადა ან საკუთრების უფლება.
ასევე, შენიშვნების ნაწილი კომპანიის სასარგებლოდაცაა. მაგალითად ზიანის ანაზღაურების საკითხი.
ამავე დროს, 200-გვერდიან ხელშეკრულების, პლუს უამრავ დანართთან მიმართებაში 22 შენიშვნა არაა ბევრი. ამ შენიშვნების უმეტესობა ძალიან ზოგადი ხასიათისაა და განმარტებებს აზუსტებს ან შეფასებითია. გადაიკითხეთ. ამის მიუხედავად, ეს შენიშვნები გათვალისწინებული და ასახული უნდა ყოფილიყო. კიდევ ვკითხულობ ვინმემ შეადარა აისახა თუ არა?
ახლა რა არის მთავარი, რაც უნდა გააკეთოს იუსტიციის სამინისტრომ პრემიერ ღარიბაშვილის დავალების შესაბისად?
პირველ რიგში ახლიდან უნდა შეამოწმოს უკვე გაფორმებული კონტრაქტის ტექსტის კანინმდებლობასთან შესაბამისობა.
ამასთან ერთად, უნდა შემოწმდეს რამდენად იქნა გათვალისწინებული და ხელშეკრულების ტექსტში შესაბამისად ასახული როგორც იუსტიციის სამინისტროს ის 22 შენიშვნა, ასევე სხვა დაინტერესებული სამინისტროების შენიშვნებიც.
თუ არ იქნა ასახული, ან არასრულად, შესაძლოა არაჯეროვნად აისახა, მაშინ ხელმომწერმა პირმა უნდა ახსნას, რატომ არ გაითვალისწინა ესა თუ ის შენიშვნა.
შესაძლოა ყველა, ანუ 22-ვე შენიშვნა ასახულია ხელშეკრულების ტექსტში. ვინმემ შეამოწმა?
ცოტა გადავუხვიოთ. ანალოგიურად შეგიძლიათ მოითხოვოთ კონტრაქტები, მიმოწერა, შენიშვნები და შეამოწმოთ უკვე აშენებული ჰესები, საწარმოები, ტელევიზიები, სასტუმროები, სხვა დაწესებულებები, მათ შორის რუსეთის და სხვა ქვეყნების სამუდამო საკუთრებაში გადაცემული მიწებით. რა სხვაობაა? ხელშეკრულებები როგორც ნამოხვანზეა ძალაში, ისე ძველ ობიექტებზეც. თუმცა, არ იზამთ. რუსთაველის გამზირზე რამდენ უცხოურ სასტუმროს აქვს მიწა კერძო საკუთრებაში? არღვევს სუვერენიტეტს? არ მომწონს, მაგრამ ასეა. ასეთი წყობაა და ასეთი კანონმდებლობაა. ასევე, რომ ამბობთ მიწები ქართველებზეც არ უნდა გაიყიდოსო, იცით რამდენ მილიონ ქართველს აქვს მიწა საკუთრებაში. ექსპროპრიაცია დავიწყოთ? ეკლესიას შეიძლება მიწა ჰქონდეს, თუ სახელმწიფოს დავუბრუნოთ? სხვა ეკონომიკური წყობაა. მეც არ მომწონს ბევრი რამ, მაგრამ თუკი რაიმეს გამოსწორება გვინდა, სხვაგვარად ხდება და არა ქვეყნის თავზე დამხობით. არც არავინ დაგამხობინებთ. მიზეზებს ნუკი ეძებთ პროტესტის გასაგრძელებლად, არამედ მიზეზები და საბაბები მონახეთ მეტი დისკუსიისთვის.
დავუბრუნდეთ თემას. თუ იუსტიციის სამინისტროს ისეთი შენიშვნები, რომლებიც რომელიმე მუხლის კანონთან შესაბამისობას შეეხება, არ იქნა გათვალისწინებული, მაშინ 2019 წელს ხელმომწერმა პირმა უნდა განმარტოს, დაასაბუთოს რა და რატომ არ გაითვალისწინეს.
აი ამ ყველაფრის ექსპერტიზა უნდა გააკეთოს იუსტიციის სამინისტრომ და მოახსენოს როგორც პრემიერს, ისე საზოგადოებას.
დაინტერესებულ პირებსაც შეგიძლიათ აიღოთ 200-გვერდიანი კონტრაქტი და ეს 22 შენიშვნა, შეადაროთ ერთმანეთს და გააკეთოთ დასკვნები ასახულია, თუ არაა ასახული.
სიამოვნებით წავიკითხავ, თუ ვინმე ასეთ შეფასებას წარმოადგენს. თუ დავინახავ, რომ შენიშვნები არ აისახა, ამ შენიშვნების შიბაარსიდან გამომდინარე, მექნება სათანადო რეაქცია. მანამდე ნუ "გვაემოციებთ"!
პოსტის მიზანია ცრუ განცხადებების გასაბათილება და კავშირში არაა ხელშეკრულების ან შენიშვნების ექაპერტიზასთან. ეს სპეციალისტთა საქმეა. თუმცა, მეც მოვიძიებ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ