დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6728

EUR 2.8532

"ნუ გიო, ნუ წახვალ, გთხოვ..." - გიორგი შაქარაშვილის დედის ემოციური პოსტი 18.06.2021 14:30

 

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობიდან 1 წელი გავიდა. 19 წლის ფეხბურთელი,  2020 წლის 18 ივნისს გაუჩინარდა .

შაქარაშვილის დედა, თამუნა შალვაშვილი, "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე შვილის შესახებ ემოციურ ჩანახატს აზიარებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

 

„-გიო, ხვალ მე თუ შენ?

 

-მე!

-თუ შენ, მაშინ მე გამომყევი, არავითარი სალონი, არავითარი იუბილე, მე და შენ მივდივართ სასამართლოში.

-ასეთი კატეგორიულიც ნუ იქნები, დაბადების დღეზე მელოდებიან.

-ნუ გიო, ნუ წახვალ, გთხოვ...

-დილას შენს საქმეზე წავიდეთ, შენ დაბეჯითებით და მტკიცედ ისაუბრე, ისე, როგორც იცი, სამართლიანად და შეუპოვრად. მე კი გვერდით გედგები უხილავად და გაგამხნევებ.

-ეგ კი, მაგრამ საღამოს?

-ნუ დაიჟინებ, სულ ცოტა ხნით გავქროლდები ქალაქგარეთ, ერთ გოგონას ოქროს იუბილედან ახალ ათვლას მივულოცავ და მალე წამოვალ.

-აღარ აღნიშნავს ის გოგონა დაბადების დღეს, გადაიფიქრა.

-შენ რა იცი?

-არა, არ ვიცი, მაგრამ იოტისოდენა თანაგრძნობის უნარი რომ გააჩნდეს, საკუთარი დაბადების დღე ყოველ წელს ძაძით უნდა შემოსოს!

-შენ რომ ასეთი არ ხარ, არც მსგავსი რამ რომ არ წამოგცდენია არასდროს, ახლა რა დაგემართა?

-რა და, რასაც ვგრძნობ და ვფიქრობ, იმას ვამბობ!

-მერე რატომ ფიქრობ ასე მკაცრად და სასტიკად?

-ალბათ გინდოდა გეთქვა, დამსახურებულად...

-კარგი, ნუ ჩაუღრმავდები ასე...

გადავიფიქრე, აღარ მივდივარ.

-რა კარგია, გადარჩები...

-კარგი, ვთქვათ მე გადავრჩი, სხვა?

იგივე გზაზე, იგივე ღამეს, იგივე ხალხის პირისპირ...

-შენ არა, მაშინ მე...

პ. ს.

-ჰმ, მე სად წავიდე?..

-შენ მიშოს მიულოცე, ხვალ მისი დაბადების დღე არის, ოცი წლის იუბილე. შენკენ სავალი გზის ძებნაში მასაც ხომ შემოაღამდა...

-მიშო ისედაც სულ ჩემთან არის, წამითაც არ ვიშორებ გვერდიდან...

-შარშან ერთად რომ წასულიყავით, ნეტავ რა და როგორ იქნებოდა, გიო?..

-იგივე, რაც დღეს...

 

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 2020 წლის 19 ივნისს მიმართა.

 

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შემდეგ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი, მდინარე არაგვში იპოვეს.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 ადამიანი დააკავა.

 

10 ივლისს, გენერალურმა პროკურატურამ გაასაჯაროვა ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

 

დასკვნაში ასევე წერია, რომ სხეულის დაზიანებები მიყენებული აქვს სიცოცხლეში.

 

ამასთან, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობდა.

 

16 მარტს მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული არასრულწლოვნების ზ.ხ.-სა და ა.ქ.-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და მათ 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსიდან გამომდინარე, მათ სასჯელი ერთი მეოთხედით შეუმცირდათ. საბოლოოდ, ისინი პენიტენციურ დაწესებულებაში 10 წელსა 6 თვეს გაატარებენ.

 

9 მარტს კი, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული ხუთივე პირი: არჩილ გაგნიძე, ნიკოლოზ რევაზიშვილი, ვახტანგ ჩიქოვანი, ზ.ხ. და ა.ქ. დამნაშავედ ცნო. სრულწლოვან ბრალდებულებს 16-16-წლიანი სასჯელი მიესაჯათ.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ