დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

შეერთებული შტატები რუსეთთან კონფლიქტს არ ეძებს - ჯო ბაიდენი 08.06.2021 13:13

ამერიკულ გაზეთ „ვაშინგტონ პოსტ“-ში გამოქვეყნდა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის სტატია, რომელშიც იგი თავის მომავალი ევროპული ტურნეს შესახებ საუბრობს - იმ შეხვედრების შესახებ, რომლებსაც პრეზიდენტი ბრიუსელში ნატოს წევრების ლიდერებთან და ჟენევაში - თავის რუს კოლაგასთან განახორციელებს. სტატიის სათაური ასეთია: „ჯო ბაიდენი: „ჩემი ევროპული ვიზიტის მიზანს მსოფლიო დემოკრატიის განმტკიცება წარმოადგენს“.

 

როგორც ჯო ბაიდენი წერს, იგი ოთხშაბათს, აშშ-ის პრეზიდენტის რანგში, პირველად მიემგზავრება ევროპაში, სადაც შეხვედრები ექნება „ბევრ უახლოეს დემოკრატიულ პარტნიორთან - „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ლიდერების ჩათვლით, ნატოელ მოკავშირეებთან და ევროკავშირის ხელმძღვანელებთან. ვიზიტი დასრულდება ვლადიმერ პუტინთან შეხვედრით. აშშ-ის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ რადგანაც ვიზიტი „კოვიდ-19’-ის პანდემიის ფონზე განხორციელდება, მოლაპარაკებების დროს დიდი ყურადღება დაეთმობა თანამედროვე გამოწვევებისა და საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლას და იმას, თუ როგორ უნდა დაეხმაროს აშშ თავის მოკავშირეებს ამგვარი პრობლემების მოგვარების დროს.

 

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტი ხაზს უსვამს: 

 

„რა მიზნები და ამოცანებიც არ უნდა იდგეს ჩვენს წინ - „კოვიდ-19“-ის პანდემიისადმი გამკლავება, კლიმატურ ცვლილებების მიმართ ბრძოლა თუ რუსეთისა და ჩინეთის მთავრობების მავნე მოქმედებისადმი წინააღმდეგობა, შეერთებულმა შტატებმა მსოფლიოში ძალის პოზიციით უნდა იმოქმედოს. დღეს, ჩვენს მიერ მიღებული ეროვნული სტრატეგიის წყალობით აშშ-ის ეკონომიკა ისე სწრაფად იზრდება, რომ ასეთი ტემპები ბოლო 40 წლის განმავლობაში არ ყოფილა. ამჟამინდელი ადმინისტრაციის 4-თვიანი მუშაობის ძალისხმევით ქვეყანაში უფრო მეტი სამუშაო ადგილები შეიქმნა, ვიდრე სხვა პრეზიდენტების მმართველობის დროს. ამერიკელი მუშების ხელფასების რაოდენობა მატულობს... და რადგანაც ამერიკის ეკონომიკის აღდგენა ხელს უწყობს გლობალური ეკონომიკის ზრდას, ჩვენ უფრო ძლიერები გავხდებით, თუ ჩვენს ირგვლივ უფრო მეტი ისეთი ქვეყნები იქნებიან, რომლებიც ჩვენს დემოკრატიულ ფასეულობებს და მომავლის ჩვენეულ ხედვას იზიარებენ“.

 

ამერიკის ლიდერი აღნიშნავს, რომ იგი შეხვდება დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ბორის ჯონსონს, „რომლის დროსაც ჩვენ დავადასტურებთ ჩვენი ქვეყნების განსაკუთრებულ ურთიერთობას, მე მონაწილეობას მივიღებ „დიდი შვიდეულის“ შეხვედრაში. და რადგანაც წამყვანი დემოკრატიისა და ეკონომიკის მქონე ქვეყნების ამ ჯგუფის წევრებს კორონავირუსის გამო პირადი შეხვედრები უკვე ორი წლის მანძილზე არ გაუმართავთ. ჩვენი შეხვედრის ძირითადი პრიორიტეტები იქნება ბრძოლა პანდემიის წინააღმდეგ და მისი დასრულებისთვის, ყველა ქვეყანაში ჯანდაცვის უსაფრთხოების დონის განმტკიცება და ენერგიული ძალისხმევა გლობალური ეკონომიკის აღსადგენად“.

 

ჯო ბაიდენი სტატიაში ეხება ჩრდილოატლანტიკური ალიანსს, რომელიც, მისი აზრით, მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ორგანიზაციას წარმოადგენს: ნატო - მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე წარმატებული ალიანსი საერთო დემოკრატიულ ფასეულობებს ეფუძნება. ბრიუსელში, ნატოს სამიტზე, მე კვლავ განვაცხადებ აშშ-ის ერთგულებას ნატოს წესდების მე-5 მუხლის მიმართ, რომელიც ალიანსის გარანტიას წარმოადგენს - [ერთად] გავუმკლავდეთ ყველანაირ გამოწვევას, ისეთი საფრთხეებისა და მუქარების ჩათვლით, როგორიცაა კიბერშეტევები ჩვენი საერთო ინფრასტრუქტის ობიექტების მიმართ“.

 

აშშ-ის პრეზიდენტი თავის სტატიაში ყურადღებას აქცევს გლობალური ეკონომიკის განვითარებას ევროპელ მოკავშირეებთან ერთად, ჩინეთის წინააღმდეგ: „ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ იმაზე, რომ სწორედ საბაზრო დემოკრატიის ქვეყნები და არა ჩინეთი და მისნაირები განსაზღვრავენ [მსოფლიოში] ვაჭრობისა და ტექნოლოგიების განვითარებას. ჩვენ გავაგრძელებთ ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის შექმნისადმი ძალისხმევას“.

 

რაც შეეხება ჟენევაში რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრას: „ჩვენ და ჩვენს მოკავშირეებს, რომლებიც მსოფლიოს აშშ-ის მსგავსად უყურებენ, ერთი აზრი გვაქვს რუსეთის მხრიდან წამოსულ გამოწვევებზე, რომლებიც ევროპული უსაფრთხოების, კერძოდ, უკრაინის წინააღმდეგ არიან მიმართულნი. არანაირი ეჭვი და ყოყმანი არ უნდა არსებობდეს იმ საკითხში, რომ შეერთებული შტატები განუხრელად დაიცავს საერთო დემოკრატიულ ფასეულობებს, საერთო ინტერესების გათვალისწინებით“, - წერს ჯოზეფ ბაიდენი, - მე ამას წინათ ვლადიმერ პუტინს ტელეფონით რომ ვესაუბრე, მას გულახდილად და პირდაპირი ვუთხარი, რომ შეერთებული შტატები რუსეთთან კონფლიქტს არ ეძებს. ჩვენ გვსურს სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობები იმ სფეროებში, რომლებშიც რუსეთთან მუშაობა შეგვიძლია, მაგალითად, სტრატეგიული სტაბილურობა და შეიარაღებისადმი კონტროლი. ამიტომაც მე დაუყონებლივ მივიღე გადაწყვეტილება, რომ კიდევ ხუთი წლით გაგრძელდეს სტრატეგიული შემტევითი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულების მოქმედება, რითაც ამერიკელი ხალხისა და მთელი მსოფლიოს უსაფრთხოება განმტკიცდება“.

 

იქვე აშშ-ის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ მან ვლადიმერ პუტინს ისიც მიანიშნა, რომ „თუ ვინმე აშშ-ის სუვერენიტეტს დაარღვევს, ვთქვათ, ჩვენს დემოკრატიულ არჩევნებში ჩარევით, მათ თავიანთი ქცევის გამო წინ სერიოზული შედეგები ელოდებათ. და პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა იცის, რომ მე არ დავიწყებ ყოყმანს პასუხის გაცემის დროს იმ მოქმედებაზე, რომელიც ჩვენ ზიანს მოგვაყენებს. როცა ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით, მე კვლავ გავუსვამ ხაზს აშშ-ისა და ევროპის ერთგულებას დემოკრატიისადმი, ადამიანის უფლებებისა და ღირსებების დაცვისადმი“.

 

პუბლიკაციის დასასრულს ჯო ბაიდენი წერს, რომ მას მტკიცედ სჯერა: „დემოკრატიულ ქვეყნებს შეუძლიათ გაერთიანება, რათა რეალურ შედეგებს მიაღწიონ ხალხების ინტერესების დაცვაში, რომ იმ დემოკრატიულ ალიანსებს და ინსტიტუტებს, რომლებმაც ბევრად განსაზღვრეს გასული ასწლეულის ხასიათი, დღესაც შეუძლიათ დაამტკიცონ თავიანთი უნარი - წინააღმდეგობა გაუწიონ თანამედროვე საფრთხეებსა და მოწინააღმდეგეებს“.

 

წყარო

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ