16:39 09.06.2021
პროგნოზები ნამდვილად არ არის დამაიმედებელი - რა პრობლემებს უქმნის საქართველოს გლობალური დათბობა

„კლიმატი იცვლება - სეტყვა და კოკისპირული წვიმა არაბეთის ნახევარკუნძულზე“, „მსოფლიო გლობალური ტემპერატურული ზღვრის გადალახვას უახლოვდება“, წყალდიდობა ავღანეთში, ჩინეთში, დატბორილი მანქანები ავსტრალიაში, ქარიშხლები და ტორნადოები აშშ-ში - მსგავსი სათაურებით მსოფლიო მედია გახშირებულ სტიქიებს ეხმაურება. აღნიშნული ფაქტები ქვეყნებს დიდ ეკონომიკურ ზარალს აყენებს, ათასობით ადამიანს უსახლკაროდ ტოვებს და მოსახლეობის ნაწილი კი იღუპება. ასევე, ნუ დავივიწყებთ იმასაც, რომ მსოფლიო, კლიმატის ცვლილების პარალელურად, გლობალურ პანდემიასაც ებრძვის.

 

 

შეერთებული შტატების დაზვერვის ანალიტიკოსების მიერ მომზადებულ ანგარიშში ერთ-ერთ კრიტიკულ გამოწვევად კლიმატის ცვლილებაა მოყვანილი. მათი თქმით, მოსალოდნელია, რომ მომდევნო ორი ათეული წლის განმავლობაში ის თანდათან გაძლიერდედა ყველა ქვეყანას უფრო მაღალ ტემპერატურა, ზღვის აწეულ დონე და უფრო ექსტრემალურ ამინდ მოუტან, ისეთი, როგორიცაა ქარიშხლები, ტორნადოები, წყალდიდობები და სხვა.

 

მსოფლიოს მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ახალი დასკვნით კი, სულ უფრო მეტად სავარაუდო ხდება, რომ უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში, მსოფლიო გლობალური ტემპერატურის საკვანძო ზღვარს მიაღწევს.

 

საკმაოდ დიდი კვლევის მიხედვით, 2025 წლისთვის არსებობს 40%-იანი შანსი, რომ სულ მცირე ერთ წელს მაინც დაფიქსირდეს 1,5 გრადუსი ცელსიუსით უფრო მაღალი საშუალო ტემპერატურა, ვიდრე ეს ინდუსტრიამდელ ეპოქაში იყო.

 

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ 1,5-გრადუსიან ზღვარს ვუახლოვდებით. ჯერ იქ არ ვართ, მაგრამ სულ უფრო ახლოს მივდივართ. დრო აღარ რჩება იმ ძლიერი ქმედებებისთვის, რომლებიც ახლავეა საჭირო“, - აცხადებს ბრიტანეთის მეტეოროლოგიური ოფისის უფროსი მეცნიერი ჰარმენსონი.

 

ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ამ დრომდე გატარებული ნებისმიერი კლიმატური ქმედება არასაკმარისია და გლობალური დათბობის შესაჩერებლად დაუყოვნებლივ საჭიროა გამონაბოლქვის ნულამდე დაყვანა.

 

რა საფრთხის წინაშეა მსოფლიო? როგორ შეიძლება შევამსუბუქოთ კლიმატის ცვლილება და რაშია გამოსავალი? რა ცვლილებებია მოსალოდნელი ამ მხრივ საქართველოში?

 

ამ საკითხებზე ჯორჯიან თაიმსს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კლიმატის ცვლილების სამმართველოს უფროსი მაია ცხვარაძე ესაუბრა.

 

კლიმატის ცვლილებებიდან გამომდინარე, ფლორას და ფაუნას გადაშენების დიდი საფრთხე ემუქრება, რადგან, ეს პროცესი ძალიან აქტიურად მიმდინარეობს. როგორც მახსოვს, მსოფლიოში ყოველ საათში ერთხელ რამდენიმე ერთეული სახეობის ცოცხალი ორგანიზმის გადაშენება ხდება. განსაკუთრებით მოწყვლადები არიან ზღვის ბინადრები, მათ შორის მარჯნის რიფები და თევზის სხვადასხვა სახეობა. ამ მიმართულებაზე ძალინ ბევრი ქვეყანაა დამოკიდებული ეკონომიურადმცირე კუნძულოვანი  და საზღვაო ქვეყნები მეთევზეობითა და ტურიზმით ცხოვრობს. ის ფაქტი, რომ წყალში სიცოცხლე ნელ-ნელა კვდება, მოქმედებს ქვეყნების ეკონომიკაზე და სასურსათო უსაფრთხოების პრობლემაც ჩნდება. ზღვაშიც და ხმელეთზეც, ფაქტობრივად, სიტუაცია იდენტურია და ამ მხრივ ყველა მიმართულება სერიოზული პრობლემის წინაშე დგება,“- აცხადებს მაია ცხვარაძე.

 

როგორც ბრიტანული გამოცემა The Guardian-ის მიერ მომზადებული სტატიაშია ნათქვამი, პანდემიის ძირეული მიზეზი - ბუნების განადგურებაა. მეცნიერები მსოფლიო ლიდერებს ეკოლოგიურ პრობლემებზე ყურადღების გამახვილებისაკენ მოუწოდებენ.

 

ტყეების მასობრივი ჩეხვა და ველურ ცხოველებზე ნადირობა სულ უფრო მეტ კონტაქტს ქმნის. ახალი ინფექციური დაავადებების დაახლოებით 70% ცხოველებზე მოდის, მათ შორის კორონავირუსი, ფრინველის გრიპი, ებოლა და აივ ინფექცია. ექსპერტებმა ერთხმად აღიარეს, რომ მსოფლიო "პანდემიის ეპოქაშია" და ეპიდემიები კიდევ უფრო გახშირდება.

 

როგორც მაია ცხვარაძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, გლობალური დათბობის ფონზე, არსებული გარემო ბევრი ვირუსისთვის ძალიან კომფორტული ხდება

 

კლიმატის ცვლილებებიდან გამომდინარე, ჩვენ ეკოსისტემაც განსხვავებული ხდება. პანდემიას თუ დავუკავშირებთ, მაგალითად გარკვეული ვირუსების სიცოცხლისთვის რამდენიმე წლის წინ შესაბამისი სიტუაცია არ იყო და დიდხანს ვერ ცოცხლობდნენ. გლობალური დათბობა ვირუსებს კომფორტულ გარემოს უქმნისშესაბამისად, ისინი გაცილებით მასშტაბურად მრავლდებიან. ხშირ შემთხვევაში დაავადებების გავრცელების რისკი კლიმატის ცვლილების თანმდევიცაა,“- აღნიშნავს მაია ცხვარაძე.

 

მისივე თქმით, ამინდის გაუარესების მხრივ საქართველოში ბევრი ცვლილება უკვე დაფიქსირდა.

 

ზოგადად, კლიმატის ცვლილება საქართველოშიც უკვე ბევრ პრობლემას ქმნის. ჩვენ რაც გამოვიკლვლიეთ, კვლიმატთან დაკავშირებული კატასტროფები, მათ შორის წყალდიდობები, წყალმოვარდნები, ღვარცოფები და .გააქტიურებულია. განსაკუთრებით, კი დასავლეთ საქართველოში, რადგან, იქ ნალექი გაცილებით მეტია. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, როგორც გამოკვლეული გვაქვს, ამ პროცესებმა 3 მილიარდ ლარამდე ეკონომიკური ზარალი მოგვაყენა და 150 ადამიანზე მეტი სიცოცხლე შეიწირა.

 

პროგნოზები ნამდვილად არ არის დამაიმედებელი, რადგან, ტემპერატურა იწევს და 5 წელიწადში შესაძლოა ზღვარს მივადგეთ, შესაბამისად ამ მიმართულებით პრობლემები უფრო მეტად გაიზრდება.

 

ჩვენთან  ორი უკიდურესობაა: დასვლეთ საქართველოში წყალდიდობები ინტენსიური ხდება, ხოლო- აღმოსავლეთში პირიქით - გაუდაბნოებაა.

 

ასევე, პრობლემა გვაქვს შავ ზღვაზე, განსაკუთრებით შტორმებთან დაკავშირებით. მაგალითად, 20 წლის წინ თუ 4-5 ბალიანი შტორმი იყო, ბოლო წლებში ჩვენ ვხედავთ, რომ 7 ბალიანი შტორმები ჩვეულებრივი მოვლენა გახდა. ეს შტორმები აზიანებს ინფრასტრუქტურას, ხდება ნაპირის გამორეცხვა - სანაპირო ზოლის ეროზია,“- განმარტავს მაია ცხვარაძე.

 

კითხვაზე, თუ რაშია გამოსავალი, რომ აღნიშნული პროცესები შევაჩეროთ, ის გვპასუხობს:

 

გამოსავალი არის ის, რომ ჩვენ ამ ყველაფერთან ერთად ცხოვრებას უნდა შევეგუოთ. სამწუხაროდ, კარგად ვიცით, რომ ამ პროცესებს უკან ვერ დავაბრუნებთ. შეგუების პროცესში ვგულისხმობ, კორნკრეტულად იმას, როცა ვიცით წყალდიდობები ხშირდება, მდინარეებზე გვჭირდება ნაპირსამაგრი სამუშაოები, რომ არ დატბოროს და გაანადგუროს გარემო. გვჭირდება ადრეული გაფრთხილების სისტემები, რომლითაც ჩვენ ავიცილებთ ადამიანურ დანაკარგსიგივე სანაპირო ზოლთან დაკავშირებით საადაპტაციო - ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარება. ზოგადად კი, გლობალურად უნდა ვეცადოთ, რომ ატომსფეროში ემისიები შევამციროთ. საერთაშორისო დონეზე სწორედ ამ მიმართულებით მიმდინარეობს სამუშაოები. ყველა ქვეყანა იღებს ვალდებულებას, რომ ატმოსფეროში ემისიები შემცირდეს, რადგან სწორედ, მისი გაზრდითაა გამოწვეული აღნიშნული კატასტროფები. თუ ემისიების რაოდენობა შემცირდება, შესაბამისად უფრო ნაკლები ზარალი მოგვადგება, თუ მოიმატებს - გაცილებით მეტი პრობლემა შეგვექმნება.

 

საერთაშორისო ექსპერტები აცხადებენ, რომ, თუ გლობალური ტემპერატურის მატება 2 გრადუსს ცდება, ისეთი შეუქცევადი პროცესები დაიწყება, რომელსაც ადამიანი ვეღარ მართავს. სწორედ ამიტომ მთელი ძალისხმევა მიმართულია იმაზე, რომ შევაჩეროთ ტემპერატურის ზრდა,“- აღნიშნავს მაია ცხვარაძე.

 


/ ნინო ოთარაშვილი /

 




ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge