12:28 08.06.2021
თუ საინტერესოდ არ მოეჩვენებოდი, კულტურულად გაგერიდებოდა - რას წერს კოკა ყანდიაშვილი რეზო გაბრიაძეზე

ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი, ფეისბბუქის საკუთარ გვერდზე, რეჟისორ რევაზ გაბრიაძის გარდაცვალების ფაქტს ემოციური პოსტით ეხმაურება:

 

"ძია რეზო

რევაზ გაბრიაძე

(29.06.1936-06.06.2021)

მწერალი, მხატვარი, მოქანდაკე, რეჟისორი…

 

დინჯი საუბარი ჰქონდა.

კეთილი ღიმილი.

ყოველთვის (ანუ მართლა, ყოველთვის) საქმით იყო დაკავებული.

იცოდა საკუთარი თავის ფასი.

თუ საინტერესოდ არ მოეჩვენებოდი, მკვახედ - მაგრამ კულტურულად გაგერიდებოდა...

დროის ნაკლებობას უჩიოდა ხოლმე და მიუხედავად ძალიან, ძალიან სხარტი გონებისა - ხშირად დაღლილი მეჩვენებოდა.

 

ამავდროულად, უშრეტი ფანტაზიის, ნაფიქრის, შეხედულებებისა და დასკვნების მატარებელი კაცი, მუდამ იყო მზად ახალი მიეღო, მოესმინა, დაინტერესებულიყო, გადაება საკუთარ გამოცდილებასა თუ ნიჭთან და შედევრი შეექმნა.

 

აფასებდა სხვა ადამიანის შრომას და განსაკუთრებით ნიჭს.

 

კიდევ ერთი საოცარი თვისება ჰქონდა… როდესაც რამე იდეა მოუვიდოდა და თავად არ ეცალა რომ მიეხედა, დაგიძახებდა, აგიხსნიდა, გასწავლიდა და გაჩუქებდა!!!

 

არაფერს არ ითხოვდა, მხოლოდ ის ედარდებოდა, რომ ვინმეს მაინც გაეკეთებინა ეს საქმე.

 

მიაჩნდა, რომ ქართველების ნიჭიერება გამოიხატება თითოეულ ქართულ სიტყვაში, ოჯახურ ურთიერთობაში, ჩაცმულობაში, რიტუალებში, ხელნაკეთი ჭურჭლის დიზაინში, სახლის მოწყობასა და ეზოს მოვლაში.

 

90-ბის მიწურულს, (ალბათ ბევრს გახსოვთ) ხაშურის შადრევანსა და სურამის ტბას შორის გზის მონაკვეთი (ნაზუქებამდე არ მისული), 24 საათი იყო საუცხოოდ აკაშკაშებული. ადგილობრივებმა გახსნეს ათასგვარი კაფე-ბარები, მაღაზიები, ააგეს ახალი პატარ-პატარა ქოხმახები, დაარქვეს საოცარი სახელები და ვინ რომელი ფერის საღებავს იშოვიდა, ისე ააჭრელებდა ბიზნესად გადაკეთებული საკუთარი კარმიდამო.

 

ძია რეზომ ეს ყველაფერი ნახა და აღფრთოვანებული მოვიდა ჩვენთან სტუდიაში. მთხოვა, გადაიღე, ამეებს მერე გააქრობენ და ვინ იცის, ოდესმე თუ განმეორდებაო... გვიყვებოდა, თუ რა საოცარი ნიჭი, გემოვნება, კულტურა და სიყვარული დაინახა ამ ჭრელა-ჭრულა გზაზე... მას მიაჩნდა, რომ სათითაოდ შეიძლება უმეტესობა უგემოვნო იყო, მაგრამ მთლიანობაში ეს ყველაფერი ქმნიდა, ფერად, ლაღ, უკონტროლო (მაშინ ზედამხედველობის სამსახური არც არსებობდა. ვინ ამოიღებდა ხმას უშნოდ შეღებილ ჭიშკარზე, უკვე დიდი სიხარული იყო, რომ შეიღება, ხელი შეევლო, არ ჩამოინგრა...), დაუსჯელ, სიყვარულითა და გაჭირვებიდან გამოსავლის მაძიებელი ქართველების ერთიან პალიტრას. იმ რთულ დროში - ეს სურათი შთაგონების წყარო იყო ძია რეზოსთვის. ეს იყო იმედი, რომ გადავრჩებოდით, დავლაგდებოდით, გავერთიანდებიდით

 

გავიდა წლები, დღეს მართლაც აღარაფერი შემორჩა იმ ქოხმახებიდან, მაგრამ მისი სახელობის თეატრთან აი, ამ ქმნილებას რომ ვხედავ (ფოტო ნახეთ), ყოველთვის ის საუბარი მახსენდება... როდესაც ვუსმენდი და ვერ ვიგებდი, რა ნახა ამ კაცმა ასეთი განუმეორებელი ხაშურის სიახლოვეს... აი, ეს ნახა, ეს ფერადი, გემოვნებიანი, მშვენიერი საქართველო…

 

რა შექმნა, ან რა დაგვიტოვა რეზო გაბრიაძემ - ყველამ ისედაც იცით, აღარ ჩამოვთვლი...

 

დავასრულებ ამ ერთი ცნობილი ციტატით, რომელიც მის მიერ შექმნილმა გმირმა გააჟღერა «შერეკილებში» და ყველას დაგვამახსოვრა...

 

“სიყვარული… სიყვარულია მშობელი ოცნებისა, ოცნება აღვიძებს კაცთა მოდგმის მთვლემარე გონებას, გონება აღძრავს ქმედებას, პლიუს-მინუს, ემ ცე კვადრატ (mc²), ეф, ფუძე (√) ვნებათაღელვის უსასრულობისა და შეცნობილი აუცილებლობისაკენ! მიდით ერთაოზ!” - წერს კოკა ყანდიაშვილი.




ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge