დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

მცხეთასთან პომპეუსის ხიდი გამოჩნდა 29.05.2021 21:06

მცხეთასთან პომპეუსის ხიდი გამოჩნდა, რომელიც როგორც წესი, წყლით არის ხოლმე დაფარული. "მრავალი წელია მცხეთელები ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოსგან ითხოვდნენ დახმარებას და შუამდგომლობას "ენერგოპრო ჯორჯიასთან", რომ ამ ადგილას მტკვარი გაშვებულიყო და პომპეუსის ხიდი გამოჩენილიყო, რათა მომხდარიყო ამ ძეგლის ფოტო-ვიდეო ფიქსაცია და გარკვეული არქეოლოგიური დაკვირვება, რომ გვცოდნოდა, ეს ძეგლი რა დღეშია. დღეს ჩვენ გამოვაჩინეთ პომპეუსის ხიდი თავისი სხვადასხვა დროის შრეებით და გვაქვს 48 საათიდან 72 საათამდე იმისათვის, რომ პირველადი ნაბიჯები გადაიდგას, მაგალითად, მცენარეები მოშორდეს ძეგლს, რომლებიც ფესვებით აზიანებენ ქვას, ასევე არქეოლოგებმა შეძლონ პირველადი სამუშაოების განხორციელება", - თქვა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ორი დღის წინ მედიასთან და მადლობა გადაუხადა კერძო კომპანიას წარმატებული თანამშრომლობისთვის.

 

"პომპეუსის ხიდი" იგივე "მოგვთა ხიდი" მცხეთაში. სამეცნიერო ლიტერატურასა და ადგილობრივ მოსახლეობაში მტკვარზე გადებული ძველი ხიდი უფრო ხშირად მოიხსენიება, როგორც „პომპეუსის ხიდი“, თუმცა კი ხიდი პომპეუსამდეც არსებობდა. ამ ხიდს უნდა ემუშავა ძვ. წ. IV-III საუკუნეებიდან მაინც, როდესაც ვაჭრობამ საერთაშორისო ხასიათი მიიღო. მცხეთა ამ საერთაშორისო სავაჭრო გზების გზაგასაყარზე მდებარეობდა, რაზეც არა მხოლოდ ქართული, არამედ უცხოური წყაროებიც გადმოგვცემენ (სტრაბონი, პლინიუსი, აპიანე, დიონ კასიუსი და სხვა). მცხეთის ხიდთან იყრიდა თავს ამიერკავკასიის მთავარი გზები — დარიალის ხეობიდან საქართველოს სამხრეთ საზღვრამდე და შავი ზღვიდან კასპიის ზღვის სანაპირომდე. ძვ. წ. 65 წელს მცხეთა და მტკვარზე გადებული ხიდი გახდა საბრძოლო ასპარეზი ქართლის მეფე არტაგსა და რომაელ სარდალ გნეუს პომპეუსს შორის. რომაელი ისტორიკოსის დიონ კასიუსის მიხედვით ქართლის მეფე არტაგმა დროის მოგებისათვის პომპეუსს ელჩები გაუგზავნა და მეგობრობა შესთავაზა. პომპეუსი დათანხმდა ზავზე, მაგრამ ეტყობა შემდეგ გამჟღავნდა არტაგის საბრძლო მზადების შეშახებ და ძვ. წ. 65 წლის გაზაფხულზე პომპეუსი მოულოდნელად თავს დაესხა არტაგს არმაზციხესთან. ქართლის მეფემ სამეფო რეზიდენცია უბრძოლველად დატოვა, მცხეთაში გადავიდა და მტკვარზე ხიდი დაწვა. რომაელებმა არმაზციხე აიღეს. არტაგმა კვლავ ითხოვა ზავი, ხიდიც აღადგინა და რომაელებისათვის სურსათიც გაიღო. პომპეუსმა ამით ისარგებლა, მტკვარზე გადავიდა და მდინარე არაგვის ხეობას აჰყვა. ქართველები დამარცხდნენ და არტაგი იძულებული იყო ისევ განეახლებინა საზავო მოლაპარაკება. ძვ. წ. III საუკუნის ბოლოს ქართლის ხიდის ყურში (იგივე პომპეუსის ხიდი) ქართლის მეფე ფარნაჯომსს (მოქცევაჲ ქართლისაჲს მიხედვით იბერიის მეხუთე მეფე).დაუსახლებია სპარსეთიდან ჩამოყვანილი მოგვები. სწორედ მათგან მიიღო ამ ადგილმა სახელწოდება „მოგვთაკარი“, ხოლო ხიდმა — „მოგვთა ხიდი“.

 


იხილეთ ვიდეო:

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ