დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

რუსებს საქართველოში მოხვედრა მხოლოდ მესამე ქვეყნების გავლით შეუძლიათ - უცხოური პრესა 04.06.2021 12:59

საქართველოში ტურისტული სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით, რუსულ გაზეთ „მოსკოვსკი კომსომოლეც“-ში («Московский комсомолец») 4 ივნისს გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „რუსები საქართველოში „შეუსვლელები“ გახდნენ: მათ იქ მოხვედრა მხოლოდ მესამე ქვეყნების გავლით შეუძლიათ“, რომელშიც გადმოცემულია გაზეთის ჟურნალისტის ოლღა ბოჟევას პირადი შთაბეჭდილებები - დიდი მცდელობის მიუხედავად, მან პირდაპირი გზით საქართველოში შემოსვლა ვერ შეძლო რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დიდი ხანია შეწყვეტილია. თუ თბილისში ჩასვლა გინდათ, უნდა იფრინოთ მინსკის, რიგის, ერევნის ან სტამბოლის გავლით. მაგრამ არავინ არ მოგცემთ იმის გარანტიას, რომ ამ მარშრუტით საქართველოს ნახავთ. სწორედ ასე მომივიდა მეც, როცა ჩემი შვილიშვილის თბილისში, სპორტულ ტურნირზე ჩასაყვანად მოვემზადე“, - წერს ავტორი.

 

იგი ფიქრობდა, რომ თბილისში სტამბოლის გავლით ჩაფრინდებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, რადგანაც კორონავირუსთან დაკავშირებით რუსეთმა ფრენების აკრძალვის ვადა, რომელიც პირველ ივნისს უნდა დასრულებულიყო, 16 ივნისამდე გააგრძელა და შესაბამისად, მოსკოვი-სტამბოლის ავიარეისი გაუქმდა, იგი იძულებული გახდა ბილეთები უკან დაებრუნებინა.

 


„კარგია, რომ ფინანსური დანაკარგები არ განმიცდია, მაგრამ რა ვქნა, როცა თბილისში წასვლა აუცილებელია, თანაც მარტო კი არა, არამედ შვილიშვილთან ერთად? დავუჯერე რუსულ მასმედიას, სადაც წერდნენ, რომ პირველი ივნისიდან საქართველოსთან სახმელეთო საზღვრები იხსნებაო და მოსკოვ-ვლადიკავკაზის ავიარეისის ბილეთების ყიდვა გადავწყვიტე. ეჭვი მაინც მქონდა და წინასწარ თბილისში ნაცნობს დავურეკე, როგორ არის საქმე, რუსეთთან საზღვარი ნამდვილად იხსნება- მეთქი? კიო, მითხრა, ჩვენთანაც ასე წერენ გაზეთებიო. 

 


მოკლედ, შევიძინე თვითმფრინავის ბილეთები და ახლა ვლადიკავკაზიდან თბილისამდე მგზავრობის საკითხის მოგვარებას შევუდექი. შევარჩიე გადამყვანი სამგზავრო კომპანია და ჰოი, საკვირველებავ, დისპეტჩერი მეუბნება, რომ ჯერჯერობით თბილისისაკენ მგზავრობა შეუძლებელია, რადგან საქართველომ კი გახსნა საზღვარი, მაგრამ რუსეთს ისევ დახურული აქვსო. ვიფიქრე, იქნებ დისპეტჩერს არასწორი ინფორმაცია აქვს-მეთქი და დავრეკე „ეფ-ეს-ბე“-ს სასაზღვრო სამსახურში (რაც, ჩემდა გასაკვირად, იოლი აღმოჩნდა), იქ მკაფიოდ და მხედრულად მიპასუხეს: „დიახ, რუსეთის მოქალაქეებს, მცირე გამონაკლისების გარდა, საქართველოში გამგზავრება არ შეუძლიათ, რადგან საზღვარი ნამდვილად დახურულია“. ვეკითხები, სპორტულ ტურნირში მონაწილეებისთვის რაიმე გამონაკლისის დაშვება თუ შეიძლება-მეთქი. „მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სია წინასწარ არის შეთანხმებული რუსეთის ეფ-ეს-ბე’-სთან და სპორტკომიტეტთან“, - მპასუხობენ. მოკლედ, ისე გამოვიდა, რომ ვლადიკავკაზამდე ბილეთებიც ტყუილად ვიყიდე.

 

 
ამ რთულ სიტუაციას არ დავნებდი, შევედი ინტერნეტში და ახლა ერევნის გავლით გადავწყვიტე საქართველოში ჩასვლა. თან ნაცნობმაც მითხრა, რომ სომხეთ-საქართველოს საზღვარზე რუსებს არ აჩერებენ, თბილისისკენ სახმელეთო გზით თავისუფლად წახვალ, ოღონდ ანტიკოვიდური წესების დაცვა, ტესტების ჩაბარება და ცნობების წარდგენა მოგიწევსო.

 


მე უკვე ყველაფერზე თანახმა ვიყავი, ოღონდ როგორმე თბილისში ჩავსულიყავი... ნოსტალგიით ვიხსენებდი ჩემს ახალგაზრდობას, როცა ყოველდღიურად მოსკოვიდან თბილისში რამდენიმე პირდაპირი ავიარეისი სრულდებოდა: გაფრინდებოდი შერემეტიევოდან ან დომოდედოვოდან და ორსაათნახევარში უკვე იმ ადგილს ნახავდი, „სადაც და-ძმურად ხელგარდახვევით შეერთებულა არაგვი, მტკვარი“. 

 


ვინ წარმოიდგენდა იმ დროს ისეთ სიტუაციას, რომ ვთქვათ, სკოლის მოსწავლე თანაკლასელებს მოუყვებოდა, თუ როგორ ჩავიდა თბილისში მინსკის ან რიგის გავლით... მას დაცინვას დაუწყებდნენ და ეტყოდნენ - გეოგრაფია ცუდად გისწავლიაო. დღეს კი გეოგრაფია ზუსტად ვიცით: „შორი გზიდან მოუარე, თუ თბილისში ჩასვლა გინდა...“, - სინანულით წერს ავტორი სტატიის დასასრულს.

 


წყარო: https://www.mk.ru/politics/2021/06/04/rossiyan-sdelali-vezdnymi-v-gruziyu-tolko-cherez-treti-strany.html

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ