12:14 05.06.2021
უკრაინა ჩრდ. ალიანსისადმი საყვედურებს აგრძელებს - სიმონ კილაძე

უკრაინა ჩრდ. ალიანსისადმი საყვედურებს აგრძელებს ("ნატო, შენი ბრალია, ყირიმი რომ დავკარგეთ!) - ამის შესახებ, პოლიტიკური მიმომხილველი სიმონ კილაძე სოციალურ ქსელში წერს.

 

"უკრაინის მაღალი სახელმწიფო თანამდებობის მქონე ოფიციალური პირები კვლავ აგრძელებენ ნატოსა და ევროკავშირზე "შეტევას" - მიგვიღეთ, თორემ უარესად "შეგაგინებთო"..

 

ჯერ იყო და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელობა და ნატოს ზოგიერთი "წონიანი" წევრი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკრიტიკა, შემდეგ შეფს მხარი აუბეს ელჩებმაც, ახლა კი მათ უშიშროების საბჭოს მდივანიც გვერდში ამოუდგა და გერმანია და საფრანგეთი გვარიანად გამოლანძღა.

 

"თქვენ ხართ პასუხისმგებელი იმ ომში, რომელიც საქართველომ 2008 წელს გადაიტანა და იმ ოკუპაციაში, რომელიც 2014 წელს ყირიმმა განიცადაო. ეს ყველაფერი იმიტომ გახდა შესაძლებელი, რომ თქვენ, ორმა სახელმწიფომ, ჩვენ, ორ სახელმწიფოს - უარი გვითხარით "მაპ"-ის მოცემაზე და რუსეთმა ამით ისარგებლა. სწორედ თქვენ ხართ დაინტერესებული რუსეთთან პოლიტიკური და ეკონომიკური პარტნიორობით. ეს ჩვენთვის ძალზე არასასიამოვნოა", - განაცხადა უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ალექსი დანილოვმა 4 ივნისს გამართულ ბრიფინგზე კიევში.

 

https://regnum.ru/news/3288880.html?utm_source=yxnews...

 

რიტორიკული კითხვები:

მიაღწევს უკრაინა ამგვარი პოლიტიკით სანუკვარ მიზანს და გახდება ნატოს წევრი?

ხომ არ დაიწყოს საქართველომაც მსგავსი "შეტევა" ნატოს მიმართ?

და თუ დავიწყებთ, სადაა გარანტია იმისა, რომ ყველაფერი ისე განვითარდება, როგორც ჩვენ გვსურს?

ან იქნებ ის უკეთესია, რომ ნატოში მიღების ლოდინის რეჟიმში ვიყოთ კიდევ 20 წელი?

 

--------

ამბობენ, რომ ამ დღეებში საქართველოს (სომხეთსაც და აზერბაიჯანსაც) აშშ-ის სახმდივნის მოადგილე ფილიპ რიკერი უნდა ეწვიოს. ვნახოთ, რას გვეტყვის..."- წერს სიმონ კილაძე.




ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge