17:45 04.06.2021
კიდევ ერთი ურეიტინგო [რესპუბლიკური] პარტია ჩამოიშალა - გია აბაშიძე

კიდევ ერთი ურეიტინგო [რესპუბლიკური] პარტია ჩამოიშალა. ის დატოვეს ლევან ბერძენიშვილმა და პარლამენტარმა თამარ კორძაიამ, - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს. 


"წასულნი აპროტესტებენ პარტიის ლიდერის, ხათუნა სამნიძის თავმჯდომარეობას 'ნაცსუნელით' გაჯერებულ იმ პოლიტიკურ 'აჯაფსანდალში', რომელსაც უტიფრად დაერქვა ფრაქცია 'შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი'.


საქართველოს რესპუბლიკური პარტია 1978 წელს დაფუძნდა და ყველაზე ხანგრძლივი ისტორიის მქონე პარტიაა ჩვენს ქვეყანაში. თუმცა, უახლეს ისტორიაში 'რესპუბლიკელები' გამოირჩეოდნენ მსხვილ პოლიტიკურ ძალებთან 'მისაბმელის' ამპლუაში ყოფნით. 'ლოკომოტივის ფერს' არ ჰქონდა მნიშვნელობა - "ნაციონალური მოძრაობა" -> "ქართული ოცნება" -> "ნაციონალური მოძრაობა". უსირცხვილო პოლიტიკურ უპრინციპობას ემატებოდა ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ. გამოხატვის თავისუფლება გასაგებია, მაგრამ მიუღებელია ნებისმიერი კონფესიის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა!


შიდა უთანხმოების წინა ეტაპზე, 'რესპუბლიკელებს' დავით უსუფაშვილი და თანამოაზრეები გამოეცალათ. ახლა კი, პარტიაში "შუქის ჩამქრობი" ხათუნა სამნიძის ამარა აღმოჩნდნენ.
ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაიწყოს ის პროცესი, რასაც სხვადასხვა იდეოლოგიების მქონე პარტიების გაერთიანება-გამსხვილება და პოლიტიკურ ველზე მყარად დგომა ეწოდება. ამომრჩეველი თავად აირჩევს თუ ვისკენ გადაიხრება. უნდა დასრულდეს იმ 'პოლიტიკური ჯიხურების' ტივტივი, რომელთა სახელწოდებათა გახსენება პოლიტიკაში ჩახედულებსაც კი უჭირთ.


ვფიქრობ, რომ ადრე თუ გვიან ასეც იქნება. გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ", - წერს აბაშიძე.


ცნობისთვის, დღეს „რესპუბლიკური პარტია“ თამარ კორძაიამ და ლევან ბერძენიშვილმე დატოვეს.




ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge