19.06.2021 21:52
სოსო მანჯავიძის პოსტი:
ისე, დიდი მაკვარანცხი ხალხი ვართ ქართველები.
ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველებმა 3 ოქრო (აქედან აბულაძე რუსეთის სახელით გამოდიოდა, შერაზადაშვილი -ესპანეთის, მხოლოდ შავდათუაშვილი წარსდგა საქართველოს სახელით), ერთი ვერცხლი და ორი ბრინჯაო აიღეს.
ეს ფენომენალური შედეგი კიდევ უფრო საოცარია, თუ გავითვალისწინებთ ჭიდაობის ამ სახეობის პოპულარობას ჩვენზე გაცილებით დიდ და მდიდარ ქვეყნებში
არანაკლებად საოცარია თავისუფალი, კლასიკური თუ სამბოში მოჭიდავეთა წარმატებები, მარტო გენო პეტრიაშვილი რად ღირს.
ლაშა ტალახაძე მსოფლიოს უძლერესი მამაკაცი რომაა საყოველთაოდ ცნობილია, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ პლანეტის უძლიერეს ადამიანად ასევე ითვლება ქართველ ხალკად წოდებული ლევან საღინაშვილი.
ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა, ლამის ცალი მუხლით მოახერხა და ოძეკის წოდება მოიპოვა.
ქართველი მკლავჭიდელები ყველა შეჯიბრში გუნდურ პირველობას არ თმობენ.
ქართული რაგბის შესახებ ვიტყვი, რომ რაგბის წამყვან ქვეყნებში იმდენი ლიცენზირებული მსაჯი ჰყავთ, რამდენიც ჩვენთან რაგბიში ვარჯიშობს და ამ დროს ნაწყენები ვართ, რომ ექვს ერში არ გვიღებენ.
გვყავს არაჩვეულებრივი, კალათბურთელები, ფეხბურთელები, წყალბურთელები, ჩოგბურთელები.
ყველას ვერ ჩამოვთვლი.
მთელი საუკუნე ქართველი ქალები მსოფლიოში უძლიერესები იყვნენ ჭადრაკში და ახლაც არავის უდებენ ტოლს.
ამ ობიექტური მონაცემების მიხედვით საქართველო თამამად შეიძლება იწოდებოდეს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი მამაკაცებისა და ყველაზე ჭკვიანი ქალების ქვეყნად.
და ეს მაშინ, როდესაც ქვეყანამ 30 წელიწადში დაკარგა მოსახლეობის მესამედი, ხოლო ერთ სპორტსმენზე ათი ნარკომანი მოდის.
აქ არაფერს ვიტყვი ჩვენს ხელოვანებზე და მეცნიერებზე, უამრავ ნიჭიერ და შემოქმედ ადამიანზე რომლებიც მთელს მსოფლიოში არიან გაფანტულები.
იგივე სურათია, სრულიად შეუსაბამოა მათი პროპორცია მოსახლეობის რიცხვთან.
ასე, რომ, ზოგიერთი საკუთარი ქვეყნის მაგინებელი და მლანძღველი კარგად დაფიქრდეს, სანამ რამეს იტყვის.
მარტო ცუდს ის ხედავს, ვისაც კარგის დანახვა არც უნდა და არც სიამოვნებს პირადი პრობლემების გამო, რომლებსაც ხშირად საერთო პრობლემებზე ჭმუნვად ასაღებს.