დღე: 27

ღამე: 13

USD 2.6753

EUR 2.8473

რატომ გახდა 2008 წლის ომის დაწყების თარიღი 7 აგვისტო და რატომ ვერ დაიცვა პოზიციები ევროსაბჭოში მაშინდელმა ხელისუფლებამ - ამირან სალუქვაძე 17.06.2021 21:29

ექსპერტი ამირან სალუქვაძე 208 წლის აგვისტოს ომის ცალკეულ ნიუანსებს და ევროსაბჭოს რეზოლუციას განიხილავს და აცხადებს, რომ ეს შეფასება ყველა მოქალაქის მიერ აუცილებლად წასაკითხი და გასააზრებელია:

#1633 რეზოლუციის მომგებიანი და წამგებიანი მხარეები.
პირველ ნაწილში შევაფასებთ რეზოლუციას, მეორეში ექს-ჩინოვნიკების განცხადებებს.
დიდი ხანია ვერიდები ამ შეფასებების გაკეთებას, მაგრამ ექს-ჩინოვნიკები, ჯერ ერთი, წერა-კითხვის უცოდინარებად გვთვლიან, მეორე მხირვ, თავიანთი ქმეშებებით კიდევ უფრო მეტ ზიანს აყენებენ ქვეყანას. ჩემთვის ომი დაიწყო 7 აგვისტომდე. შეგვიძლია ვისაუბროთ აგვისტოს პირველ რიცხვებზე, ან საერთოდ წინა თვეებზე, როცა პირველად გაიხსნა ცეცხლი. ვინ გახსნა, ვინ მოახდინა ომის პროვოცირება, წინა ხელისუფლებამ სათანადოდ არ გამოიძია და მტკიცებულებები არ წარუდგინა არც საზოგადოებას, არც საერთაშორისო თანამეგობრობას. თუმცა, ყველამ ვიცით როგორ მიჰყავდა რუსეთს პროცესები ომისკენ. ეს იყო ადგილობრივი ბანდების შეიარაღება, წვრთნები, პასპორტიზაცია და ა.შ.
თუ მაშინდელ საინფორმაციო გამოშვებებს გავიხსენებთ, პროვოცირებას სეპარატისტები ახდენდნენ. შესაბამისად, ჩვენ ვენდობოდით სახელისუფლებო მედიის მიერ გაშუქებულ ინფორმაციებს და ამ პოზიციაზე ვრჩებით. რატომ ვერ დაიცვა ეს პოზიციები მაშინდელმა ხელისუფლებამ ევროსაბჭოში, კითხვაზე პასუხი მათ უნდა გასცენ.
მოკლედ, ჩვენ როგორც არ უნდა ვამტკიცოთ, #1633 რეზოლუცია ომის დაწყების თარიღად ასახელებს 7 აგვისტოს. განვიხილოთ რეზოლუციის ზოგიერთი მუხლი.
დავიწყოთ მე-4 მუხლით, რომელზეც წინა მთავრობა ამბობს, თითქოს რუსეთისთვის მძიმე არის. ის პირდაპირ ასეთი ფორმულირებით იწყება:
«ასამბლეა აცნობიერებს, რომ თუმცა ომის დაწყება 2008 წლის 7 აგვისტოს მოულოდნელი აღმოჩნდა
ორგანიზაციის წევრთა უმრავლესობისთვის, ის წარმოადგენდა დაძაბულობის მნიშვნელოვანი
ესკალაციის შედეგს.»
ანუ, 7 აგვისტომდე მიმდინარე პროცესები შეფასებულია დაძაბულობად, ხოლო ომის დაწყების თარიღად მიჩნეულია 7 აგვისტო ("ომის დაწყება 2008 წლის 7 აგვისტოს მოულოდნელი აღმოჩნდა").
ამის შემდეგ მე-4 მუხლში ორთავე მხარეს ასეთ რამეს ეუბნებიან:
«არ იქნა გადადგმული ნაბიჯები
დაძაბულობის შემცირებისკენ და ამდენად, სამხედრო ძალის გამოყენება იქცა ერთ-ერთ შესაძლებლობად კონფლიქტის მონაწილე ორივე მხარისათვის.»
არც ეს საჭიროებს ახსნას. რუსეთის და ცხინვალის საზიანოდ ვკითხულობთ, რომ სამშვიდობო ფორმატი ვეღარ ასრულებდა თავის ფუნქციებს და «სამშვიდობო ფორმატის ცვლილება და კონფლიქტის გადაწყვეტის პროცესი, არ იქნა გაზიარებული სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის მიერ.».
რაიმე დამანგრეველს რუსეთისთვის აქ ვერ ვხედავთ, ხოლო რუსეთთან ერთად ჩვენც გვიყენებენ პრეტენზიას, რომ დაძაბულობის მოხსნისთვის ნაბიჯები არ გადავდგით. ნუთუ არ შეიძლებოდა აქ ჩვენი პოზიციების გამყარება?
ახლა გადავიდეთ უკვე ყბადაღებულ მე-5 მუხლზე, რომელსაც გაცილებით მეტ ყურადღებას უთმობენ. თუმცა, მხოლოდ ომის დაწყების ჭრილში. ადრინდელ პოსტებში ეს მუხლი უკვე ავხსენი, განსაკუთრებით სხვა დეტალები, მაგრამ გავიხსენოთ.
მე-5 მუხლი ასე გამოიყურება:
«თუმცა, 2008 წლის 7 აგვისტოს, საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის
გაუფრთხილებლად დაწყებით, ესკალაცია ახალ, კერძოდ ღია და სრულმასშტაბიანი საომარი
მოქმედებების საფეხურზე გადავიდა. მძიმე არტილერიისა და კასეტური ბომბების გამოყენება, რამაც
სერიოზული საფრთხე შეუქმნა სამოქალაქო მოსახლეობას, წარმოადგენდა სამხედრო ძალის
არაპროპორციულ გამოყენებას საქართველოს მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ხდებოდა
მისი ტერიტორიის ფარგლებში და როგორც ასეთი, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და
საქართველოს მიერ აღებული ვალდებულების დარღვევას, კონფლიქტები გადაწყვიტოს მშვიდობიანი
საშუალებებით.»
ავხსნათ ეს მუხლი. მასში გვაბრალებენ:
1. "7 აგვისტოს ცხინვალის, რაღაც კოლონების კი არა, ცხინვალის გაუფრთხილებლად დაბომბვას."
რა ზომები მიიღო ხწლისუფლებამ ამ ფორმულირების შესაცვლელად? შედეგი სახეზეა.
2. "დაბომბვით ესკალაცია ახალ, კერძოდ ღია და სრულმასშტაბიანი საომარი
მოქმედებების საფეხურზე გადავიდა."
ეს ფორმულირება ესკალაციის საომარი მოქმედებების საფეხურზე გადასვლას, ანუ ომში გადაზედას, ჩვენ გვაბრალებს. მხოლოდ ამ ორი ფრაზის გამო, თუ პასუხი არ მოეთხოვებათ, ხმას მაინც არ უნდა იღებდნენ. ესენი კიდევ სალომე ზურაბიშვილს მოღალატედ აცხადებდნენ. თავად კი კენჭი უყარეს ამ რეზოლუციას.
3. "მძიმე არტილერიისა და კასეტური ბომბების გამოყენება, რამაც
სერიოზული საფრთხე შეუქმნა სამოქალაქო მოსახლეობას, წარმოადგენდა სამხედრო ძალის
არაპროპორციულ გამოყენებას საქართველოს მხრიდან."
სამოქალაქო მოსახლეობისთვის საფრთხის შექმნა ეს ერთი პრობლემაა. ვინც ომის კანონებს იცნობთ, გაიგებთ. მაგრამ, არაკონვენციური შეიარაღების, კერძოდ კასეტური ბომბების გამოყენებას რომ სამოქალაქო მოსახლეობისთვის საფრთხის შექმნის კონტექსტში გვაბრალებენ, ამ ფრაზის სიმძიმეს მხოლოდ უტიფარი ან უწიგნური ვერ მიხვდება.
ეს ბრალდება ვერ მართლდება იმ გარემოებით, რომ კონვენციას არ ვიყავით მიერთებულნი. შეიძლება ბირთვული ან ქიმიური იარაღის გამოყენების შეთანხმებიდან გახვიდე, მაგრამ გამოიყენებ?
ასევე გვბრალდება არაპროპორციული ძალის გამოყენება, რასაც რუსეთს ვედავებოდით ხოლმე.
4. "მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ხდებოდა
მისი ტერიტორიის ფარგლებში და როგორც ასეთი, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და
საქართველოს მიერ აღებული ვალდებულების დარღვევას, კონფლიქტები გადაწყვიტოს მშვიდობიანი
საშუალებებით."
ამ ფრაზით ორი რამ გვბრალდება. პირველი, საერთაშორისო ჰუმანიტარული ნორმების დარღვევა. ვინმე ათვითცნობიერებს ამ ფრაზის სიმძიმეს? მეორე, გვბრალდება ვალდებულების დარღვევა, კონფლიქტი გადაგვეწყვიტა მშვიდობიანი გზით.
ამ მუხლით და ფრაზით და მთლიანი მუხლით, წინა ხელისუფლების მესიჯბოქსი ბათილდება ჩვენს ტერიტორიაზე ომს როგორ დავიწყებდითო?! ომის დაწყებასაც უყარეთ კენჭი და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების ვალდებულების დარღვევასაც.
გადავიდეთ შემდეგ მუხლზე.
მუხლი 6.
"იმავდროულად, რუსეთის საპასუხო შეტევამ, მათ შორის ფართომასშტაბიანმა სამხედრო
მოქმედებებმა ცენტრალურ და დასავლეთ საქართველოსა და აფხაზეთში, ასევე ვერ უზრუნველყო
პროპორციულობისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პრინციპების დაცვა და
წარმოადგენდა ევროპის საბჭოს პრინციპების, ისევე როგორც რუსეთის, როგორც წევრი სახელმწიფოს საწესდებო მოვალეობებისა და მიერ მიერ გაწევრიანებისას აღებული განსაკუთრებული
ვალდებულებების დარღვევას. ამან შედეგად მოიტანა საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვანი
ნაწილის ოკუპაცია, ისევე როგორც დარტყმები სახელმწიფოს ეკონომიკურ და სტრატეგიულ
ინფრასტრუქტურაზე, რაც შეიძლება მიჩნეულ იქნეს ან პირდაპირ შეტევად საქართველოს
სუვერენიტეტზე და შესაბამისად, ევროპის საბჭოს წესდების დარღვევად, ან რუსეთის მცდელობად,
გაეფართოებინა საკუთარი გავლენა უახლოესი საზღვარგარეთის სახელმწიფოზე, მის მიერ
გაწევრიანებისას აღებული ვალდებულების დარღვევით, რაც გულისხმობს ამდაგვარ კონცეფციაზე
უარის თქმას."
ამ მუხლშიც ჩვენს წინააღმდეგ მეტია, ვიდრე რუსეთის და საკითხავია, ვინმემ იბრძოლა ამ ფორმულირებების გასაუმჯობესებლად?
ფრაზა "იმავდროულად, რუსეთის საპასუხო შეტევამ" ნიშნავს, რომ რუსეთმა საპასუხო შეტევა განახორციელა. ახსნაც არ სჭირდება, ხომ?
შემდეგი ფრაზა "ასევე ვერ უზრუნველყო
პროპორციულობისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პრინციპების დაცვა" ნიშნავს, რომ საქართველომ ვერ უზრუნველყო პროპორციულობა და ნორმების დაცვა, ასევე რუსეთმაც ვერ უზრუნველყო იგივე. ანუ, რა ბრალსაც რუსეთს უყნებენ, იგივეს გვიყენებენ ჩვენც.
მუხლის მესამე ნაწილშიც კი არაა ჩვენი ინტერესები მკაფიოდ დაცული. რუსეთზე წერენ, რომ დაარღვია საკუთარი ვალდებულებები, მაგრამ არ წერენ ეს იყო ან სუვერენიტეტზე შეტევა, ან რუსეთის მხრიდან გავლენის არეალის გაფართოებაო. აქაც ხომ შეიძლებოდა მოეთხოვათ ცალსახად დაფიქსირებულიყო სუვერენიტეტზე შეტევა?
მუხლი 8.
მე-8 მუხლში ვკითხულობთ ასეთ ფრაზას:
"იმის გამო, რომ ომის დაწყების
გარშემო არსებულ ფაქტებს სადავოდ მიიჩნევს როგორც საქართველოს, ასევე რუსეთის მხარე, ისინი
უნდა იქნეს დადგენილი ობიექტურად, დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიების მიერ."
აი ამ ფრაზით საერთაშორისო გამოძიების დაწყებას კენჭისყრისას ხმა მისცა ჩვეანმა დელეგაციამ. მერე სპეკულირებდნენ ჩვენებს დაკითხვაზე დაიბარებენო.
თანაც აქ წერია, ორთავე მხარე მიიჩნევს სადავოდო და არ მოითხოვეს დაწყების საკითხზე ჩვენს სასარგებლოდ გაკეთებულიყო ჩანაწერები. თუმცა, რაც ზემოთ აღვწერე და ავხსენი, დაწყების და საპასუხო ქმედებების საკითხზე, ჩვენდა სამწუხაროდ, მკაფიო პასუხს სცემს.
ამ ყველაფერს კი მე-8 მუხლში წინ ასეთი ფრაზა უძღვის:
"ასამბლეას სწამს, რომ სიმართლის დადგენა შერიგების წინაპირობაა."
ანუ, ხმა მივეცით სიმართლის დადგენას და შერიგებასაც. რომელ სიმართლეზეა საუბარი, ზოგადად სამართლიანიბაზე, თუ რაზეც შემდეგაა საუბარი, ომის დაწყების საკითხზე? ჰოდა, გავიაზროთ ეს მე-8 მუხლი.
შემდეგ მოდის მე-9 და მე-10 მუხლები, რომლებიც აშკარად ჩვენს სასარგებლოდაა, ეხება ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას, მოუწოდებს უკან წაღებისკენ და ა.შ.
მე-12 მუხლიდან ქვემოთ არის მნიშვნელოვანი ჩანაწერები, შეფასებები, თუმცა უფრო ზოგადი ხასიათის.
მაგრამ, არის ჩვენთვის, თუმცა რუსეთისთვისაც, ძალიან მძიმე მუხლი, რომელშიც თანაბრად ოკუპანტ ქვეყანასთან ერთად, ბრალად გვედება შემდეგი:
მუხლი 11.
"ასამბლეა შეშფოთებულია ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული სამართლის დარღვევის
ფაქტების გამო, რომლებიც ჩადენილ იქნა ორივე მხარის მიერ ომის მიმდინარეობისას, როგორიცაა
მშვიდობიან მოქალაქეთა განზრახი ან გაუფრთხილებლობით გამოწვეული მოკვდინება ან დაჭრა,
ისევე როგორც საკუთრების ხელყოფა. კერძოდ, განურჩეველი ძალისა და შეიარაღების გამოყენება სამოქალაქო ტერიტორიებზე, როგორც საქართველოს, ასევე რუსეთის სამხედრო ძალების მიერ,
შესაძლოა მიჩნეულ იქნეს, როგორც ომის დანაშაულები, რაც საჭიროებს საფუძვლიან გამოძიებას."
ვინც ვერ აღიქვა ეს მუხლი, ავხსნი. ევროსაბჭოს ასამბლეა შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს და რუსეთის მიერ ჰუმანიტარული სამართლის დარღვევის ფაქტების გამო და ასეთ ფაქტებად ასახელებს მშვიდობიანი მოსახლეობის განზრახ ან გაუფრთხილებლობით მოკვდინებას ან დაჭრას, საკუთრების ხელყოფას, განურჩეველი ძალისა და შეიარაღების გამოყენებას საქართველოს ტერიტორიაზე და ამბიბს, რომ ეს ფაქტები შესაძლოა მიჩნეულ იქნას ომის დანაშაულებად(!), რაც, ასამბლეის აზრით, საჭიროებს საფუძვლიან გამოძიებას.
ახლა ვინმემ ამიხსნას, როგორ შეიძლება ეს რეზოლუცია აღქმული და თავზე მოხვეული იქნას, როგორც ჩვენთვის სასარგებლო?
როცა ცდილიბენ ამ, ჩვენთვის საზიანო რეზოლუციის გამართლებას, ამბობენ:
- კომპრომისი იყო საჭიროო. სიცრუეა. ჩვენი ხმების გარეშეც მიიღებდნენ და ოკუპაციასაც ჩაწერდნენ, რადგან ოკუპაცია სახეზე იყო და არის;
- პარტნიორებს სიმართლეს ხომ არ დავუმალავდითო. ჯერ ერთი ესეც სიცრუეა. არსებობს ქვეყნის ინტერესები და საიდუმლოებები. მეორეც, თავის ასეთი გამართლებით აღიარებენ რაც აქ წერია. ანუ, სიმართლე გააგებინეს პარტნიორებს და კენჭიც უყარეს.
ჰოდა, ამ რეზოლუციის, მისი უმძიმესი ჩანაწერების ხმის მიმცემი, ანუ ხელის მომწერი პარტია წლებია სალომე ზურაბიშვილს ამუნათებს და არჩევნების წინ ზიზღის და სიძულვილის ქარცეცხლში გაატარეს.
რითი ასაბუთებენ ამ იერიშებს? რუსეთი გამოიყენებსო. რუსეთი ზურაბიშვილის 1-2 წინადადებას გამოიყენებს და იგივე შინაარსის, ათასჯერ მძიმე ფორმულირებებით სავსე ოფიციალურ საბუთს, ევრისაბჭოს ასამბლეის რეზოლუციას ვერ გამოიყენებენ?
ან იქმებ ის ახსნან. ხელისუფლებაში ყოფნის დროს ომის დაწყების დღედ თვლიდნენ 8 აგვისტოს. ახლა წლებია 7 აგვისტოზე გადმოერთნენ და მიიჩნევენ ომის დაწყების დღედ. რატომ? რა მოხდა 7 აგვისტოს?
ბრბოდ თვლიან ხალხს, თუმცა გასდით, 27% ხომ დააბოლეს?
ამათ ადარდებდათ გავრილოვი? რა აურზაურიც მოაწყვეს, პირველ რიგში რუსეთს და გავრილოვს აწყობდა, რისი დასაბუთებაც ცალკე შემიძლია. მიკვირს იმ დღეებში და შემდგომში ოცნებამ რომ ვერ დაასაბუთა, მაგრამ ისე ააგდეს ხალხი ცრუ ემოციებზე, რომ საწინააღმდეგოს მოსმენა ბევრს დღესაც არ სურს.
ამ ყველაფრის წაკითხვის შემდეგ, ახსნას ვინმემ, როგორ შეიძლება პოლიტიკური პარტიები და პირები, რომლებსაც ბრალი მიუძღვით ამ რეზოლუციის დაშვებაში და მეტიც, ხმა მისცეს ამ ფორმულირებებს, რომლებშიც უმძიმეს დანაშაულებს გვაბრალებენ, პასუხს თუ არ აგებენ, აგრძელებდნენ პოლიტიკურ საქმიანობას და დღემდე არყევდნენ ქვეყანას, მის პოლიტიკურ სისტემას და იყვნენ მუდმივი საბოტაჟის რეჟიმში?!

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ