დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

"აბსურდულ სიტუაციაში ვართ: ე.ი. გახარია ნაცებს შეეკრა, ჯერ ხელისუფლებას უღალატა და მერე - ნაცებსაც?!" 06.06.2021 13:03

ირაკლი კობახიძის, შესაძლოა, გადამეტებულადაც მძაფრი, მაგრამ - რეაქცია, გახარიას, პირდაპირ დავარქვათ - მოღალატურ ქცევაზე, რასაკვირველია, სამართლებრივად ბრალის წაყენება არ არის და ვერც იქნება, ვინაიდან ეს - მხოლოდ შესაბამისი კომპეტენციების მქონე სახელმწიფო ორგანოებს შეუძლიათ. პარტიის თავმჯდომარის პოლიტიკური რეაქცია არის მოვლენათა იმ ჯაჭვის გაგრძელება, რაც გახარიას, ერთი შეხედვით - აბსოლუტურად აუხსნელ და სრულიად მოულოდნელ გადადგომას მოჰყვა, - ამის შესახებ ბლოგერი დავით ზარდიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

"თავისთავად, გახარიას ეს ნაბიჯი წარმოადგენდა არა მხოლოდ პირადად მისი, არამედ პარტია „ქართული ოცნების“ , საქართველოს ხელისუფლებისა და საუბედუროდ, სახელმწიფოს, ასევე - ზოგადად ქართული პოლიტიკის - უაღრესად მადისკრედიტირებელ, სამარცხვინო მოვლენას, ნამდვილ კონფუზს; ამდენად - პარტიის თავმჯდომარის მძაფრი რეაქცია სრულიად ბუნებრივია და გასაგებიც.

 

მიუხედავად ამისა, ირაკლის მიერ საჯაროდ გამოთქმული ეჭვი, რომ გახარიას გადადგომა, შესაძლოა, წარმოადგენდა ნაცების ამბოხის გეგმის ნაწილს, სათანადო კვალიფიციური გამოძიებისა და მყარი მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ეჭვად რჩება და ამიტომ, არა მგონია, ხელს უწყობდეს გახარიას ქცევით დისკრედიტირებული პარტიის, ხელისუფლებისა და სახელმწიფოს რეაბილიტაციას.

 

მართლაც: თუ ეს ეჭვი საფუძვლიანია, პასუხგაუცემელი მწვავე შეკითხვები უფრო მეტი ჩნდება: იყო თუ არა გახარია ამბოხის მონაწილე? და თუ იყო, როგორ დაუშვა ან პარტიამ, ან სახელმწიფომ მსგავსი გამაოგნებელი კონფუზი? ასევე: თუკი ეს ასეა, ანუ - თუკი გახარია მტერმა მოისყიდა ან კიდევ უარესი, პოლიტიკურ მოკავშირედ და თანამოაზრედ(?!) გაიხადა, მაშ რაღა შეუშლიდა ხელს ამბოხების გეგმის განხორციელებას? განა გადადგომის გარეშე მოქმედ პრემიერს არ შეეძლო ორი-სამი დღით და მეტი ვადითაც, მელიას დაკავების პოლიციური ოპერაციის ათასი საბაბით, თუნდაც ტექნიკურ ხარვეზზე აპელირებით, გადადება?! ასეთ შემთხვევაში - გახარიას გადადგომა ხომ ავტომატურად სწორედაც ამობოხების გეგმის ღალატია და მაშინ, სრულიად აბსურდულ სიტუაციაში ვართ: ე.ი. გახარია ჯერ ნაცებს შეეკრა, საკუთარ თავს, პარტიასა და ხელისუფლებას უღალატა, მაგრამ მერე - უღალატა ნაცებსაც?! რატომ, რა მიზნით? ყველას და ყველაფრის ღალატი გახარიას თვითმიზანია?

 

როცა გახარიას გადადგომით შექმნილ ასეთ სამარცხვინო, დისკრედიტირებულ, ფაქტიურად - კონფუზის მდგომარეობაში ვართ, ძნელია რაიმე მწყობრი ლოგიკის პოვნა.

 

დიდი გულისტკივილით ვამბობ ამას, რადგან ირაკლი კობახიძეს ყოველთვის გულწრფელად ვგულშემატკივრობ, ვინაიდან ყოველთვის მჯეროდა და მჯერა კიდეც მისი. თუმცა მისი რეაქცია, საჯაროდ გამოთქმული ეს ეჭვები, თუკი სახელმწიფოს მარეაბილიტირებელი, მათ შორის - სათანადო სამართლებრივი ზომები, სასწრაფოდ არ გატარდება, სახელმწიფო ინსტიტუტების განსაკუთრებულ სისუსტეს მორიგჯერ გაუსვამს ხაზს და ამდენად, დამაზიანებელიც კი შეიძლება აღმოჩნდეს!"- წერს დავით ზარდიაშვილი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ