დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

გახარიას პარტია არაა „საქართველოსთვის“, ის სრულიად საპირისპიროა - დავით ზარდიაშვილი 01.06.2021 13:21

გახარიას გადადგომა, როგორც ამას გუშინაც ვწერდი, აფექტური ნაბიჯი იყო; ხოლო მისი მცდელობა, ეს აფექტი რაციონალურად ახსნას და მეტიც, ამითი თავისი ახალი პარტიისთვის „პოლიტიკური კაპიტალიც“ კი შექმნას, საერთოდაც - სამარცხვინოა, - ამის შესახებ ბლოგერი დავით ზარდიაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს. 

 

"გახარიამ კრიტიკულ მომენტში უბრალოდ ვერ გაუძლო პოლიტიკური კრიზისის მწვავე გამოწვევებს და გატყდა; უფრო სწორედ - დაიმსხვრა; ხოლო მისი პოზიციის „პოლიტიკური და სამართლებრივი დასაბუთება“, რასაც იგი მაშინაც უხერხულად შეეცადა და ახლაც ცდილობს, რაიმე ლოგიკას არ ექვემდებარება; „ოცნებასთან“მისი განხეთქილება პიროვნულ-ფსიქოლოგიური ხასიათისაა და რაიმე ობიექტური პოლიტიკურ-სამართლებრივი სარჩული ვერ ექნება. რატომ? იმიტომ, რომ მისი გადადგომა იმ მოტივით, თითქოსდა მართმსაჯულების აღსრულება უნდა შეყოვნდეს „პოლიტიკური პოლარიზაციის, ესკლაციის“, ან თუნდაც „ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის“ რისკის გამო, არა მხოლოდ მისი, როგორც პოლიტიკოსის, არამედ მთლიანად პოლიტიკის და საკუთარი სახელმწიფოსიც - სრული დისკრედიტაციაა! დისკრედიტაციაა, რადგან გახარიამ ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრის რანგში, თავისი უკანასკნელი ნაბიჯით -ე.წ. დასაბუთებით, ცადა უკუღმა შეეტრიალებინა პრინციპი: “fiat iustitia et pereat mundus” („აღსრულდეს სამართალი და თუნდაც დაიქცეს ქვეყანა“). სწორედ ესაა - რომ იგი, გატყდა, დაიმსხვრა და ლოგიკურად, რაც არ უნდა სამწუხარო იყოს პირადად ჩემთვისაც (ვინაიდან მისი იმედი მეც მქონდა) მის პოლიტიკურ კარიერასაც წერტილი უნდა დასმოდა.

 

რაც შეეხება მის „დასაბუთებას“: რასაკვირველია, ყოვლად უსუსურია, რადგან უდავო, აქსიომატური ჭეშმარიტების საწინააღმდეგოა. ელემენტარულია და უდავო: იგი, როგორც მთავრობის მეთაური, ნომერ პირველი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი, ვალდებული იყო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება აღესრულებინა; ხოლო ის, რომ ამას არ მოყოლადა ვითარების ესკალაცია, პოლიტიკური პოლარიზაციის გამწვავება, მით უმეტეს - რაიმე საფრთხის შექმნა ადამიანების სისცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, ცხადია, აღსრულების ერთ-ერთ მთავარ პირობას წარმოადგენდა, რაც კონკრეტული პოლიციური ოპერაციის კონკრეტული ამოცანების დასმით და შესრულებით უნდა გადაწყვეტილიყო (როგორც ეს წარმატებულადაც მოხდა მოგვიანებით). ამ პირობას მართლმსაჯულების შეყოვნება, არ შეიძლებოდა, რომ გამოეწვია; გახარიამ ეს ამოცანები დაუძლევლად მიიჩნია და გადადგა; ანუ - გატყდა, დაიმსხვრა. ხოლო ის, რომ ჯიუტად ცდილობს დაგვიმტკიცოს, თითქოს ასეც უნდა მოქცეულიყო, ე.ი. თურმე პრემიერს უარი უნდა ეთქვა მის პირდაპირ და უშუალო მოვალეობაზე, მართლმსაჯულების აღსრულებაზე, რასაკვირველია, ვიმეორებ - მთლიანად პოლიტიკის, უარესიც - საკუთარი სახელმწიფოს დისკრედიტაციის მცდელობაა. რადგან სხვა რაღაა სახელმწიფო, თუ არა სამართლის აღსრულება?!

 

ძალიან მძიმეა, როცა ახალი პარტიის საფუძველს, რაზეც მისი „პოლიტიკური კაპიტალი“ უნდა დაშენდეს, გახარიას მიერ არა მხოლოდ პოლიტიკოსის, არამედ მთლიანადაც - პოლიტიკის და სახელმწიფოს მადისკრედიტირებელი საქციელი წარმოადგენს. მით უმეტეს, ეს მძიმეა, როცა მისი პარტიის წევრების უდიდესი ნაწილი - ბიუროკრატიის წარმომადგენლები, ყოფილი მოხელეები არიან. გამოდის, რომ საკუთარ მოვალეობათა - აღასრულონ სამართალი, გახარიას წამხედურობით და მიმდევრობით, პირდაპირ ვთქვათ - ღალატი, ამ პარტიის ფუძემდებლური პრინციპია?! ნება მათია, პარტიების შექმნა თავისუფალია, მაგრამ ნუთუ ასეთ, ე.ი. „მოღალატე დიდმოხელეთა“ პარტიასაც თავისი ამომრჩეველი უნდა ჰყავდეს?! თანაც იმდენი, რომ რიგგარეშე არჩევნებიც განაპირობოს?!

 

რაც გინდა იფიქრეთ, მაგრამ ეს არაა „საქართველოსთვის“. არამედ სრულიად საპირისპიროა", - წერს ზარდიაშვილი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ