12:04 10.06.2021
თუთიყუშის და ცრუ მოლოდინების ეფექტი პოლიტიკაში

ფინანსებში არის ცრუ მოლოდინების ეფექტი, რაც აქტივების არასწორ დროს ყიდვას უკავშირდება, ანუ მომავალში ფასის ზრდის მოლოდინით, - ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს.

 

"ბუნებრივია, თუ ეს პროგნოზი არ გამართლდა ტრეიდერი დიდ ზარალზე გავა და სულაც შეიძლება გაკოტრდეს კიდეც. ანალოგიური პოლიტიკაშიც ხდება, როდესაც საკუთარ ელექტორატს ცრუ მოლოდინით კვებავ. ზუსტად ეს დაემართა ნაციონალურ მოძრაობასაც.

 

7 თვიანი ბოიკოტის, რეალურად საბოტაჟის შემდეგ, პარლამენტში შესვლა, რომ რამენაირად გაეპრავებინათ, ჯერ დიდი რიხით გვამცნეს, ხომ ხედავთ ოცნებამ ჩვენი შიშით სხდომაც კი დახურა, ნიკა მელიას გამოსვლის შიშის გამოო?! ვითომ ნიკა მელიას სხვა დროს გამოსვლას ვინმე უკრძალავდა და მეორე დღესაც მორიგი იაფფასიანი აქცია პერფორმანსი მოაწყეს, მელიასვე მონაწილეობით.

 

რეალურად კი ეს ყველაფერი საკუთარი ელექტორატის დაკარგვის შიშის პრევენციას უფრო უკავშირდება. პარტია, რომელიც ბოიკოტის ავანგარდში იყო მთელი ამ ხნის მანძილზე, და ვერაფრით ვერ დაამტკიცა არჩევნების არა თუ 'ტოტალური გაყალბება', არამედ ლეგიტიმაციის საკითხიც კი ვერ დააყენა შიდა თუ საერთაშორისო დონეზე, რაც ვადამდელ არჩევნებზე გავიდოდა. მათ მიერვე გაბრიყვებული ოპოზიციის ნაწილიც გაექცათ, ბოლოს კი სულაც სამარცხვინოდ შეიპარა ოცნების მიერ "მიტაცებულ და არალეგიტიმურ პარლამენტში", და ახლა დაზიანებული რენომეს გადარჩენას უფრო ცდილობს.

 

ბიძინა ივანიშვილის ცნობილი წერილის და გიორგი გახარიას ინგა გრიგოლიასთან სტუმრობის შემდეგაც, ლამის თუთიყუშივით იმის მუდმივად გამეორებაც პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი, რომ ბიძინა ივანიშვილის პროექტია, უკვე ღიმილის მომგვრელია და ამ ელექტორალური შიშით უფროა განპირობებული. შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის არ მოწერაც ამ სცენარის ნაწილია და ამასაც ცოტა ხანში მოაწერენ. მიზეზსაც მოიგონებენ ბუნებრივია!

 

სხვა დანარჩენი, ის რაც ხალხს აწუხებს, გაზრდილი ფასები იქნება თუ პოსტპანდემიური ეკონომიკის გამოწვევებია რა გასაკვირია, რომ სულაც არ აინტერესებდეთ.

 

ამიტომაც, არანაირი შანსი ამ გაბანკროტებულ ოპოზიციას შემოდგომაზე, რომ ოცნებამ ვერ აიღოს ჩამკეტი 43 პროცენტი და ვადამდელზე გავიდეს არა აქვს. ცრუ მოლოდინია ოპოზიციას ბოლო იმედიც, რომ გახარია ხმებს ოცნებას წაართმევს. გახარიას პარტიის ოპოზიციურ ველზე პოზიციონირება აჩვენებს, რომ ხმებს სწორედ ოპოზიციას უფრო წაართმევს, ვიდრე თავად ოცნებას.

 

ეკონომიკის საპროგნოზოზე გაცილებით სწრაფი აღდგენა, ისევ ხელისუფლების წისქვილზე დაასხამს წყალს. ამ მოცემულობაში ვადამდელის ალბათობაც მცირდება, ხოლო პარლამენტში ძლივს დავანებულ და კრეატივისაგან დაცლილ პოლიტკოჰორტას რეალურად არც აწყობს რადგან კარგად ხვდებიან, რომ ვადამდელზე კიდევ უფრო დიდი იმედგაცრუება ელით", - წერს გიორგი ცუცქირიძე. 




ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge