რაინდ ვასაძის კონსერვატიზმი, როგორც ეს არაერთგზის მითქვამს - საგარეო-პოლიტიკური და ჩემდა სამწუხაროდ, რუსული, "ევრაზიონისტული" წარმომავლობისაა. მიუხედავად ამისა, მას მაინც ექნებოდა პოლიტიკური პერსპექტივა, რომ ძირეული საკითხები, რაც არა საგარეოა, არამედ საშინაო, გარდა ამ ყბადაღებული ლგბტ თემისა, პროგრამულად თუ არა, კონცეპტუალურად მაინც, მკაფიოდ დაგვანახოს ამ დალოცვილმა!- ამის შესახებ ბლოგერი დავით ზარდიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"რა არის ეს ფუნდამენტური საკითხები? რადგან კონსერვატიზმია, მაშასადამე - საქართველოს იდენტობის შენახვას უკავშირდება, ე.ი. იმთავითვე უნდა გულისხმობდეს - ქვეყნის ტერიტორიული, ენობრივი და სარწმუნეობრივი თვითობის, იგივეობრიობის თაობაზე მკაფიო და ცალსახა პოლიტიკურ ხედვას...
მაგალითად, როგორ ესმის მიწის საკითხი ამ პატივცემულს? მარტო ის, რომ მიწა უცხოელზე არ უნდა გაიყიდოს, რასაკვირველია, საკმარისი არ არის. დიახ! უდავოდ არ უნდა გაიყიდოს, ხოლო რომ არ გაიყიდოს, მას ჯეროვნად უნდა მოვლა-პატრონობა, გაფრთხილება და სასიკეთოდ გამოყენება.
აგერ, თვითმმართველობის არჩევნები მოდის და კონსერვატიული მიმართულების პარტიები (არა მარტო ვასაძე) ამ უმნიშვნელოვანეს, სასიცოცხლო საკითხს, რამაც შეიძლება არჩევნებიც კი მოაგებინოთ, საერთოდ ჩირადაც კი არ მიიჩნევენ.
ჩემთვის კონსერვატორი ისაა - ვინც აქ და ახლა, განსაკუთრებით ამ ადგილობრივ არჩევნებში, მკაფიოდ იტყვის - მიწა ვისაც ეკუთვნის, ე.ი. ადგილობრივი თემს, უპირობოდ უნდა დაუბრუნდესო! ერთი სიტყვაც არ გამიგია მსგავსი და რატომ უნდა ვენდო იგივე ვასაძის კონსერვატიზმს? მხოლოდ იმიტომ, რომ რუსულ ევრაზიონიზში დუგინთან "ჩააწყო" და ჩვენი ადგილი მონახა: აქაოდა - იმპერია კი დერჟავულ-რუსული, მაგრამ სულიერება - მცხეთა-თბილისისა უნდა იყოსო. სულიერება-სულიერებად და სარწმუნოება სარწმუნოებად. მაგრამ მიწიერი საკითხებია ჯერ აქ და ახლა გადასაწყვეტი,"- წერს დავით ზარდიაშვილი.
ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge