დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6728

EUR 2.8532

"დარწმუნებული ვარ, ქვეყნებს შორის ურთიერთობებში რთული პერიოდი წარსულს ჩაბარდა" 03.06.2021 11:53

წლების განმავლობაში უკრაინის ერთი მოქალაქე თავს გვახვევდა შთაბეჭდილებას, რომ სწორედ ის ქმნის ამინდს ორ მეგობარ ქვეყანას შორის ურთიერთობებში. რომ სწორედ ის არის ბნელი "რაინდი", ვის გამოც უმაღლეს სახელმწიფო პირთა შორის იქმნება გაუგებრობა და ერთმანეთთან საკომუნიკაციო უხერხულობა,- ამის შესახებ ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

"უნდა აღინიშნოს, რომ გარკვეულწილად და იმედია, უკვე წარსულში - ამ მოსაზრებას ჰქონდა თავისი ლოგიკა. წლების განმავლობაში ამ მოძმე და მეკავშირე ქვეყნების უმაღლეს დონეზე ოფიციალურ დელეგაციების ვიზიტებს მოწყურებული იყო თბილისიც და კიევიც. ამას დაემატა ახალი გამოწვევაც - ერთი წლის განმავლობაში საქართველოს ელჩი უკრაინაში სამშობლოში იმყოფებოდა კონსულტაციების მიზნით, თუმცა ეს გაუგებრობაც წარმატებით გადაილახა. დღეს სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი იმყოფება.

 

ყინული დაიძრა. უკრაინაში ქართველ პოლიტიკურ კრიმინალთა და ავანტიურისტთა "თავშესაფარის" ფაქტორი, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში ბოლომდე გადალახული თუ არა, იმედია თავისი ლოგიკური გადაწყვეტის პროცესშია. დენის შმიგალი იყო პირველი საერთაშორისო დონის ოფიციალური პირი, ვინც ირაკლი ღარიბაშვილს გაპრემიერება მიულოცა. დენის შმიგალი დღეს სისტემატიური საქმიანი ურთიერთობების რეჟიმშია თავის ქართველ კოლეგასთან. დენის შმიგალი დღეს უკრაინის "მთავარი რეფორმატორის" მხრიდან დამუნათებისა და ყოველდღიური შეურაცხყოფის ძირითადი ობიექტია - და ესეც აერთიანებს მას საქართველოს მოქმედ ხელისუფლებასთან.

 

დარწმუნებული ვარ, ქვეყნებს შორის ურთიერთობებში რთული პერიოდი წარსულს ჩაბარდა, მაგრამ ამის საბოლოო დაგვირგვინება იქნება საქართველოში პრეზიდენტ ზელენსკის სტუმრობა და ჩვენი დელეგაციების საპასუხო ვიზიტები კიევში,"- წერს დავით ქართველიშვილი.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ