დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

აშშ-ს ცენტრალური სარდლობის ყოფილი მეთაური ავღანეთიდან ჯარების გაყვანით იმედგაცრუებულია 11.06.2021 12:17

 

ამერიკამ ავღანეთიდან ჯარების დიდი ნაწილი უკვე გაიყვანა, საბოლოოდ პროცესი კი 11 სექტემბრამდე უნდა დასრულდეს.

20 წლიანი ომის დასრულების გადაწყვეტილებაზე სამი ადმინისტრაცია მსჯელობდა, თუმცა საბოლოოდ ჯარის გამოყვანის გადაწყვეტილება ამერიკის 46-ე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მიიღო.

 

მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით ამერიკის ცენტრალური სარდლობის ყოფილი მეთაური გენერალი

 ჯოზეფ ვოტელი

იმედგაცრუებულია. გენერალი, რომელიც 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ავღანეთის ოპერაციაში აქტიური მონაწილეობა მიიღო, დღეს ამბობს, რომ ახლა ამ ნაბიჯის გადადგმა არასწორია. ინფორმაციას ამერიკის ხმის ქართული რედაქცია ავრცელებს.

 

„დიახ, მიღებული გადაწყვეტილებით მე იმედგაცრუებული ვარ. არ მომწონს, რომ უკან ვიხევთ. ვფიქრობ, რომ ეს არ იყო ერთადერთი ვარიანტი, შეიძლებოდა სხვა ნაბიჯების გადადგმა, მათ შორის ისეთის, რომელიც ჩინეთთან გლობალური კონკურენციისა და ეროვნული უსაფრთხოების კუთხით, ჩვენი ქვეყნისთვის უკეთესი იქნებოდა. ჩვენ დიდი ქვეყანა ვართ და დიდი ძალა გვაქვს, ასე რომ შეგვეძლო მეტი გაგვეკეთებინა,“- ამბობს გენერალი ვოტელი.

 

გენერლის თქმით, მას კარგად ესმის, რომ დაუსრულებელ ომში ყოფნა არავის სურს, თუმცა ომის დასრულების გადაწყვეტილება სახელმწიფოს ინტერესების ხარჯზე არ უნდა მოხდეს. ის ამბობს, რომ ბოლო წლების განმავლობაში ავღანეთში ამერიკულ ჯარს ყოველდღიური ბრძოლების გადატანა არ უწევდა, სწორედ ამიტომ მიაჩნია, რომ გამოსვლა უფრო სტაბილურად უნდა მომხდარიყო.

 

„მე ვიცი, რომ არავის სურს დაუსრულებელ ომში ყოფნა, მაგრამ ბოლო წლებში ავღანეთში ვითარება შეცვლილი იყო. შეცვლილი იყო ოპერაციების ხასიათიც. სულაც არ გვჭირდებოდა ყოველდღიურად ამერიკული ჯარის პირდაპირ ბრძოლაში ჩართვა", - ამბობს ამერიკის ცენტრალური სარდლობის ყოფილი მეთაური, რომელმაც თანამდებობა 2019 წელს დატოვა.

 

გენერალი პარალელს 2011 წელთან ავლებს. მაშინ, როცა ამერიკამ ერაყიდან ჯარების გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო. მისი აზრით, 2011 წელს ერაყიდან ამერიკული ჯარების გასვლის გადაწყვეტილება გაცილებით უფრო გააზრებული იყო და იმედოვნებს, რომ ამერიკა ავღანეთში შეინარჩუნებს უსაფრთხოების თვალსაზრისით გარკვეულ ელემენტებს.

 

„მაშინ ჩვენ ერაყში უსაფრთხოების თანამშრომლობის ელემენტები შევინარჩუნეთ. ახლაც ამას ველი. მე ვფიქრობ, რომ ახლა მთავარი პრობლემა ისაა, რომ ჩვენ ბევრი დეტალი არ ვიცით“, - ამბობს გენერალი ვოტელი.

 

ამერიკის ცენტრალური სარდლობის ყოფილ მეთაურს მიაჩნია, რომ მიღებული გადაწყვეტილებით ახლო აღმოსავლეთში ამერიკა პოზიციებს თმობს. შედეგად რუსეთი, ჩინეთი და ირანი პოზიციებს იმყარებენ. გენერალი ამბობს, რომ ბოლო წლების განმავლობში ირანმა საკუთარი შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გააფართოვა.

 

„იქ, სადაც ჩვენ უკან ვიხევთ, უნდა ველოდოთ, რომ სიცარიელეს სხვები [რუსეთი და ჩინეთი] შეავსებენ“, - ამბობს ის. გენერალი ჯოზეფ ვოტელი ავღანელი ხალხის და ავღანეთის მომავლის შესახებაც წუხს. მას მიაჩნია, რომ სამთავრობო ძალები ჯერ არ არიან მყარ პოზიციაზე, რომ მათ შეძლონ "თალიბანთან" დამოუკიდებლად ბრძოლა.

 

„ავღანელი ხალხი ჩემგან დიდ პატივისცემას იმსახურებს. ვფიქრობ, მათ ბევრი გასაჭირი გამოიარეს. ავღანეთის სამთავრობო ძალები ვაჟკაცურად იბრძვიან ჩვენს გვერდით და ცდილობენ მნიშვნელოვან გამოწვევებს გაუმკლავდნენ. ახლა, ამ გადაწყვეტილების შემდეგ, მათთვის მთავარი გამოწვევა, კორუფცია, ცუდი ხელმძღვანელობა და ცუდი მმართველობა იქნება. ჯერ ინსტიტუტები კვლავ არ არის ძლიერი. არც შეიარაღება აქვთ საიმედო და არც ინფრასტრუქტურა“, - ამბობს გენერალი.

 

სწორედ იმიტომ, რომ ავღანეთის სამთავრობო ჯარებს დახმარება სჭირდებათ და მათ ბევრი პრობლემა აქვთ, ამერიკის მოქმედმა ადმინისტრაციამ მიიღო გაწყვეტილება, რომ ყოველწლიურად ამერიკა ავღანეთის ჯარს 3.3 მილიარდ ამერიკულ დოლარს გამოუყოფს. ამას გარდა ცნობილია, რომ ავღანეთის სამთავრობო ძალებს ამერიკამ 6 სამხედრო ობიექტი უკვე გადასცა, უახლოეს პერიოდში შესაძლოა მათ დამატებით სამხედრო დახმარება მიიღონ.

 

ჯეიკ სალივანი, თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ასევე ნახეთ: ავღანეთიდან ჯარების გაყვანის შემდეგ, უსაფრთხოების გარანტიები არ იქნება ბოლო კვლევების მიხედვით, ავღანეთში მოსახლეობის ნაწილი ემხრობა, რომ ამერიკის და ნატო-ს ჯარებმა ქვეყანა დატოვოს. თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებსაც სასიკვდილო საფრთხე ემუქრებათ. ამის შესახებ ბოლო კვირებში ბევრს საუბრობენ, ავღანეთში საპროტესტო აქციაც კი გამართეს იმ ადამიანებმა, რომლებიც წლების განმავლობაში, ამერიკის ნატო-სა და მოკავშირე სახელმწიფოების ჯარებს დახმარებას უწევენ.

 

ძირითადად საუბარია თარჯიმნებზე, რომლებიც ათასობით არიან. მათთვის ამერიკას სპეციალური სავიზო პროგრამაც აქვს, რომელიც ხარვეზებით მუშაობს. სისტემური პრობლემის გამო კი თარჯიმნების დიდი ნაწილი უსაფრთხოების შემოწმებას ვერ გადის და შესაბამისად ამერიკაში თავშესაფარს ვერ პოულობს. ის, რომ პრობლემა მოსაგვარებელია, ამერიკის მოქმედი ადმინისტრაციაც აღიარებს.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ