აშშ-მა უკრაინისთვის განკუთვნილი 100 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების გეგმა შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „პოლიტიკო“ ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ გეგმა თავდაპირველად უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარების მობილიზაციის საპასუხოდ შეიქმნა და სამხედრო დახმარების პაკეტი უკრაინისთვის ლეტალური შეიარაღების მიწოდებასაც ითვალისწინებდა.
„პოლიტიკოს“ ინფორმაციით, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წევრებმა გეგმა შეაჩერეს მას შემდეგ, რაც რუსეთმა განაცხადა, რომ უკრაინის საზღვრის მახლობლად მყოფ ჯარისკაცებს გაიყვანდა. ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, პაკეტი კვლავ უცვლელი რჩება და უკრაინაში მისი სწრაფი გაგზავნა შესაძლებელია.
სამხედრო დახმარების პაკეტით უკრაინისთვის მოკლე მანძილზე მოქმედი საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღების მიწოდება იყო განსაზღვრული.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge