დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

ხელფასი უფრო სწრაფად იზრდება თუ ფასი? - რეალური და არარეალური სტატისტიკა საქართველოში 17.06.2021 16:06

“საქართველოში ცხოვრება და არსებობა ძვირდება. ბოლო ათწლეულის განმავლობაში, განსაკუთრებით კი პანდემიის პირობებში, ქვეყანაში საგრძნობლად გაზრდილია პროდუქციის ღირებულება. ამ მძიმე ვითარების ფონზე კი, მოსახლეობის მსიდველუნარიანობა იკლებს. გაძვირებული ცხოვრების ფონზე, მოსახლოებას პირველადი მოხმარების პროდუქციის შეძენაც კი ძალიან უჭირს, რაც განსაკუთრებით პანდემიის პირობებში გაძნელდა. თუმცა სამომხმარებლო საქონელი არა მხოლოდ შარშან, არამედ ბოლო ათწლეულია ძვირდება. სტატისტიკოს სოსო არჩვაძის ინფორმაციით, ბოლო 10 წლის განმავლობაში ადგილი ჰქონდა ფასების ზრდას, რამაც თითქმის 44% შეადგინა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ხელფასები უფრო სწრაფად იზრდება თუ ფასები? - რეალური და არარეალური სტატისტიკა / ოჯახების 35-40%-ში ერთი წევრიც კი არ არის, ვინც დაქირავებით შრომით ანაზღაურებას იღებს.


“ბოლო ათი წლის განმავლობაში, საშუალო ხელფასი ნომიალურად გაიზარდა 105.4%-ით, მაგრამ იმავდროულად ადგილი ჰქონდა ფასების ზრდას, დაახლოებით 44%-ით. ამის გამო, ხელფასის მსყიდველუნარიანობა საკმაოდ მოკრძალებულად გაიზარდა და რეალურ განზომილებაში 42.7%-ით. აქ ერთი პრობლემაა, ჩვენ რომ ყველა ოჯახში თითო დაქირავებით დასაქმებული გვყავდეს, მაშინ სოციალური სიმწვავე ხელფასების ზრდის, ნაკლები იქნებოდა, მაგრამ ყოველ 100 ოჯახზე გვყავს მხოლოდ 81 დაქირავებით დასაქმებული, ანუ ოჯახები მეტი გვაქვს, ვიდრე ხელფასის მიმღებთა რაოდენობა. თანაც გასათვალისწინებელია, რომ ზოგიერთ ოჯახში ორი და მეტი დაქირავებით დასაქმებულია. ფაქტობრივად, საქართველოს ოჯახების 35-40%-ში ერთი წევრიც კი არ არის, ვინც დაქირავებით შრომით ანაზღაურებას იღებს და ეს მდგომარეობას კიდევ უფრო ამწვავებს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო არჩვაძე.

 

“სულ ცოტა, ორ მნიშვნელოვან გარემოებას უნდა გავუსვა ხაზი. პირველ რიგში, პანდემიის დროს, მასობრივად შემცირდა სამუშაო ადგილები და ბევრმა ადამიანმა დაკარგა სამსახური. შესაბამისად, მათი მსყიდველუნარიანობა მკვეთრად დაეცა. მართალია, სახელმწიფომ გარკვეული ზომები მიიღო, მაგრამ 200-ლარიანი კონპენსაცია მაინც ძალიან დაშორებული იყო იმ რეალურ შემოსავალს, რასაც დასაქმებული ადამიანები იღებდნენ, თავიანთი შრომითი საქმიანობის პირობებში. მეორე - ვინც საქმიანობა განაგრძო, მათი ხელფასები კი გაიზარდა, მაგრამ მსყიდველუნარიანობა ჩამორჩებოდა ფასების ზრდას. ორი დამამძიმებელი გარემოება მოხდა. ერთი მხრივ, უმუშევრობის ზრდა და სამუშაო ადგილების შემცირდა და მეორე კუთხით, დასაქმებულთა ანაზღაურება ჩამორჩა ინფლაციის ტემპს. ასე რომ, მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობა საგრძნობლად შემცირდა პანდემიის პირობებში. საშუალო ხელფასის მატება კი აბსოლუტურად არასაკმარისი აღმოჩნდა, რათა დაებალანსებინა მომატებული ფასების ეფექტი. ამიტომ მსყიდველუნარიანობა წინა წლის დონეს დაახლოებით, 5-6%-ით ჩამორჩება”, - განმარტავს არჩვაძე.

 

“რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, პანდემიის და რთულ ეკონომიკურ პირობებში ქვეყანაში საშუალო ხელფასის ოდენობამ მოიმატა. ოფიცილური სტატისტიკით დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ყოველთვიური ხელფასი 2021 წლის პირველ კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 4.4%-ით - 1256 ლარამდე გაიზარდა. ნომინალური ზრდის მიუხედავად, ინფლაციის გათვალისწინებით, შრომის რეალური ანაზღაურება შემცირებულია. გასული წლის მარტის 1202 ლარი მსყიდველობითუნარიანობით წლევანდელ 1289 ლარს უთანაბრდება. ყველაზე მაღალი ხელფასი საფინანსო სფეროშია - 2449 ლარი, მას კომუნიკაციის დარგი მოსდევს - 2160 ლარით, სადაც ხელფასები ბოლო ერთ წელიწადში საშუალოდ 14.4%-ით გაიზარდა. პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები 1799 ლარით მესამე ადგილს იკავებს, მშენებლობაში კი შრომის ანაზღაურება 1665 ლარს უტოლდება. ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანა კრიზისს ისედაც მაღალი ინფლაციის შეხვდა და იმ დროს ფასების ზრდა უკვე დაწყებული იყო და ეს პროცესი ახლაც გრძელდება”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“კრიზისის დროს, შემოსავლები იკლებს, თორემ ფასები, როგორც წესი, არ იზრდება, რადგან მოთხოვნა ეცემა. ჩვენ, სამწუხაროდ, ისე მოგვიწია, რომ კრიზისს უკვე მაღალი ინფლაციით შევხვდით, ფასების ზრდა უკვე დაწყებული იყო, რომელიც ახლაც გრძელდება. ამ გარემოებამ, რა თქმა უნდა, დიდი გავლენა მოახდინა მოსახლეობის მსყიდველუნარიანობაზე. ინფლაცია უკვე 2 წელია, იმაზე მაღალია, ვიდრე დაგეგმილია”, - ამბობს ჯანიაშვილი. ქვეყანაში ცხოვრება ახლა იმაზე ძვირი ღირს, ვიდრე წლების წინ. ამაზე გარკვეული გავლენა პანდემიამაც მოახდინა. ეკონომისტი ოთარ აბესაძე ვარაუდობს, რომ 9 წლის განმავლობაში საქართველოში ცხოვრება 100%-ით გაძვირდა. აბესაძე წერს: “ძალიან მარტივად და ადამიანურ ენაზე რომ ავხსნათ: დღეს 2021 წლის ივნისში რა პროდუქტს და მომსახურებასაც შეიძენთ საქართველოში არსებული ოფიციალური საშუალო ხელფასით (1256.2 ლარი) ზუსტად იგივე პროდუქტი და მომსახურება გიჯდებოდათ 2012 წელს - 650 ლარი. 9 წლის განმავლობაში საქართველოში ცხოვრება 100%-ით გაძვირდა”, - დასძენს გამოცემა.

ავტორ(ებ)ი : რეზონანსი

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ