დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

აშილ მიურატი, დავით დადიანისა და ეკატერინე ჭავჭავაძის ქალიშვილის, სალომე დადიანის მეუღლე 18.06.2021 01:24

Tamri Zukhbaia

 

 

 

აშილ მიურატი, დავით დადიანისა და ეკატერინე ჭავჭავაძის ქალიშვილის, სალომე დადიანის მეუღლე.

 

 

აშილ მიურატი ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ნიუ-ჯერსიში დაიბადა 1847 წელს. იგი ლუსიენ მიურატისა (1803-1878) და მისი ამერიკელი მეუღლის, ქეროლაინ ჯორჯიანა ფრეიზერის (1810-1879), ვაჟი გახლდათ. მას წარმოსადეგ, ქერა, კეთილ და კარგად აღზრდილ ახალგაზრდად ახასიათებდნენ. მიუხედავად ამერიკული წარმოშობისა, აშილი უფრო პარიზელს ჰგავდა, ვიდრე ამერიკელს. სამხედრო ინსტიტუტში განათლების მიღების შემდეგ იგი საფრანგეთის არმიაში ლეიტენანტად გაამწესეს. აშილს მეტად წარმატებული სამხედრო კარიერა ჰქონდა. 1867 წელს პირველად დაჯილდოვდა. 1869 წლის იანვარში, შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ, აშილი გაიწვიეს ალჟირში, სადაც წაიყვანა სალომეც. სალომე დადიანსა და აშილ მიურატს პირველი ვაჟიშვილი, ლუსიენ შარლ დავითი, მუსტაფაში (ალჟირი) შეეძინათ 1870 წელს. 1870 წელს, საფრანგეთ-პრუსიის ომის დაწყებისთანავე, აშილ მიურატს, როგორც საფრანგეთის იმპერატორის, ნაპოლეონ III-ის ადიუტანტს, სასწრაფოდ გამოუძახეს სამშობლოში. მოვლენები ელვისებური სისწრაფით განვითარდა: ნაპოლეონი და აშილი ტყვედ ჩავარდნენ, საფრანგეთის პარლამენტმა კი, მონარქია გაუქმებულად გამოაცხადა.
ამის შემდეგ პრინცმა გადაწყვიტა ჩამოშორებოდა პოლიტიკას. 1873 წელს აშილი და სალომე სამეგრელოში წამოვიდნენ. ეკატერინე ჭავჭავაძემ დედოფლურად მიიღო სიძე. სალომე და აშილი ზუგდიდში, დადიანების საცხოვრებელი კომპლექსის ერთ-ერთ ლამაზ ხის სასახლეში დასახლდნენ. სალომე „პრინცესა სალომე მიურატად“ იწოდებოდა. სალომე დადიანს ორი ძმა ჰყავდა, ნიკოლოზი და ანდრია. მათ მემკვიდრეები არ დარჩენიათ, ამიტომ, დადიანების მემკვიდრეობა სალომეს შთამომავლობას გადაეცათ. ეკატერინე ჭავჭავაძის გარდაცვალების შემდეგ რამდენიმე სოფელი სალომეს ერგო, უმთავრესად კი მდინარე ტეხურის მარცხენა ნაწილი, რომლის ცენტრიც სალხინო იყო.
აშილმა მამულებში დიდებული მეურნეობა მოაწყო, სამეწარმეო საქმიანობაში ჩაერთო, მათ შორის ღვინის წარმოებაშიც. მან საფრანგეთიდან გამოიწერა სხვადასხვა ვაზის ჯიშები და სამეგრელოში მოაშენა. ამავდროულად, სამეგრელოს ადგილობრივი სახელგანთქმული ჯიშის, ოჯალეშის, სისტემატური კულტივირებაც დაიწყო, რომელიც იმ დროს კომერციული მიზნით აღარ იწარმოებოდა და გადაშენების გზაზე იდგა. აშილი შესანიშნავ ღვინოებს ამზადებდა და ევროპაშიც წარმატებით გაჰქონდა. აშილ მიურატს სოფელ სალხინოში დამზადებული ღვინო “ოჯალეში” გაუგზავნია პარიზში საერთაშორისო დეგუსტაცია-კონკურსზე, სადაც იგი უმაღლესი ჯილდოთი “გრან-პრი”-თი დაუჯილდოებიათ. “დროება” წერდა, რომ მიურატის აქ ყოფნამ ჩვენებურ ხალხს სარგებლობა მოუტანაო.
მიურატი ქართველობას ხიბლავდა თავისი თავმდაბლობითა და უბრალოებით. მეგრელები, რომელთაც ბატონყმობის უღელი ჯერ კიდევ კარგად ახსოვდათ, გაოცებულნი იყვნენ იმით, რომ აშილ მიურატი, სამეფო ოჯახის წარმომადგენელი, მოსამსახურეებსა და გლეხებთან გვერდიგვერდ ესოდენ დიდი ენთუზიაზმით შრომობდა. იგი გლეხებთან ერთად დღედაღამ ბარავდა, თოხნიდა და მოსავალს უვლიდა, მათთან ერთად ნადირობდა, ყველანაირად ცდილობდა დაბალი ფენის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას, აარსებდა სკოლებსა და აფთიაქებს, გაჰყავდა გზები, უხვად აჯილდოვებდა ღარიბ ოჯახებს.
თვითონ სალომეც არაორდინალური პიროვნება იყო: არსებობდნენ თვითმხილველებიც, რომლებსაც ახსოვდათ თუ როგორ გაჰქონდა მთავრის ასულს თავის მამულში მოყვანილი პროდუქტი ბაზარში და დახლის თავში დგებოდა. ამით ყველას მიანიშნებდა, რომ ვაჭრობა სირცხვილი არ იყო. სალომე დადიანის და აშილ მიურატის დამსახურებაა, რომ ზუგდიდის მაზრის სამღვდელოებას მიეცა უფლება გაეხსნა ქალთა ორკლასიანი სასწავლო დაწესებულება და მას სამი წლის ვადით დაუთმეს ერთ-ერთი თავისი სახლი.
აშილ მიურატს ზუგდიდში ჰქონდა კანცელარია, ჰყავდა საქმეთა მმართველი _ ინტენდანტი. პირველ ხანებში ეს თანამდებობა ეკავა ფრანგ კლოდ რიბოს, შემდეგ ასევე ფრანგ სკრიბუნასს, უფრო მოგვიანებით, ადგილობრივ აზნაურს, მიხა დარასელიას. პრინცს მათი ხელშეწყობით უწყვეტი კონტაქტები და მიწერ-მოწერა ჰქონდა საფრანგეთთან. იგი გამუდმებით ადევნებდა თვალს საფრანგეთში მიმდინარე მოვლენებს, მაგრამ იქ საცხოვრებლად აღარ დაბრუნებულა. მიურატი საქართველოში თითქოს მშვენივრად მოეწყო და თავს ლაღად გრძნობდა, მაგრამ როგორც ჩანს, დიდებულ ფრანგს ნოსტალგია არ ასვენებდა. დაკარგული ძალუფლება და ქონება ხშირი დეპრესიების საბაბი იყო და აი, 1895 წელს, მისი თვითმკვლელობის ამბავი მთელ საქართველოს მოედო _ ხალხში ხმა დაირხა, რომ თითქოს სალომეს ბანკში დაუზღვევია ზუგდიდის წაბლის ხის ოცდაოთხოთახიანი სასახლე, ავეჯი გამოუტანია და დაზღვევის ფულის მისაკუთრების მიზნით სასახლე ცეცხლისათვის მიუცია. ცნობა ამის შესახებ გაზეთებში გაიპარა, რაც თავმოყვარე პრინცმა ვერ აიტანა და ღირსებაშელახულმა სამშობლოდან შორს, სოფელ ჭკადუაშში მოიკლა თავი. ოფიციალური ვერსიით კი, აშილ მიურატი ტვინში სისხლის ჩაქცევით გარდაიცვალა.
პრინცის დაკრძალვა სამეგრელოში საერთო_სახალხო გლოვად იქცა. მრავალი მისი თანამემამულე ჩამოვიდა საფრანგეთიდან, რათა აშილს გამოსთხოვებოდა. მის გასვენებას ესწრებოდნენ: გრაფი ალექსანდრე ოლდენბურგი, გურია_სამეგრელოს მღვდელთმთავარი გრიგოლი, “უბრწყინვალესი თავადი” ნიკო დადიანი, ტფილისის გუბერნატორი, აშილის ძმა პრინცი იოაჰიმ მიურატი, ზუგდიდის მაზრის თავადაზნაურთა წინამძღოლი, წარჩინებული თავადაზნაურობა, ადგილობრივი ადმინისტრაციის მოხელენი, ვაჭრები და სხვანი.
გამოსამშვიდებელი სიტყვა კათოლიკე პადრემ, ა. ვერმიშევმა წარმოსთქვა, რომელშიც ნათლად იკვეთება პრინც აშილის როგორც პიროვნული თვისებები, ასევე მისი საზოგადოებრივი მოღვაწეობის მნიშვნელობა:
“მე, როგორც ერთ შვილთაგანს კავკასიისა ზნეობრივი ვალი მაქვს უკანასკნელი გამოთხოვების წამს გითხრა ორიოდე გულწრფელი სიტყვა, რადგან შენ დიდი ღვაწლი მიგიძღვის კავკასიის ერთი კუთხის სამეგრელოსადმი. არ შევუდგები იმის განხილვას, თუ როგორი წარჩინებულნი იყვნენ შენნი წინაპარნი, რადგან ეს, ვინც ცოტაოდენ მაინც იცის საფრანგეთის ისტორია, ძალიან კარგად უწყის. არც შევეხები თუ როგორი ოჯახის კაცი იყავი, ესეც კარგად იცის ყველამ, ვინც კი დაახლოებით გიცნობდა. მე მსურს საზოგადოების ყურადღება მივაქციო იმ დარგს, იმ ნაწილს შენი მოღვაწობისას, რომელიც სასარგებლო და ნაყოფიერი იყო ჩვენის ქვეყნისათვის. 17 წელი დაყავი შენ სამეგრელოში და ამ ხნის განმავლობაში, ერთი საათიც არ გაგიცდენია უსაქმოდ, როგორც უბრალო მუშა, შენ გამოდიოდი სამუშაოდ, თვითონ ბარავდი, ხნავდი და ჰრგავდი და იმისათვის კი არა, რომ შენ არ შეგეძლო საჭირო მუშების დაქირავება, არამედ ამით გსურდა ჩვენის ხალხისათვის გეჩვენებინა კარგი მაგალითი, გესწავლებინა, თუ როგორ უნდა ცხოვრება, მართლაც ბევრმა წაგბაძა და მიჰყო ხელი მუშაობას. აი, ეს ადგილები, რომელსაც ჩვენ თვალწინ ვხედავთ, რამდენიმე წლის წინად მოფენილი ბუჩქნარითა, წნორითა და ტყითა. დღეს აქ გაშენებულნი არიან ვაზის პლანტაციები, შენმა დაუცხრომელმა მხნეობამ, დაუღალავმა შრომამ, ბუჩქნარები ნაყოფის მომცემ ზვრებად აქცია. ეს მხოლოდ მცირედი ნაწილია შენის მოღვაწეობისა, მიუხედავად იმისა, რომ განათლებულს დასავლეთ ევროპას ჩვენ გვაშორებენ უძირო ზღვანი, ზამთარ-ზაფხულობით თოვლით მოსილნი მთები, შენ გსურდა სამეგრელოსა და ევროპის შუა გაგეკეთებინა ხიდი, გაგება შემაერთებელი ძაფი, რომლის საშუალებითაც ჩვენ შეგვეძლებოდა დასავლეთ-ევროპის გაცნობა, მისდა წახედვით ჩვენც დაგვეწყო მუშაობა და მიგვეღო სწავლა-განათლება. ეს სურვილი ცოტაოდენ კიდეც მოიყვანე აღსრულებაში. ახლა საფრანგეთი კარგად იცნობს სამეგრელოს და ჩვენ ვიცით, თუ როგორი განათლებული და შრომისმოყვარე ქვეყანა არის საფრანგეთი, ვინ იცის, რომ დაგცლოდა შენი განზრახვა სრულად განგეხორციელებინა, მაგრამ უდროოდ მოშორდი ამ ქვეყანას და საგანს სავსებით ვერ მიაღწიე”.
პრინცი აშილი იქვე, ჭკადუაშის დაუმთავრებელი კათოლიკური ეკლესიის ეზოში, საგანგებოდ მოწყობილ აკლდამაში დაკრძალეს. “აშილ მიურატის საფლავი, ეკლესიის გვერდითაა, ირგვლივ ლურჯი ჰორტენზია ჰყვავის, ჩიტის ბუდეებით. მის წინ თვალუწვდენელი ჰორიზონტი იშლება, პრინცის ქვრივი ხშირად დადის იქ სალოცავად”_წერდა მეოცე საუკუნის დასაწყისში ფრანგი მწერალი და პოეტესა, ქალბატონი დუშეს დე როანი. მრავალი წლის მანძილზე ხალხი პატივს მიაგებდა მის ხსოვნას, ასუფთავებდა მისი საფლავის ქვას და მის გარშემო ჰორტენზიებს რგავდა. მაგრამ საფლავს პრინცივით ტრაგიკული ბედი ჰქონდა _ ჯერ დაიწვა, საბჭოთა პერიოდში კი გაიძარცვა. 1964 წელს, აქ ჯერ კიდევ იყო შემორჩენილი მარმარილოს სარკოფაგი, თუმცა 1975 წელს, ისტორიული რელიკვია ქალაქის აღმასკომმა გაუგებარი მიზეზით შეცვალა ყოვლად უსახური, უზარმაზარი ქვის ლოდით.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ