დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

რა შედეგი მოჰყვება საქართველოში 44.8%-იან ეკონომიკის ზრდას - თემურ ბასილიას შეფასება 02.06.2021 11:24

თუ, საქართველოში მართლაც ისეთი შთამბეჭდავი ზრდაა, როგორც სტატისტიკის სამსახური აცხადებს, სულ მალე, 2-3 კვირაში საქართველოს მოსახლეობამ ეს უნდა იგრძნოს საკუთარ თავზე ახალი სამუშაო ადგილების შექმნით და შემოსავლების მკვეთრი ზრდით,- ამის შესახებ აშშ-ში მცხოვრები ქართველი, ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის ეკონომიკური მრჩეველი, - თემურ ბასილია სოციალურ ქსელში წერს.

 

"იმისათვის, რომ ვისაუბრო ამ მონაცემების სანდოობაზე, გავიხსენებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის რონალდ რეიგანის ერთ-ერთ საყვარელ გამოთქმას - the devil is in the details (ეშმაკი დეტალებშია). ამიტომ, პირველ რიგში ვნახოთ როგორ ითვლიან ეკონომიკურ ზრდას აშშ-ში. შეერთებულ შტატებში ეკონომიკური ზრდის გასაზომად გამოიყენება მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი, რომელიც ითვლის მხოლოდ აშშ-ში წარმოებული პროდუქციისა და მიწოდებული მომსახურების ღირებულებას.

 

საქართველოში კი, მთლიან შიდა პროდუქტში აისახება მაგალითად, ავტომობილების იმპორტი, რომელიც კიდევ უფრო შთამბეჭდავი 86%-ით, ხოლო, მისი რეექსპორტი (ანუ, საქართველოში იმპორტი და შემდეგ მისი გატანა მეზობელ ქვეყნებში) 6-ჯერ (!) გაიზარდა. კი მაგრამ, რა კავშირშია ავტომობილების იმპორტი და რეექსპორტი საქართველოს ეკონომიკის ზრდასთან და საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობასთან? იკითხავს ალბათ რიგითი მოქალაქე და მართალიც იქნება. ეს კავშირი მართლაც მინიმალურია. მაგრამ, ქართული სტატისტიკა ავტომობილების რეექსპორტს ასახავს მთლიან შიდა პროდუქტში.

 

მეორე, საქართველოსგან განსხვავებით, შეერთებულ შტატებში იმისათვის, რომ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი რეალისტური იყოს, ითვლიან წლიურ მთლიან შიდა პროდუქტს, ანუ 2020 წლის აპრილიდან, 2021 წლის აპრილამდე პერიოდს. საქართველოში კი ერთი თვის, 2021 წლის აპრილის მონაცემს ადარებენ გასული წლის აპრილის მონაცემს. საქართველოშიც, რომ აპრილის მონაცემები დაეთვალათ ისე, როგორც აშშ-ში ითვლიან, შესაძლოა, ზრდა საერთოდ არ დაფიქსირებულიყო. ანალოგიურად, შეერთებულ შტატებშიც რომ იგივე მეთოდიკით დაეთვალათ მთლიანი შიდა პროდუქტი, როგორც საქართველოში ითვლიან, შესაძლოა ზრდა საქართველოს აპრილის მონაცემზე გაცილებით შთამბეჭდავი ყოფილიყო.

 

ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა შესაბამისად აისახება მოსახლეობის კეთილდღეობაზე. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე წლის პირველ კვარტალის მონაცემებით წლიურმა (ანუ, საქართველოსგან სრულიად განსხვავებული მეთოდიკით გამოთვლილმა) ზრდამ 6.4% შეადგინა. ვნახოთ როგორ აისახა იგი ამერიკის მოქალაქეებზე:

 

ა) 2021 წლის მხოლოდ მარტში აშშ-ში 916 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა (2021 წლის პირველ კვარტალში კი 1, 6 მილიონზე მეტი)

 

ბ) 2021 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით (12 თვიან პერიოდზე, ანუ 2020 წლის პირველი კვარტლიდან მიმდინარე წლის პირველი კვარტალის ჩათვლით) ხელფასები გაიზარდა 3%-ით. და, ეს ზრდა გახლავთ პანდემიის პერიოდის გათვალისწინებით.

 

გ) 2021 წლის აპრილში აშშ-ში უმუშევრობის დონემ შეადგინა 6.1%, მაშინ როდესაც პანდემიის პერიოდში უმუშევრობის დონე 14.8%-ს აღწევდა (2020 წლის აპრილი).

 

სხვა მაჩვენებლების მოყვანაც შეიძლება, მაგრამ ეს სამი მაჩვენებელიც საკმარისია რათა ვნახოთ კავშირი სწორად დათვლილ მთლიანი შიდა პროდუქტსა და მოსახლეობის კეთილდღეობას შორის.

 

თუ, აშშ-ში 6.4%-იან ზრდას ასეთი შთამბეჭდავი შედეგი მოყვა, ვნახოთ, რა შედეგი მოჰყვება საქართველოში 44.8%-იან ეკონომიკის ზრდას. ამისთვის დიდხანს ლოდინი არ დაგვჭირდება. სულ 2-3 კვირაში უნდა იგრძნოს მოსახლეობამ ასეთი შთამბეჭდავი ეკონომიკური ზრდის შედეგები. ვნახოთ რამდენი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება საქართველოში, როგორ შემცირდება უმუშევრობა და როგორ გაიზრდება ხელფასები," - წერს თემურ ბასილია.

 

შეგახსენებთ, რომ მთავრობამ მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6,5%-მდე გაზარდა — ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა. დღემდე საქართველოს მთავრობა 2021 წელს ეკონომიკის 4,3%-ით გაზრდას ელოდებოდა, თუმცა პროგნოზი აპრილის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების გამოქვეყნების შემდეგ გაიზარდა. აპრილში საქართველოს ეკონომიკის წლიური ზრდა 44,8%, ხოლო პირველ-ოთხ თვეში 8,1% იყო.

 

"ბოლო პერიოდში ვხედავთ ძალიან პოზიტიურ დინამიკას, ეს ჯერ კიდევ მარტის თვეში გამოჩნდა, როდესად პანდემიის დაწყების შემდეგ პირველად დაფიქსირდა ეკონომიკის 4%-იანი ზრდა. ჩვენი წინა პროგნოზი (ეკონომიკის 4,5% იანი ზრდა) რჩება პესიმისტურ სცენარში. რაც შეეხება საბაზისო, ანუ მთავარ სცენარს, განახლებული პროგნოზის შესაბამისად, ეკონომიკური ზრდა 2021 წელს ნავარაუდევია 6,5%-ით, რაც არის გაცილებით მაღალი, ვიდრე ეს იყო წინა პროგნოზებში", — განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ