16:49 10.06.2021
ირანოლოგ ალექსანდრე ელერდაშვილის გარდაცვალების ფაქტს ირანული მედია ეხმაურება

ირანის მასმედიაში გამოქვეყნდა მასალები ცნობილი ქართველი ირანოლოგის გარდაცვალების თაობაზე. ყოველდღიური გაზეთი „ირან დეილი“ («Iran Daily») 10 ივნისის ნომერში (გვ.8) ბეჭდავს ნეკროლოგს სათაურით „ალექსანდრე ალადაშვილი, დიდი ქართველი ირანოლოგი, 65 წლის ასაკში გარდაიცვალა“.


სამწუხაროდ, ირანის გაზეთის პუბლიკაციაში დასანანი შეცდომაა დაშვებული: გარდაცვლილი ქართველი ირანოლოგი გვარად ელერდაშვილია და არა ალადაშვილი.


პუბლიკაციაში მოკლედ არის გადმოცემული გარდაცვლილის ბიოგრაფია: დაიბადა 1956 წელს თბილისში, 1978 წელს კი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა სპეციალობით „სპარსული ენა და ლიტერატურა“. იგი საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი იყო 2017 წლიდან, მიენიჭა ივანე მაჩაბლის პრემია. მუშაობდა ქართველ მთარგმნელთა ასოციაციაში.


მისი პირველი თარგმანები სპარსული ენიდან გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტში“ ქვეყნდებოდა. იგი იყო ირანოლოგიც, პოეტიც და მთარგმნელიც.


თავისი ცხოვრების მანძილზე [ალექსანდრე ელერდაშვილმა] უამრავი სპარსული პოეტური ნაწარმოებები თარგმნა და გამოაქვეყნა - დიდი ფირდოუსის, რუდაქის, რუმის, ჰაიამის კალმით დაწერილი ლექსები... ქართველმა ირანოლოგმა მოამზადა და გამოსცა სპარსულ-ქართული ლექსიკონიც, თბილისში ირანის საელჩოს დახმარებით“, - ნათქვამია ნეკროლოგში.


წყარო





ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge