დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

არის თუ არა „სახელმწიფოს მიტაცება“ საქართველოში დემოკრატიის დასასრული - 07.06.2021 11:53

ბრიტანულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ყოველკვირეულ ჟურნალ „ნიუ სთეითესმან“-ში («New Statesman») გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „არის თუ არა „სახელმწიფოს მიტაცება“ საქართველოში დემოკრატიის დასასრული?“ // დემოკრატიისგან უკანდახევა ამ სამხრეთ კავკასიურ ქვეყანაში მისი დასავლელი მოკავშირეების შეშფოთების მიზეზი გახდა“, რომელშიც გაანალიზებულია ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური სიტუაცია, მოცემულია გარკვეული შეფასებები და დასკვნები (ავტორი - იდო ვოკი).

 

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

 

„თბილისსა და ბათუმში, საქართველოს უდიდეს ქალაქებში, ჯერ კიდევ შემორჩენილ რუსული იმპერიული არქიტექტურით აგებულ შენობებთან, არცთუ იშვიათად გაიგონებთ რუსულ ენაზე ლაპარაკს, ქართულთან ერთად. ამ სამხრეთ კავკასიურ ქვეყანაში რუსულენოვანი ემიგრანტები თითქოს მთელი საბჭოთა კავშირიდან არიან შეკრებილნი - რუსეთიდან და თურქმენეთიდანაც კი. ისინი აქ ჩამოდიან არამარტო თბილი კლიმატისა და საუკეთესო სამზარეულოს გამო, არამედ კიდევ იმიტომ, რომ უფრო თავისუფლად იცხოვრონ და ისუნთქონ, ვიდრე თავიანთ სამშობლოში. [დასავლეთმა] შედარებით ძლიერი დემოკრატიული სახელმწიფო ინსტიტუტების მქონე საქართველო რეგიონის ქვეყნებს შორის დემოკრატიის შუქურად შერაცხა.

 

რადიკალური რეფორმები, რომელიც თითქმის 20 წლის წინათ ყოფილმა პრეზიდენტმა, ამერიკაში განათლებამიღებულმა მიხეილ სააკაშვილმა განახორციელა, საქართველო, დასავლელი ანალიტიკოსებისა და პოლიტიკოსების აზრით, ტიპიური პოსტსაბჭოური კორუმპირებული და ავტოკრატიული ხელისუფლების მქონე ქვეყნიდან დემოკრატიული რეფორმების გამტარებელი ქვეყნის ნიმუშად გადაიქცა. შორს რომ არ წავიდეთ, 2005 წელს, აშშ-ის იმდროინდელმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშ-უმცროსმა, თბილისში ყოფნისას,  საქართველო „თავისუფლების შუქერად“ მონათლა. 

 

და მაინც, ამის მიუხედავად, დღეს ოპოზიცია, რომლის სათავეში მიხეილ სააკაშვილის პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იმყოფება, მმართველ პარტიას „ქართულ ოცნებას“ რეგულარულად ბრალს სდებს, რომ მისი მთავრობა მიხეილ სააკაშვილის მიერ შექმნილ დემოკრატიულ ინსტიტუტებს არღვევს. ოპოზიცია ამ პროცესს „სახელმწიფოს მიტაცებას“ უწოდებს. მისი ბრალდების მიხედვით, ხელისუფლება ახორციელებს სასამართლო სისტემის პოლიტიზებას, ეწევა პოლიტიკური ოპონენტების დაშინებას და აყალბებს არჩევნებს, ისე როგორც ეს გააკეთა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს.

 

ოპოზიციის განცხადებამ არჩევნების გაყალბების შესახებ საქმე იქამდე მიიყვანა, რომ მათმა დიდმა ნაწილმა პარლამენტის მუშაობას ბოიკოტი გამოუცხადა. შექმნილი პოლიტიკური ჩიხი ნაწილობრივ განეიტრალდა ევროკავშირის წარმომადგენლების მიერ მომზადებული საშუამავლო შეთანხმებით, რომელიც მოიცავდა საპყრობილეში მყოფი ოპოზიციონერის ნიკა მელიას გათავისუფლებასაც.

 

ოპოზიციის ლიდერები და ზოგიერთი უცხოელი დამკვირვებელი ახლა შიშობენ, რომ საქართველო შეიძლება მეზობლების - რუსეთის, თურქეთისა და აზერბაიჯანის  გზას დაადგეს. შიშით უყურებენ აგრეთვე „ქართული ოცნების“ დამაარსებლის, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის სავარაუდო მოქმედებასაც. იგი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი 2012-2013 წლებში იყო, მაგრამ ბევრი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილმა თავისი სიმდიდრითა და გავლენით კულისებიდან  პარტიულ აპარატს აკონტროლებდა. ის ფაქტი, რომ მან თავისი სიმდიდრე რუსეთში დააგროვა, კრემლის წინააღმდეგ განწყობილ ადამიანებში ეჭვს აძლიერებს.

 

პოლიტიკური სურათი კი ქვეყანაში მართლაც რთულია. საქართველოში ბოლო მეოთხედი საუკუნის განმავლობაში ყოველი მმართველი პარტია ცდილობდა სახელმწიფო ინსტიტუტები თავისი საკუთარი სარგებლობის მიზნით გამოეყენებინა და ამ მხრივ გამონაკლისი არ „ქართული ოცნება“ არ არის“, - აღნიშნავს შოთა კაკაბაძე, ქართული პოლიტიკის ინსტიტუტის თბილისის ანალიტიკური ცენტრის ანალიტიკოსი, - „სუსტ და მყიფე სახელმწიფო ინსტიტუტებს ხშირად არ შეეძლოთ მთავრობაში მომუშავე ადამიანების შეკავება, რომ  მათ თავიანთი სამსახურებრივი მდგომარეობით ბოროტად არ ესარგებლათ“.

 

სინამდვილეში კი „ქართული ოცნება“, მიუხედავად იმისა, რომ პარტია მტკიცედ ფლობს მმართველობის ბერკეტებს საკანონმდებლო და სასამართლო სისტემაში, მაინც მზად არის კომპრომისებისათვის. „მმართველი პარტიის ასეთი მოქმედება კონტრასტულია მიხეილ სააკაშვილის შეურიგებელი სტილისათვის“, - ამბობს ანა დოლიძე, თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომლიც, ამჟამად მრავალრიცხოვანი პატარა ოპოზიციური პარტიებიდან ერთ-ერთს ხელმძღვანელობს, სახელწოდებით „ხალხისათვის“. მისი თქმით, „ნაცმოძრაობა“ ბოლომდე იბრძოდა ყოველი წვრილმანისათვის, თუმცა „ქართულმა ოცნებამაც“ იცის, უკან როდის და რა მომენტში უნდა დაიხიოს“.

 

„ნაციონალური მოძრაობა“ მეტ-ნაკლებად ჯერ-ჯერობით ისევ ერთგულობს მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ამჟამად, დევნილობაშია და უკრაინაში ცხოვრობს. პლაკატზე, რომელიც პარლამენტის წინ გაშლილ ოპოზიციის ბანაკთან დგას, გამოსახულია მომღიმარი  ყოფილი პრეზიდენტი იმ შენობის ფონზე, რომელიც მისი პრეზიდენტობის პერიოდის დროინდელ სიმბოლოს წარმოადგენს. პლაკატზე წარწერაა - „ისევ დავიწყოთ ჩვენი ქვეყნის განვითარება“. თუმცა, ამის მიუხედავად, მიშა, როგორც მას ყველა ეძახის, ამომრჩევლებში ძველებურად პოპულარული აღარ არის: ბევრი იხსენებს, რომ მისი მმართველობის დროს ირღვეოდა ადამიანის უფლებები, ხდებოდა დანაშაულობები, რომელსაც მისი უსაფრთხოების სამსახურები სჩადიოდნენ. ზოგიერთები იმასაც ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ პიროვნების კულტი ყალიბდებოდა, მისი გარემოცვის ხელშეწყობით.

 

მანამ, სანამ ამომრჩევლები იძულებულნი იქნებიან არჩევანი ბიძინა ივანიშვილსა და მიხეილ სააკაშვილის ერთგულ ოპოზიციას შორის გააკეთონ, ბევრი მაინც მხარს „ქართულ ოცნებას“ დაუჭერს“, - ამბობს ანა დოლიძე. მას იმედი აქვს, რომ საბოლოოდ გაქრება ის დუოპოლია (გადატანითი მნიშვნელობით - ორი სუბიექტის ვაჭრობა), რომლის არსებობაც ხელისუფლებისა და ოპოზიციის ინტერესებშია.

 

ანა დოლიძე, ადვოკატი-აქტივისტი, რომელმაც თავისი წვლილი შეიტანა მიხეილ სააკაშვილის მთავრობის მიერ ჩადენილი დანაშაულობების დღის სინათლეზე გამოტანაში (ადამიანის უფლებების დარღვევის მხრივ), ამბობს, რომ იგი „ნაცმოძრაობის“ მარიონეტი არ არის, მაგრამ იმაში, რომ იგი პარლამენტის წევრად არ იქნა არჩეული, თავის კარგად უზრუნველყოფილ ოპონენტს ადანაშაულებს „ქართული ოცნებიდან“.

 

თუმცა, რაც არ უნდა იყოს, ძალიან ბევრი, მათ შორის მთავრობის ყველაზე მკაცრი კრიტიკოსებიც კი აღიარებენ, რომ „ქართული ოცნება“ ნამდვილად პოპულარულია და ალბათ, არჩევნებში ის გაყალბების გარეშეც გაიმარჯვებდა, თუმცა იმდენად მტკიცედ არა, რომ ერთპარტიული მთავრობა ჩამოაყალიბებინა. რაც შეეხება არჩევნების გაყალბების საკითხს, ეუთოს მიერ მომზადებულ მოხსენებაში ნათქვამია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები „კონკურენტულ გარემოში ჩატარდა და მთლიანობაში თავისუფლების ძირითადი ნორმები დაცული იყო“. „ბევრი ოპოზიციონერი, რომლებმაც პარლამენტში თავიანთი კუთვნილი ადგილები დაიკავეს, ამით ირიბად აღიარებენ, რომ არჩევნების შედეგები ლეგიტიმურია, - ამბობს გიორგი ხელაშვილი, „ქართული ოცნების“ დეპუტატი.

 

საეჭვოა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დემოკრატიული ნორმებიდან უკანდახევა მოახდინოს, რადგან ამის დაშვება ქვეყნის გეოპოლიტიკური სიტუაციის გამოც არ შეიძლება. გრძელდება კონფლიქტი იმ ორი ტერიტორიის გამო, რომლებიც საერთაშორისო დონეზე საქართველოს ნაწილებად არიან აღიარებულნი - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი - დე-ფაქტოდ კი თავს დამოუკიდებლებად თვლიან, მათ რუსეთი მფარველობს და ეხმარება. ეს ნიშნავს, რომ პრაქტიკულად მთელი ქართული პოლიტიკური სპექტრი, მეტ-ნაკლებად, რუსეთის წინააღმდეგ არიან განწყობილნი და როგორც შედეგი, ისინი ქვეყნის ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანების მომხრენი არიან. ევროპული სტრუქტურები წევრობის მსურველებისგან მინიმალური დემოკრატიული სტანდარტების დაცვას ითხოვენ და შესაბამისად, როგორც კი რომელიმე პარტია ამ სტანდარტებს უგულვებელყოფს, ქართველები ასეთ პარტიას არჩევნებში მხარს არ დაუჭერენ.

 

ერთპარტიული მთავრობის ჩამოყალიბებას ხელს შეუშლის ის საარჩევნო რეფორმაც, რომელსაც ქართული საზოგადოება დიდხანს ელოდა და რომელიც პარტიებს შორის გასულ წელს შეთანხმდა. სხვათა შორის, ის ფაქტი, რომ „ქართული ოცნება“ უკვე მესამე ვადით მართავს ქვეყანას, ნიშნავს, რომ მმართველი პარტია უკვე „დაღლილია“ და ყბადაღებული „სახელმწიფოს მიტაცება“ არ განხორციელდება, უფრო მეტიც - მისთვის ხელისუფლების დაკარგვის რისკები მატულობს.

 

ევროკავშირმა რეგიონში თავისი მოქმედების ეფექტურობა აჩვენა, როცა ხელი შეუწყო მთავრობისა და ოპოზიციის შეთანხმებას. რასაკვირველია, საქართველოში დემოკრატიის მტკიცედ შენარჩუნება ბრიუსელის აღმოსავლური პოლიტიკის წარმატებად იქნება აღქმული, რომელშიც საქართველოს საკვანძო ადგილი უკავია.

 

გეოგრაფიული მდებარეობა და რთული მეზობლების ყოლა საქართველოს, ერთი მხრივ წარმატებისაკენ უბიძგებს, მაგრამ მეორე მხრივ, მასზე ნეგატიურ გავლენასაც ახდენს. საქართველო უფრო დემოკრატიული უნდა იყოს, ვიდრე მისი მეზობლები არიან. ის ყველაზე უფრო თავისუფალი სახელმწიფო უნდა იყოს რეგიონში. უბრალოდ, ჰკითხეთ ეს რუსულენოვან ადამიანებსაც [და ისინიც იგივეს გიპასუხებენ].

 

 წყარო: https://www.newstatesman.com/world/europe/2021/06/state-capture-undoing-georgia-s-democracy

 

მოამზადა - სიმონ კილაძემ

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ