დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

უკრაინის პატრიარქის ლიტურგიაზე შეასრულეს, დამახინჯებული ქართულია, მაგრამ მგალობლებმაც გაუგეს გემო იმას, რაც ჩვენ ბუნებამ უსასყიდლოდ გვაჩუქა - გურამ მეგრელიშვილი 29.05.2021 19:54

მწერალი გურამ მეგრელიშვილი ემოციურ ბლოგს და ვიდეოს აქვეყნებს:

როცა უცხოეთში მივდივარ, ჩვევად მაქვს ქართული წიგნების წაღება. უმეტესად არ ვკითხულობ და უფრო მეტად კი იქვე, რომელიმე აეროპორტში დავტოვებ ხოლმე ჩემოდნის წონის გამო, უკანა გზაზე ხომ რაღაც ხარახურა უნდა ჩამოვიტანოთ, წესია.
ამ ჩვევას, ერთი ახსნა უნდა ჰქონდეს, რაც ჩემი რაღაცნაირი ფარული შიშია - სულ მგონია, რომ ერთხელაც შეიძლება ეს ენა დამავიწყდეს და ვეღარც გავიხსენო.
ქართული ენა, ამ ენაზე ამეტყველებული ხალხური და საეკლესიო მუსიკა რომ არა, ვერანაირი ძალა ვერ დამაჯერებდა, რომ ჩვენ დიდი გენეტიკური თუ კულტურული წარსულის ერი ვართ.
ქართულ ენაზე დარჩენილი კოლექტიური შემოქმედების ეს განძი (ცხადია, რომ კონკრეტული ავტორი ჰყავდა, მაგრამ ჩვენი ფუქსავატობის, თუ მატერიაზე და შესაბამისად, სახელზე მიუჯაჭვობლობის გამო) და ლიტერატურა, რომელიც ასევე ამ გემრიელ ენაზე იწერება, მაფიქრებინებს, რომ თუ რამე სამართლიანი კანონზომიერება არის კოსმოსში, თუკი ისეთი არსებითი არაფერი დაგვიშავებია ერს, ეთნოსს, რომ ჩვენი გაქრობა აუცილებელია, სანამ ერთი ადამიანი მაინც ილაპარაკებს ქართულად, საქართველო იქნება ცოცხალი.
ეგოიზმი, გნებავთ, ცნობიერების პროვინციალიზმი დაერქვას ამას (სინამდვილეში, ჩემ თავს ქართველად დაბადებულ მსოფლიო მოქალაქედ უფრო აღვიქვამ და არ მაქვს ეთნიკური კეკლუცობისადმი მიდრეკილებები), მაგრამ როგორც კი ქართულ სიტყვას გავიგონებ ხოლმე იქ, სადაც ამას ყველაზე ნაკლებად ველოდები, თავბრუ მეხვევა და მიხარია, რომ ამ ენაზე წერის შესაძლებლობა მომცა ღმერთმა.
მერე რა, რომ აუდიტორიას ავიწროვებს და სულ 5 კაცი კითხულობს (მათგან ერთი მამაჩემიც კი არაა) ჩემ დაწერილ წიგნებს, სულ მაქვს შეგრძნება, რომ სხვა ქვეყანაში რომ გავჩენილიყავი, რაღაც მნიშვნელოვანი ცოდნა დააკლდებოდა ჩემ სამშვინველს.
აეროპორტებში იმ დატოვებულ წიგნებს რომ ვიხსენებ, ორი რამის მჯერა - ისეთი ადამიანი იპოვის, ვისაც ჩემნაირად ეშინოდა ქართულის დავიწყების და დაავიწყდა ან ისეთი, ეს წიგნი ქართულ ენამდე რომ მოიყვანს.
პ.ს. ამ საგალობელმა გამახსენა. უკრაინის პატრიარქის ლიტურგიაზე შეასრულეს. დამახინჯებული ქართულია, მაგრამ მგონი მგალობლებმაც გაუგეს გემო იმას, რაც ჩვენ ბუნებამ უსასყიდლოდ გვაჩუქა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ