დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

"შესაძლოა, თურქეთის რესპუბლიკის 100 წლის იუბილე ერდოღანის დასასრულიც გახდეს" 17.06.2021 14:10

სომხური პრესა კომენტარს უკეთებს რეჯეფ ერდოღანისა და ილჰამ ალიევის შეხვედრას ოკუპაციისაგან გათავისუფლებული მთიანი ყარაბაღის „კულტურულ დედაქალაქში“ - შუშაში და იქ მიღებულ ერთობლივ თურქულ-აზერბაიჯანულ განცხადებას - „შუშის დეკლარაციას“.

 

აი, რას წერს, მაგალითად, სომხური გამოცემა „ლრაგირი“ («Լրագիր») სტატიაში სათაურით „დაღლილი ერდოღანი: თურქეთის არალეგიტიმურობის 100 წელი“, რომელშიც ყურადღება გამახვილებულია რეჯეფ ერდოღანისა და ილჰამ ალიევის მიერ ისტორიული ფაქტების გახსენებაზე (ავტორი - ნაირა აირუმიანი).

 

„თურქეთის პრეზიდენტი შუშაში დაღლილი ჩანდა. იგი მანამდე ნატოს სამიტში მონაწილეობდა, ჯო ბაიდენს შეხვდა და დააჯერა, რომ ანკარა ნატოსა და დასავლეთის წინააღმდეგ არ წავიდოდა, საბერძნეთთან მიმართებითაც გარკვეული „შემრიგებლური“ განცხადებები გააკეთა და შემდეგ შუშაში ჩავიდა. მან კარგად იცის, რომ თურქეთის რესპუბლიკის 100-წლიანი იუბილე მისი დასასრულიც შეიძლება გახდეს, თუ იმ სახელშეკრულებო ბაზის რევიზია დაიწყება, რომელსაც თურქული რესპუბლიკა ეფუძნება. ჰოდა, შუშის მოლაპარაკების დროს ყარსის ხელშეკრულების მოხსენიება შემთხვევითი არ იყო.

 

1921 წლის ყარსის ხელშეკრულებას ხელი ქემალისტური მთავრობის წარმომადგენლებმა მოაწერეს, თუმცა იმ დროს თურქეთს იურიდიულად ჯერ ისევ სულთანი მართავდა. სწორედ სულთნის ხელისუფლება იყო აღიარებული მსოფლიოს მიერ. თურქეთის რესპუბლიკა მხოლოდ 1923 წელს გამოცხადდა და შესაბამისად, ყარსის ხელშეკრულების [ლეგიტიმურობა] ეჭვქვეშ არ არის დაყენებული მხოლოდ იმიტომ, რომ ამას არ ითხოვენ მასზე ხელმომწერები - საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი და რუსეთი.

 

ყველამ უნდა იცოდეს, რომ მოსკოვისა და ყარსის ხელშეკრულებები არ არიან შეტანილნი გაეროს საერთაშორისო დოკუმენტების რეგისტრში. დაღლილი ერდოღანი ცდილობს როგორმე გაახანგრძლივოს იმ დოკუმენტის მოქმედება, რომლის „კანონიერება“ დღეს მთლიანად სომხეთზეა დამოკიდებული. ყველა დანარჩენი ხელმომწერები კმაყოფილები არიან.

 

„შუშის დეკლარაციაზე ხელმოწერის შემდეგ, რომელიც ილჰამ ალიევმა ისტორიულ ყარსის ხელშეკრულებას შეადარა (და რომლის ხელმოწერაში 1921 წელს მთავარი როლი რუსეთმა შეასრულა), რეჯეფ ერდოღანმა განსაკუთრებით ხაზი გაუსვა ვლადიმერ პუტინის ისტორიულ როლს რეგიონული კატასტროფის თავიდან აცილებაში, საომარი მოქმედებების შეჩერებასა და სიტუაციის ლოკალიზებაში, - წერენ ბაქოს გაზეთები, - რეჯეფ ერდოღანი ლაპარაკობდა არა მხოლოდ აზერბაიჯან-თურქეთ-რუსეთის გეოპოლიტიკურ სამკუთხედზე, არამედ მან ისევ განაცხადა რეგიონულ პლატფორმაზე („კავკასიურ ექვსეულზე“) და წამოაყენა წინადადება პლატფორმის გაფართოების შესახებ“.

 

ბაქოში აღნიშნავენ, რომ თურქეთს როგორც ნატოს წევრს, აზერბაიჯანში სამხედრო ბაზის შექმნა არ გამოუცხადებია, რუსეთს რომ არ ეწყინოსო: „თურქეთისა და აზერბაიჯანის კავშირი რუსეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული“, - ამბობენ აზერბაიჯანის ოფიციალური წარმომადგენლები.

 

საინტერესოა, მიიწვიეს თუ არა ერდოღანმა და ალიევმა პუტინი შუშაში? ყარაბაღში ხომ რუსეთის ჯარია ჩამდგარი გენერალ მურადოვის სარდლობით. და მაინც აზერბაიჯანი რუსეთისაგან პასუხს ელოდება: თქვენ ჩვენთან ხართ თუ სომხებთან?“

 

წყარო

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ