დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6728

EUR 2.8532

შუქჩრდილებისა და პეიზაჟების საოცარი ქვეყანა - ხელოვნების სასახლეში გურამ დოლენჯაშვილის გამოფენა გაიხსნა 12.06.2021 21:51

ხელოვნების სასახლეში, “ფანქრის ჯადოქრად” წოდებული მხატვრის - გურამ დოლენჯაშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნა. 

 

ტოტებზე დადებული თოვლი, ფანტასტიკური შუქჩრდილები და მიკროსამყარო - ეს გურამ დოლენჯაშვილის ნახატებია, რომლებსაც, ის უბრალო ფანქრით ხატავს და იმდენად რეალურადაა შესრულებული, რომ მნახველს შესაძლოა ფოტოც ეგონოს. თითოეულ ნახატში ზამთრის სიცივე, თუმცა, ამავდროულად მზის სხივებით გამოწვეული სითბო იგრძნობა. ემოციები ერთმანეთში ირევა და სხვა სამყაროში ხვდები, სადაც შავ-თეთრი ფერები ფერადდება.

 

„პირველი გამოფენა თბილისში 32 წლის წინ მქონდა. ემიგრაციის შემდეგ, ეს თბილისში უკვე მე-2 გამოფენაა, სადაც ჩემი 74 ნამუშევარია წარმოდგენილი. ძირითადად, ნახატები იმერეთს ეხება, სადაც ზამთრისა და შემოდგომის დროა ნაჩვენები,“- აღნიშნა „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში გურამ დოლენჯაშვილმა.

 

გამოფენას ჩვენთან საუბარში საქართველოს ხელოვნების სასახლის - კულტურის ისტორიის მუზეუმის დირექტორი, გიორგი კალანდია გამოეხმაურა.

 

„საქართველოს ხელოვნების სასახლე, შესანიშნავი ქართველი მხატვრის გურამ დოლენჯაშვილის გამოფენას მასპინძლობს, რომელმაც განსაკუთრებული სამყარო შექმნა. პანდემიის შემდეგ, ეს პირველი გამოფენაა, რომლითაც ჩვენს დამთვალიერებელს ვხვდებით. დარწმუნებული ვარ, აქ მოსული დამთვალიერებელი  განსაკუთრებულ სამყაროს აღმოაჩენს. ეს არის შუქჩრდილებისა და პეიზაჟების, მათ შორის განწყობების საოცარი ქვეყანა, რომელის შექმნაც მხოლოდ და მხოლოდ გურამ დოლენჯაშვილს შეუძლია,“ -  განაცხადა გიორგი კალანდიამ.

 

 

ტიტანური შრომისა და სიყვარულის შედეგი - ასე გამოეხმაურა საკუთარი მამის გამოფენას თეონა დოლენჯაშვილი.

 

მისი თქმით, გურამ დოლენჯაშვილის განვლილი გზა  ერთგვარი მაგალითია იმისა, თუ როგორი უნდა იყოს ხელოვანი.

 

„მიხარია, რომ ამდენი წლის ემიგრაციის  შემდეგ მამას ნამუშევრები საქართველოში დაბრუნდა. ეს უკვე მეორე გამოფენაა. დიდი მადლობა ხელოვნების სასახლეს მასპინძლობისთვის. ამ ნახატებს, რომლებსაც წლების მანძილზე მამა ქმნიდა, ტიტანური შრომისა და სიყვარულის შედეგია, რომელსაც იმერეთისა და  სხვა საქართველოს კუთხეების მიმართ განიცდიდა. ის ფანქრით თვეობითა და წლობით ხატავს.  ე.წ. ჰიპერრეალიზმი - ასე ეძახიან ხელოვნებათმცოდნეები მის ნახატებს.


მამა ძალიან ძნელად ელევა რომელიმე ნამუშევარს, არც ყიდის, რადგან მისი აზრით, ეს ყველაფერი ქართველ ხალხს უნდა დარჩეს. მამა, ჩემთვის, როგორც მწერლისთვის ყოველთვის დიდი ინსპირაციის წყარო იყო. მისი განვლილი გზა, არის ერთგვარი მაგალითი, თუ, როგორი უნდა იყოს ხელოვანი,“- აცხადებს „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში თეონა დოლენჯაშვილი.

 

შეგახსენებთ, რომ გურამ დოლენჯაშვილის 80-მდე ნამუშევარი ხელოვნების სასახლის, დავით არსენიშვილის დარბაზში 11 ივლისამდე იქნება გამოფენილი.

 

/ ნინო ოთარაშვილი /

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ