დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

რუსული დათვი 1990-იან წლებში წაქცეული იყო და დასავლეთის მთავრობები შეუსვენებლივ ურტყამდნენ - ამერიკული გამოცემა 09.06.2021 13:32

ცნობილ ამერიკულ გამოცემა «The American Spectator»-ში გამოქვეყნებულია აშშ-ის ექს-პრეზიდენტ რონალდ რეიგანის ყოფილი სპეციალური თანაშემწის დუგ ბენდოუს ვრცელი ანალიტიკური სტატია სათაურით „დროა ვლადიმერ პუტინთან მოვილაპარაკოთ“, რომელშიც ავტორი, ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის სამომავლო ჟენევური სამიტის შუქზე, აშშ-ისა და რუსეთის ურთიერთობის პრობლემებს ეხება და მათი გადაწყვეტის გზებს ეძებს. ავტორი განიხილავს აგრეთვე ამერიკის პოზიციას ნატოს წევრად საქართველოსა და უკრაინის მიღების საკითხში და ხაზს უსვამს: „ყველაზე მთავარია აშშ-მა განაცხადოს, რომ ნატოს წევრების სავარაუდო სიას არც საქართველო და არც უკრაინა არასოდეს არ დაემატება“.

 

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

 

„ერთი კვირის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჟენევაში თავის რუს კოლეგას - ვლადიმერ პუტინს უნდა შეხვდეს. დადგა დრო იმისა, რომ რუსეთთან დამოკიდებულებაში ახალი მიდგომა შევარჩიოთ.

 

„ცივი ომის“ შეწყვეტაში საკვანძო როლი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა მარგარეტ თეტჩერმა შეასრულა. მისი პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი, ალბათ, ის იყო, რომ მან განაცხადა: „მე ბატონი გორბაჩოვი მომწონს. ჩვენ ერთმანეთთან საუბარი და დიალოგი შეგვიძლია“. მარგარეტ თეტჩერმა შეძლო რონალდ რეიგანის დარწმუნება იმაში, რომ მიხეილ გორბაჩოვი, საბჭოთა კავშირის კომპარტიის გენერალური მდივანი, თავისი წინამორბედებისაგან განსხვავდებოდა. და ეს სრული სიმართლე იყო. რწმენის გამოცდა-განმტკიცებისთვის გარკვეული დრო იყო საჭირო და როცა  მიხეილ გორბაჩოვმა მოახერხა და აღმოსავლეთ ევროპაში მყოფი საბჭოთა არმია ყაზარმებიდან არ გამოუშვა, რეგიონის სოციალისტური ქვეყნების კომუნისტური რეჟიმები ზედიზედ დაემხო და სამუდამოდ დასამარდნენ. ჰოდა, ჯო ბაიდენმაც ზუსტად ასე უნდა წაიყვანოს საქმე ვლადიმერ პუტინთან დიალოგში.

 

ცხადია, ვლადიმერ პუტინი დემოკრატი არ არის. ბევრმა ჩვენგანმა, რომლებიც აღფრთოვანებულნი ვიყავით კომუნიზმის კრახით, ობიექტურად ვერ შევაფასეთ იმპერიული ქვეყნის გადასვლა ლიბერალურ დემოკრატიაზე (რუსეთი ხომ ასეული წლების განმავლობაში მეფის თვითმპყრობელობისა და საბჭოური ტოტალიტარიზმის პირობებში ცხოვრობდა). ბორის ელცინი, მართალია, კეთილი სურვილები ამოძრავებდა, მაგრამ იგი არაკომპეტენტური ადამიანი იყო და თან სასმელები უყვარდა.

 

ამერიკა რომ არ ჩარეულიყო (თანაც უცერემონიოდ) რუსეთის 1996 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, ბორის ელცინი ვერ გაიმარჯვებდა - ქვეყანაში გამეფებული ქაოსის ფონზე კომუნისტური პარტიის კანდიდატი მასზე უფრო მეტი ავტორიტეტით სარგებლობდა. ბორის ელცინი პრეზიდენტი გახდა, მაგრამ 1999 წლის ბოლოს მან „ტვირთს ვეღარ გაუძლო“, იგი გადადგა, რის შედეგადაც ბევრმა შვებით ამოისუთქა.

 

ბორის ელცინის მემკვიდრე ვლადიმერ პუტინი, რომელიც პრემიერ-მინისტრობიდან პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გახდა, სამწუხაროდ, წინამორბედზე უარესი აღმოჩნდა - უფრო მეტად ავტორიტარი და იმავდროულად, კომპეტენტურიც. აუცილებელია იმის თქმაც, რომ ვლადიმერ პუტინი თავდაპირველად ამერიკის წინააღმდეგ მკაცრად განწყობილი არ იყო. კაცმა რომ თქვას, „კაგებე“-ს თანამშრომლები დიდი ფანატიკოსები კი არ იყვნენ, არამედ ჩვეულებრივი, მიწიერი ადამიანები, მაგრამ მათ ცინიკოსობას კი ნამდვილად ვერ წაართმევდი.

 

2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული აქტების შემდეგ ვლადიმერ პუტინი მზად იყო შეერთებული შტატების დასახმარებლად და მოსკოვიც ვაშინგტონს დიდი ხნის განმავლობაში სთავაზობდა ზურგის მხარდაჭერას ავღანეთში ოპერაციის განსახორციელებლად. პრინციპში, დღესაც კი რუსეთს და ამერიკას შორის ფუნდამენტალურ ინტერესების სფეროში რაიმე კონფლიქტი არ არსებობს: მათ შორის არ არის არც ტერიტორიული პრეტენზიები და დიდწილად - არც გლობალური მეტოქეობა, მათი იდეოლოგიები არა არის ერთმანეთისადმი მტრული და დაპირისპირებული... შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის  ფედერაცია დღეს გარდაქმნილი რუსეთის იმპერიაა, მაგრამ არარუსული სატრაპიების გარეშე. მოსკოვიც დღეს ისე იქცევა, როგორც მე-19 საუკუნეში სანქტ-პეტერბურგი იქცეოდა - ითხოვს პატივისცემას უცხოური სახელმწიფოებისაგან, რომ მათ მხედველობაში ჰქონდეთ რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესები, რომ რუსეთიც ჩართონ საერთაშორისო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და დაცული იყოს მისი საზღვრების ხელშეუხებლობა.

 

სამწუხაროდ, ვაშინგტონმა და ბრიუსელმა შანსი ხელიდან გაუშვეს და უაზროდ დახარჯეს ვლადიმერ პუტინის მიერ გამოჩენილი თავდაპირველი კეთილი დამოკიდებულება. დიახ, რუსული დათვი 1990-იან წლებში წაქცეული იყო და დასავლეთის მთავრობები მას, ძირს დაგდებულ „პარტნიორს“, შეუსვენებლივ ურტყამდნენ. მათ ეგონათ, რომ დათვი ფეხზე ვეღარ წამოდგებოდა... დასავლეთი ატყუებდა მიხეილ გორბაჩოვს, ატყუებდა ბორის ელცინსაც ნატოს არგაფართოების თაობაზე, მათ დაარღვიეს სერბეთი, რუსეთის ტრადიციული მეგობარი, ხელი შეუწყეს „ფერადი რევოლუციების“ მოხდენას საქართველოსა და უკრაინაში, მხარს უჭერდნენ ამ ქვეყნებს და მათ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მიღებას პირდებოდნენ, მოსახლეობა წააქეზეს უკრაინის პრორუსი პრეზიდენტის დამხობისაკენ ქუჩის პუტჩის გზით... რა თქმა უნდა, დასავლეთი თავის მოქმედებას ყოველთვის ამართლებდა და აცხადებდა, რომ არავის და არც რუსეთს არ უნდა ჰქონდეს გავლენის სფეროების არსებობის უფლება, ხოლო როცა ვაშინგტონი სხვა სახელმწიფოს საქმეებში ერევა, ამას პროგრესული კაცობრიობის სახელით აკეთებსო.

 

დასავლეთი საკუთარ თვალთმაქცობას „ვერ ამჩნევდა“. საქართველოში მომხდარი ომის შემდეგ (თბილისმა იმ სეპარატისტულ ტერიტორიაზე თავდასხმა განახორციელა, სადაც რუსი სამხედრო მოსამსახურეები იმყოფებოდნენ), გულმავიწყმა ჯონ მაკკეინმა განაცხადა, რომ „21-ე საუკუნეში ქვეყნები ერთმანეთს თავს აღარ ესხმიანო“. აშკარაა, რომ მას დაავიწყდა ის, რომ ხუთი წლით ადრე იგი კატეგორიულად ითხოვდა აშშ-ის შეჭრას ერაყში (საერთოდ, იგი ომის მტკიცე მომხრე იყო და გამოდიოდა ამერიკის რამდენიმე ქვეყანაზე თავდასხმის მოწოდებებით).

 

შეიძლება იმის წარმოდგენა, თუ როგორ რეაქციას მოახდენდა ვაშინგტონი (და ჯონ მაკკეინიც), ის რომ რუსეთის ადგილზე ყოფილიყო: გააფართოვებდა ვარშავის ხელშეკრულებას და ორაგანიზაციის წევრებად ცენტრალური ამერიკის სახელმწიფოებსაც მიიღებდა,  დააფინანსებდა კანადისა და მექსიკის მთავრობების მოწინააღმდეგეებს ამ ქვეყნების ხელისუფლების დასამხობად, გაანადგურებდა კოლუმბიას - აშშ-ის მეგობარ სახელმწიფოს. აშშ-ში ისეთი ყვირილი ატყდებოდა, რომ მთელ ატლანტიკას გადასწვდებოდა, გაზეთების გვერდებზე მონროს დოქტრინის ციტატები არშინიიანი ასოებით გამოქვეყნდებოდა, ტელეეთერი რევანშისტული მოწოდებებით გაივსებოდა, ჯონ მაკკეინი კი ხალხს კაპიტოლიუმის ბორცვიდან თეთრი სახლისაკენ წაიყვანდა, ტოტალური ომის დაუყონებლივ დაწყების მოთხოვნით.

 

რა თქმა უნდა, ასეთი შედარება მაინც არ ამართლებს მოსკოვის მკაცრ რეაქციას უკრაინის მოვლენებზე. მაგრამ როცა ერაყს ანგრევ არასწორი ინფორმაციის საფუძველზე და ამით რეგიონში სიტუაციის დესტაბილიზებას ახდენ, ჯაჭვიდან უშვებ „ალ-ქაიდას“ და „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტულ დაჯგუფებებს, როცა ამით ხელს უწყობ ირანის ამბიციების გაფართოებას, არღვევ რელიგიურ ერთობას და კონფესიათაშორისო ძალადობის ცუნამს იწვევ, როცა შენი მოქმედების შედეგად ასობით ათასი ადამიანი იღუპება, ამ დროს ვაშინგტონელმა ჩინოვნიკებმა ფარისევლობასა და პირმოთნეობას უნდა მოუკლონ და მათზე საერთოდ უარი უნდა თქვან. აბა, ჰკითხონ ერთი მექსიკას, რომელმაც ახალგაზრდა აშშ-ის აგრესიულობის გამო თავისი ტერიტორიის ნახევარი დაკარგა, რას უპასუხებს მეხიკო მათ. საქართველო და უკრაინა, აშშ-ის დაპირებების გამო, თავიანთ დიდ აგრესიულ მეზობელთან არიან „გაჭედილნი“, ამერიკას კი სიტუაციის შეცვლა არ შეუძლია...

 

დროა ამერიკამ მოლაპარაკება დაიწყოს და რუსეთთან გარიგება დადოს. დონალდ ტრამპს ჰქონდა ამის გაკეთების შესაძლებლობა, მაგრამ მან ეს არ გააკეთა (გასაგები მიზეზების გამო). ჯო ბაიდენი, თავის მხრივ, უკვე მრავალი წელია რუსეთის მოქმედებას გმობს. უფრო მეტიც - მან მოსკოვს „საფრთხე“ უწოდა, ჩინეთს კი „კონკურენტი“. თუმცა ამის მიუხედავად, ბაიდენს შეუძლია ტანამედროვე რიცარდ ნიქსონის როლი შეასრულოს - შეუძლია „წავიდეს რუსეთში“ გადატანითი მნიშვნელობით (სამიტი შვეიცარიაში იქნება) და იმ ურთიერთობის სტაბილიზება მოახდინოს, რომლებიც უმნიშვნელოვანესია მთელი მსოფლიოსთვისაც.

 

შეთავაზებების  კონტურების მოხაზვა რთული არ არის. ორივე მხარემ უნდა აიღოს ვალდებულება, რომ არჩევნებში არ ჩაერევიან (კაცმა რომ თქვას, აშშ-ს უფრო მეტი ბრალი მიუძღვის ამ საკითხში, ვიდრე რუსეთს). არ განახორციელებენ კიბერშეტევებს... ანალოგიურად უნდა იმოქმედონ ევროპის სახელმწიფოებმაც: მაგალითად, მათ შეუძლიათ ივალდებულონ, რომ მოსკოვს არადემოკრატიულობის პრეტენზიებს აღარ წაუყენებენ, მოსკოვი კი შეწყვეტს პოლიტიკურ მკვლელობებს მათ ტერიტორიებზე (საერთოდ კი, ევროპა ხშირად რუსეთზე უარეს საქმეებს აკეთებს, ბრიუსელი დათმობებზე მიდის რეჯეფ ერდოღანთან, რომელიც უხეშად არღვევს დემოკრატიის პრინციპებს).

 

და რაც უფრო მნიშვნელოვანია, ამერიკამ და მისმა ნატოელმა მოკავშირეებმა ალიანსის გაფართოების პროცესი უნდა შეწყვიტონ. ნატოში ჩრდილოეთ მაკედონიისა და ჩერნოგორიის მიღება (მეორე მაინც სულ დეკორაციაა, რა...) იმას მოწმობს, რომ ალიანსის გაფართოება სარგებელის მიღებისა და მიზანშეწონილობის საზღვრებს სცილდება. რა იქნება შემდეგ? ნატოს წევრად დიდი ფენვიკის საჰერცოგოს (მწერალ ლეონარდ ვიბერლის მიერ გამოგონილი ქვეყნის) მიღება? ყველაზე მთავარია, რომ აშშ-მა უნდა განაცხადოს, რომ ნატოს წევრების სავარაუდო სიას არასოდეს არ დაემატება არც საქართველო და არც უკრაინა. საერთოდ, ეს გადაწყვეტილება დიდი ხნის წინათ უნდა მიღებულიყო. ამ ორი ქვეყნის ნატოს წევრობა  ამერიკის ინტერესებში არ არის, რადგან ჯერ ერთი - ისინი თვით ალიანსში კონფლიქტებსა და დაპირისპირებების მიზეზი იქნებიან და მეორე - შეუძლიათ რუსეთის მხრიდან ესკალაციის პროვოცირება მოახდინონ.

 

თავის მხრივ, მოსკოვმა უნდა შეწყვიტოს უკრაინელი სეპარატისტებისადმი მხარდაჭერა, კიევმა კი დაპირება უნდა სეასრულოს და დონბასს ფართო ავტონომია უნდა მისცეს. უკრაინა სამხედრო-პოლიტიკურად ნეიტრალური უნდა გახდეს, თუმცა მას ექნება უფლება თავისი ნებით გადაწყვიტოს საკუთარი ეკონომიკური ბედი. შეიძლება ასეთმა შეთავაზებამ უკრაინელები გაანაწყენოს, მაგრამ მათ უნდა გააცნობიერონ, რომ არ აქვთ უფლება ნატოს წევრი იყონ აშშ-ის მხრიდან იმედად. ვაშინგტონმა ისინი უნდა მიახვედროს, რომ ამერიკელები მათ სამხედრო დახმარებას არ გაუწევენ - ვთქვათ, დღეს ცოცხალი ძალით (სამხედრო მოსამსახურეებით) და ხვალ - ბირთვული იარაღით. (...)

 

მოკლევადიან პერსპექტივაში ვაშინგტონის პრიორიტეტი მშვიდობის შენარჩუნება და მსოფლიოს საერთო პრობლემების გადაწყვეტა უნდა იყოს. იმედია, რომ დადგება დრო და რუსი ხალხიც დემოკრატიულ სისტემაში იცხოვრებს. ენტონი ბლინკენის მიერ სერგეი ლავროვთან ნათქვამის თანახმად, რუსი და ამერიკელი ხალხების ინტერესები ბევრ ადგილას იკვეთება და ერთმანეთს ემთხვევა. ჩვენ ვთვლით, რომ შეგვიძლია ერთად ვიმუშაოთ და აღნიშნულ ინტერესებს დავეყრდნოთ“. აი, ეს პრინციპი ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის ღირსეული დღის წესრიგი იქნება.

 

ვაშინგტონმა ერთხელ უკვე გადაიტანა ცივი ომი მოსკოვთან, მაგრამ ახლა სხვა სიტუაციაა: ჰორიზონტზე სულ უფრო განვითარებული და მზარდი ძალის მქონე ჩინეთის გამოჩენას თუ გავითვალისწინებთ, ამერიკამ თავი უნდა აარიდოს რუსეთთან მეორე ცივ ომს.

 

წყარო

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ