00:57 11.06.2021
გახარიამ ბადრის თავის კაბინეტში გადასცა წერილი, მივმართავ გომელაურს, ამოიღოს სამინისტროში ნოემბრის შესვლა-გამოსვლის ჩანაწერები და ეს საქმე განახლდეს - მამუკა ხაზარაძე

 

ლელოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე, გიორგი გახარიას მიერ ბადრი ჯაფარიძისთვის წერილის გადაცემის დეტალებს პირველად ამბობს. დღეს ლელოს ლიდერმა პასუხი გასცა მთავარ კითხვას, თუ სად მოხდა ცნობილი მუქარის წერილის გადაცემა. მამუკა ხაზარაძის თქმით, ბადრი ჯაფარიძეს, მაშინდელმა შსს მინისტრმა სამინისტროში, მინისტრის კაბინეტში გადასცა.
"ვინც კი იცნობს ბადრი ჯაფარიძეს შორიდან მაინც, სიტყვა ტყუილი და ბადრი ჯაფარიძე არის აცდენილი ერთმანეთთან. ჯაფარიძე ყოველთვის ამბობდა, რომ ის არ იყო შუამავალი, წერილი გადმოგვცა ჩვენ, მე და ბადრის. როგორ შეიძლება ბადრი ჯაფარიძე იყოს შუამავალი, როცა ის, ისეთივე თანამფლობელია და ისევე მართავდა იმ ჩვენს კომპანიებს, როგორც მე. გახარიამ ბადრის გადასცა წერილი, მის კაბინეტში. კიდევ ერთხელ მივმართავ პროკურატურას, მივმართავ გომელაურს - იმიტომ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში შესვლა გამოსვლა არის ფიქსირებული, ამოიღოს ნოემბრის შესვლა-გამოსვლა და ეს საქმე განახლდეს. თუ არ განახლდება მაშინ საქმე გვექნება სახელმწიფოებრივ დანაშაულთან, რომელიც დანაშაულს აფარებს ხელს.
გიორგი გახარიამ, ბადრი ჯაფარიძეს თხოვა შეხვედრა და ასეც მოხდა. ის მაშინ მინისტრი იყო და რა თქმა უნდა ჩვენთან არ მოვიდოდა ოფისში, მივიდა ბადრი. მან გადმოსცა წერილი და ეს ყველამ იცის. მე არ მინდა ვინმეს რამე დავაბრალო, გახარიას სასარგებლოდ მინდა ვთქვა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ის წერილი არ იყო გახარიას მიერ დაწერილი და შეიძლება შეწუხებულიც კი იყო, რადგან ეს როლი მოირგო" - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.



ავტორ(ებ)ი : geotimes.ge