დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

საქართველოში ტურიზმი აღორძინებას იწყებს - ფრანგული მედია 09.06.2021 15:41

 

ფრანგული სამაუწყებლო კომპანიის „ევრონიუს“-ის («Euronews») რუსული სამსახურის ეთერში გადაიცა ვრცელი ვიდეოსიუჟეტი საქართველოში ტურიზმის მდგომარეობის შესახებ, რომელშიც ქვეყნის ეკონომიკის ამ დარგში, კორონავირუსის პანდემიის პირობებში, არსებული პრობლემებია განხილული და დაფიქსირებულია, რომ ტურიზმი ქვეყანაში გამოცოცხლებას იწყებს (ავტორი - ქნარიკ ხაჩატრიანი).


ვიდეოსიუჟეტის ტექსტური ვერსია კომპანიის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული სათაურით „საქართველო: ტურიზმი აღორძინებას იწყებს“. გთავაზობთ მის შინაარსს;


„ქართული ტურიზმი ცდილობს როგორმე ფეხზე წამოდგეს იმ დარტყმის შემდეგ, რაც მას „კოვიდ-19“-ის პანდემიამ მიაყენა. მიუხედავად იმისა, რომ დასნებოვნების დონე ჯერ-ჯერობით საკმაოდ მაღალი რჩება და ვაქცინაციაც მხოლოდ მოსახლეობის მცირე ნაწილს (4,79%) აქვს ჩატარებული, დღეს ტურისტებისთვის ბევრი ეროვნული კულტურის ძეგლები და ღირსშესანიშნაობები უკვე გახსნილია და მოგზაურებს ელოდება.


მათ შორისაა დასავლეთ საქართველოში მდებარე „ოკაცეს კანიონიც. მისი სიგრძე 16 კილომეტრია. კანიონის გასწვრივ, 140 მეტრს სიმაღლეზე, უფსკრულის ნაპირზე, დაკიდეული ხიდია დამონტაჟებული. ჩვეულებრივ, წელიწადის ამ დროს აქ ბევრი ხალხია ხოლმე, მაგრამ ახლა შედარებით სიწყნარეა და ტურისტებს აქაური ბუნების სიმშვენიერით სრული სიამოვნების მიღება შეუძლიათ. ოკაცეს კანიონი 2020 წლის ოქტომბერში დაიხურა და ისევ 2021 წლის 28 მაისს გაიხსნა“, - აღნიშნულია ვიდეოსიუჟეტში.


ტელეჟურნალისტი ესაუბრება ოკაცეს კანიონის მცირერიცხოვან დამთვალიერებელ უცხოელ ტურისტებს: „საქართველოს ბუნება მშვენიერია... დადგება დრო და ოკაცეს კანიონში ისევ ძველებურად ხალხმრავლობა იქნება“, - ამბობენ ისინი.


ოკაცეს კანიონთან ახლოს მდებარეობს მარტვილის კანიონიც - კინჩხას დიდებული ჩანჩქერით. იქვეა დადიანების ცნობილი ისტორიული სასახლეც, რომელიც კორონავირუსის პანდემიამდე უამრავ სტუმარს იზიდავდა. „ჩვენ ყველაფერი მოვამზადეთ ტურისტული სეზონის დაწყებისათვის. ორი დღეა, რაც მუშაობა დავიწყეთ და უკვე 2 ათასამდე ტურისტი მივიღეთ. ვფიქრობ, პანდემიის მიუხედავად, მალე ეს ციფრი გაორმაგდება“, - ამბობს ანი ცისკარიშვილი დაცული ტერიტორიების სააგენტოდან.


საქართველოში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები მთლიანი შიდა პროდუქტის 9%-ს შეადგენდა. ტურიზმი ქვეყნის ეკონომიკის ყველაზე სწრაფად მზარდი დარგი იყო. რომ არა კორონავირუსის პანდემია, 2028 წლისათვის ტურიზმის წილი 10%-მდე უნდა გაზრდილიყო. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2021 წლის პირველ კვარტალში საქართველოს მხოლოდ 43 400 უცხოელი სტუმარი ეწვია, მაშინ როცა 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში ქვეყანაში 373 ათასი სტუმარი იყო შემოსული.


ცხადია, ადრინდელი ტურისტული ბუმის იმედები ჯერ არ არის, მაგრამ საქართველო მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაციისათვის ემზადება, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის პოსტპანდემიურ გამოცოცხლებას.


წყარო


 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ