23:56 09.06.2021
მრავალი ადამიანის შრომისა და სიყვარულის შედეგად აღიმართა ტაძარი, რომელსაც თავად ქალწული ნინო ჩვიდმეტი საუკუნე ელოდა
2021 წლიწ 9 ივნისს ორი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც ბოდბის მონასტერში წმ. ნინოს სახელობის ტაძარი იკურთხა. ტაძრის აშენების იდეა ამ დღეზე ბევრად ადრე გაჩნდა. აი, როგორ იხსენებს ამ ამბავს ბოდბის მონასტრის წინამძღვარი იღუმენია თეოდორა:
- 2003 წელია. უწმიდესთან ვარ, ვსაუბრობთ მონასტერში მიმდინარე მშენებლობების შესახებ. უცებ უწმიდესი მეუბნება: `სიონის ხელა ეკლესია ააშენე~. გულში გავიფიქრე, ჯერ ძველი ტაძრის რესტავრაციაც არ დაგვისრულებია, დედების საცხოვრებელი შენობის დამთავრებასაც არ უჩანს ბოლო. უწმიდესმა, როგორც ჩანს, იგრძნო ჩემი ყოყმანი და თითქოს შემსუბუქება უნდაო, დასძინა: `კარგი, ქაშვეთის ხელა იყოს~ (თუმცა ქაშვეთი და სიონი ზომით დიდად არ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან). უწმიდესს გავახსენე, ჩვენი ტაძარი წმ. გიორგის სახელობისაა და იქნებ ახალი ეკლესია წმ. ნინოს სახელზე ავაშენოთ-მეთქი. ასეც გადაწყდა. მიუხედავად ამ წარმოუდგენლად რთული დავალებისა, უწმიდესისაგან საოცრად გახარებული გამოვედი, დარწმუნებული, რომ წმ. ნინო თავად წარმართავდა ყველაფერს“.
არქიტექტორად თემურ ბერიძე იქნა მოწვეული. პროექტის საწყის ეტაპზე მასთან ერთად მუშაობდა არქიტექტორი არჩილ მიქუჭაძე. სწორედ თემურ ბერიძემ სთხოვა ბიზნესმენ არჩილ გეგენავას, დახმარება გაეწია მონასტრისათვის მშენებლობის საქმეში. საბედნიეროდ, არჩილმა უყოყმანოდ ითავა მშენებლობის მეცენატობა. ამის შემდეგ დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოების ხანგრძლივი პროცესი: ადგილის შერჩევა, პროექტირება, ერთი საბჭო, მეორე საბჭო, კრიტიკა, შესწორებები, აგვისტოს ომი. დრო კი გადიოდა და პატრიარქი ბოდბეში ყოველი ვიზიტისას იღუმენია თეოდორას ახსენებდა, რომ ტაძრის მშენებლობა უნდა დაეჩქარებინა, ბოლოს ცოტა უსაყვედურა კიდეც საქმის გაჭიანურების გამო.
დადგა 2009 წელი. ტაძრის მშენებლობა იწყებოდა. არჩილ გეგენავა იხსენებს: - ისე მოხდა, რომ ამხელა მშენებლობზე პასუხისმგებლობა მე დამეკისრა. ხარჯთაღრიცხვა უნდა შეგვედგინა და დედა თეოდორას ვუთხარი: დედაო, მოდი არ დავთვალოთ ხარჯები, რისი საშუალებაც მექნება, დავაფინანსებ და როგორც გამოგვივა, ისეთი ტემპით ვაშენოთ, რომ დავთვალოთ, შეიძლება ხარჯის სიდიდემ დაგვაფრთხოს-მეთქი. ასეც მოვიქეცით.
2009 წლის 8 ოქტომბერს ბოდბელი ეპისკოპოსის დავითის (ტიკარაძე) კურთხევით დეკანოზმა თეიმურაზმა საზეიმოდ აკურთხა ტაძრის ადგილი და მშენებლობაც დაიწყო. მშენებლობა ძალიან სწრაფად და ორგანიზებულად მიმდინარეობდა. არჩილ გეგენავა, გარდა დაფინანსებისა, ყველა პროცესში აქტიურად იყო ჩართული, მანვე დაადგინა საქმის მწარმოებლად თემურ კომახიძე _ გამოცდილი პროფესიონალი და პატიოსანი ადამიანი. სამშენებლო მასალის შერჩევა-მოძიება, ესკიზების არჩევა, გარკვეული საქმეების ორგანიზება კი დედათა მონასტერმა და იღუმენია თეოდორამ ითავეს.
2012 წლის 27 იანვარს ჯერ ისევ დაუმთავრებელ ტაძრში პირველად შესრულდა ნინოობის საზეიმო წირვა-ლოცვა, რომელიც ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ აღავლინა.
2014 წლის დეკემბერში გადაიხურა ტაძრის მთავარი მშვენება _ გუმბათი და აღიმართა ჯვარი. ამ დროისათვის ტაძრის მოპირკეთება თითქმის დასრულებული იყო, რჩებოდა მხოლოდ აღმოსავლეთი ფასადი.
2017 წლიდან მშენებლობის დაფინანსება შემცირდა, რაც მუშაობის ტემპსაც დაეტყო, თუმცა სამუშაო ერთი დღითაც კი არ შეჩერებულა. ამ პერიოდში მონასტერი თავისი სახსრებით ცდილობდა მშენებლობის გაგრძელებას. სწორედ ამ დროს გამოჩნდნენ ადამიანები, ვინც წვლილი შეიტანა მშენებლობის დასრულების საქმეში.
იღუმენია თეოდორა:
- ადამიანებს, როგორც წესი, გვიხარია, როცა თვალსაჩინოდ ვხედავთ, თუ როგორ კეთდება რაიმე მშვენიერი ჩვენი ძალისხმევით. მაგრამ თუ არ გაილესა, ვერ მოხატავ, თუ არ ააშენე, ვერ მოაპირკეთებ. ამიტომ განსაკუთრებით დასაფასებელია იმ ადამიანების წვლილი, ვისი შემოწირულობითაც უამრავი ისეთი რამ გაკეთდა, რაც არ ჩანს, მაგრამ დიდ შრომასა და სახსრებს მოითხოვს. ასეთია ვიქტორ ნუსენკისის ღვაწლი, რომლის შემოწირულობითაც დასრულდა ტაძრის გადახურვა და მოპირკეთება, მთლიანად გაილესა ინტერიერი, კეთილმოეწყო ტაძრის გარშემო ტერიტორია, დაიკიდა რკინის სამი კარი.
ასევე, ალექსანდრე გოცირიძის ღვაწლი, რომელმაც ტაძრის სრული ელექტროგაყვანილობა ითავა. ამ დროიდან ტაძრის გარშემო ტერიტორიის მოწყობისა და ორგანიზების სამუშაოებიც დაიწყო, რასაც არქიტექტორი ირაკლი ვაჩეიშვილი ხელმძღვანელობდა. მისი დაპროექტებულია გალავანი და სამუზეუმო სივრცე, ტაძრის გარშემო ბაღი და ტერასები ტაძრის ეზოში. უაღრესად მნიშვნელოვანი იყო იატაკის დაგება. მრავალი სხვადასხვა ვარიანტის განხილვის შემდეგ უწმიდესის კურთხევით გადაწყდა, იატაკზე ონიქსი დაგებულიყო. ონიქსი, გარდა იმისა, რომ ბიბლიური ქვაა, ნახსენებია წმ. ნინოს ცხოვრებაშიც. ეს ულამაზესი და ძვირადღირებული ქვა საგანგებოდ წმ. ნინოს ტაძრისათვის ირანიდან ჩამოიტანა დავით მაჭავარიანმა. პირადად უწმიდესის შემოწირული თანხითაა შეძენილი ონიქსის მასიური ქვები, რომლებიც ამბიონშია ჩაშენებული. მთლიანად საკურთხევლის, როგორც მღვდელმოქმედების უმნიშვნელოვანესი ადგილის და, ასევე, სამკვეთლო-სადიაკვნეს მოწყობა ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა, სრულად აიღო საკუთარ თავზე. მისი ძალისხმევით საკურთხეველში დაიგო ონიქსის იატაკი, ონიქსისავე მასიური ქვისგან გაკეთდა ტრაპეზი. ონიქსისგანაა გამოკვეთილი კანკელიც, მის მოწყობაში ბოდბის მონასტრის დედებმა შეიტნეს თავიანთი წვლილი.
კიდევ ერთი ადამიანი, ვინც მონაწილეობდა ტაძრის დასრულებაში, ბოდბის მონასტრის დიდი ხნის მეგობარი და მეცენატი ლაშა პაპაშვილია. აი, რას ამბობს ის:
- ბოდბეში ერთ-ერთი ვიზიტისას, პატრიარქმა წმ. ნინოს ტაძრის აშენების შესახებ გვითხრა დედა თეოდორას და მე. იმ დროს მონასტრის სატრაპეზოს აღდგენაში ვიყავი ჩართული და უწმიდესის ეს ნათქვამი რატომღაც გულთან ახლოს არ მიმიტანია. დრო გადიოდა, ტაძრის მშენებლობა დასასრულს უახლოვდებოდა და მივხვდი, რომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანსა და დიდებულს ვაკლდებოდი და, როგორც მეათერთმეტე ჟამის მუშაკმა, გადავწყვიტე, მეც შემეტანა წვლილი ტაძრის გამშვენების საქმეში.
ლაშა პაპაშვილის შემოწირულობითა და უშუალო ჩართულობით დაიგო ონიქსის იატაკი მთელ ტაძარში. რაც შეეხება სტოვის მოპირკეთებას, ლითონის ულამაზეს ჭაღსა და სადიაკვნეს კარს, ესეც არჩილ გეგენავას შემოწირულობაა, ისევე, როგორც მამუკა მიქელაძის მიერ დაწერილი კანკელის ხატები. მამუკა მიქელაძის დაწერილია, ასევე, აღსავლის კარის ხატები და რელიეფების ესკიზები, რომლებიც ტაძრის ფასადებს ამშვენებს.
2019 წლის 9 ივნისს ბოდბის წმ. ნინოს სახელობის ტაძარი საზეიმოდ აკურთხა პატრიარქის მოსაყდრემ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ და ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა,სასულიერო დასთან ერთად. კურთხევის შემდგომ საზეიმო წირვა კი თავად კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II აღავლინა. დღესასწაულს უამრავი ადამიანი ესწრებოდა.
ამჟამად მიმდინარეობს საკურთხევლის მოზაიკით შემკობა, რომლის ესკიზების ავტორი კვლავ მამუკა მიქელაძეა, სამუშაოს კი ამირან ბაკურაძე ასრულებს. ამ სამუშაოს მეუფე იაკობის თაოსნობით რამაზ ნიკოლაიშვილი აფინანსებს. რა თქმა უნდა, კიდევ უამრავი რამაა გასაკეთებელი ტაძარში და მის გარშემო, ბევრი დეტალი ბოლომდეა მისაყვანი, თუმცა მრავალი ადამიანის შრომისა და სიყვარულის შედეგად უკვე აღიმართა მშვენიერი ტაძარი ქართველთა განმანათლებლის სადიდებლად, რომელსაც, როგორც საქართველოს პატრიარქმა, უწმიდესმა ილია II-მ ბოდბეში ვიზიტისას ბრძანა, თავად ქალწული ნინო ჩვიდმეტი საუკუნე ელოდა.



ავტორ(ებ)ი : geotimes.ge